”ევროპული სკოლა” სამეცნიერო პიკნიკზე

”ევროპულმა სკოლამ” 30 სექტემბერს მონაწილეობა მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  სამეცნიერო პიკნიკში, რომელიც მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა.

”ევროპული სკოლა” ეს ის ადგილია, სადაც მეცნიერების, საინჟინრო ტექნოლოგიების როლს უკეთესი მომავლის შექმნის გზაზე , კარგად აცნობიერებენ მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც, ეს ის სკოლაა, სადაც უკვე მეორე წელია დაინერგა STEM პროგრამა,  ამდენად სამეცნიერო პიკნიკში ჩართვის იდეას ენთუზიაზმით მოეკიდა  სკოლის მთელი საზოგადოება, განსაკუთრებით კი მეცნიერების, ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის წევრები, ”რობოტიკსის” კლუბი და მათი აღსაზრდელები.

”ევროპული სკოლის” კარავი სამეცნიერო პიკნიკზე მრავალფეროვანი პროგრამით იზიდავდა დამთვალიერებელს.  აქ ნახავდით მოსწავლეთა მიერ შექმნილ კომპიუტერულ თამაშებს, პროგრამირებად რობოტებს,  3 კალმით შექმნიდით სივრცულ ფიგურებს, დაგეხმარებოდნენ ქაღალდისა და პენოპლასტისაგან  აეროპლანის გაკეთებაში, მიკროსკოპით დაათვალიერებდით ერთუჯრედიან ორგანიზმებს, ნორჩი ქიმიკოსები თხევად აზოტში გაყინული ბურბუშელით გაგიმასპინძლდებოდნენ, ხელოვნური სისხლით ჭრილობის იმიტაციას გაგიკეთებდნენ და ცეცხლსაც კი წაგიკიდებდნენ შიშველ ხელებზე ისე, დამწვრობა რომ არ მიგეღოთ. და ბოლოს, ამ ყველაფერს ალამაზებდა  ”სელფის”  გადაღება ”ევროპული სკოლის”  ბუშტებით ხელდამშვენებულ მეცნიერ კაცუნასთან.

Share on: