დირექტორის მისალმება

ძვირფასო ბავშვებო, პატივცემულო კოლეგებო, მშობლებო!

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება “ევროპულ სკოლაში” – საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ საერთაშორისო სკოლაში, რომელიც მოსწავლეებს სთავაზობს საუკეთესო განათლებას მზრუნველობითა და აკადემიური გამოწვევებით აღსავსე გარემოში. სკოლამ დაარსებიდან, 2007 წლიდან, დღემდე გაიარა უწყვეტი განვითარების გზა, რათა დამკვიდრებულიყო საერთაშორისო სკოლად, სადაც მოსწავლეები მულტიკულტურულ გარემოში სწავლობენ განსხვავებული შეხედულებების მიმღებლობას, ტოლერანტობას, უყალიბდებათ რეალური წარმოდგენა მსოფლიოს შესახებ და ამით იღებენ მდიდარ გამოცდილებას, რაც, საბოლოო ჯამში, ეხმარებათ, გახდნენ გლობალურად მოაზროვნე მოქალაქეები.
“ევროპულ სკოლაში” არსებულ სამივე პროგრამაში: ქართული პროგრამა, საერთაშორისო ბაკალვრიატის პროგრამები, ამერიკული უმაღლესი სკოლა – ერთნაირი სულისკვეთება შეიმჩნევა – ყველგან იგრძნობა სწრაფვა წარმატებისკენ. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, მივცეთ მოსწავლეებს არა მარტო საუკეთესო აკადემიური შედეგების მიღწევის შესაძლებლობა, არამედ განვუვითაროთ ის ფუნდამენტური უნარები და მიდგომა, რომლებიც მათ მუდამ დაეხმარება წინსვლაში. ჩვენი მიზანი არ გახლავთ მხოლოდ მოსწავლეთა მომზადება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად, ჩვენ ვცდილობთ, მათ მთელი ცხოვრების მანძილზე ცოდნის დაუფლების ჩაუქრობელი სურვილი და მსოფლიოს შეცნობის ინტერესი ჩავუნერგოთ.
ჩვენს მოსწავლეებს შინაარსიანი ცხოვრება აქვთ. საკლასო სივრცესა თუ სკოლის კედლებს გარეთ მათ უამრავი შესაძლებლობა ეძლევათ, შეიცნონ და მაქსიმალურად განივითარონ საკუთარი ნიჭი და უნარი.
ჩვენი სტრატეგია – მუდმივად გავაუმჯობესოთ ჩვენი შემოთავაზებები, სკოლის წინსვლის წინაპირობაა. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ, ვაზიაროთ მოსწავლეები ინოვაციებს. ამ ეტაპზე დიდ ძალისხმევას ვხარჯავთ სკოლაში STEAM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ხელოვნება და მათემატიკა) პროგრამის დასანერგად, რომელიც მოსწავლეებს მისცემს დამატებით შესაძლებლობას, გახდნენ შემოქმედებითნი, შეიძინონ ინოვაციური ხედვა, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა, ეძებონ პასუხები შეკითხვებზე, გადაჭრან პრობლემები და განივითარონ 21-ე საუკუნის დამსაქმებლების მიერ მოთხოვნადი უნარები.
მე, როგორც “ევროპული სკოლის“ აკადემიურ დირექტორს, დიდი იმედი მაქვს ჩვენი თანამშრომლებისა და მოსწავლეებისა. მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან აქტიური თანამშრომლობით ჩვენ შესაძლებელს გავხდით, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა იცხოვრონ შთაბეჭდილებებით მდიდარი, ბედნიერი, სრულყოფილი ცხოვრებით და თავიანთი წვლილი შეიტანონ სკოლის, ქვეყნისა და მსოფლიოს განვითარებაში.

სოფიო ბაზაძე

ევროპული სკოლის აკადემიური დირექტორი