დეპარტამენტები

ქართული ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტის საქმიანობა ეფუძნება ეროვნული და საერთაშორისო განათლების პრიორიტეტებს, რომელთა პარიტეტი და გონივრული სინთეზი განაპირობებს თანამედროვე სტანდარტებისა და უახლესი გამოწვევების შესაბამის განათლებას მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლების მიმართულებით.
მისი მიზანია მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლების კონცეფციის მუდმივი განახლება, უწყვეტი განათლების სტანდარტების შემუშავება და მათი დანერგვა. დეპარტამენტი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების გუნდი, როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო პროგრამების სწავლების გამოცდილებით, უზრუნველყოფს სწავლების ხარისხის ამაღლებას, სკოლაში არსებული განსხვავებული საგანმანათლებლო პროგრამების შერწყმასა და უნივერსალიზაციას მთავარი სტრატეგიული კონცეფციის შესაბამისად.
მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლება ხელს უწყობს მოზარდის აღზრდას ეროვნული ცნობიერებით, სახელმწიფოებრივი თვითშეგნებითა და იმ აუცილებელი უნარებით, რომლებიც საშუალებას მისცემს, გაიაზროს:
ა) მშობლიური ენა, როგორც იდენტობის გამოხატულება;
ბ) მშობლიური ლიტერატურა და ზოგადად ლიტერატურა, როგორც მრავალი ნიშნით განსხვავებული ადამიანების ღირებულებებისა და ფასეულობების გაცნობა-გაზიარების საშუალება;
გ)ეროვნული ფასეულობები, როგორც შემადგენელი ნაწილი ზოგადსაკაცობრიო კულტურისა.
ქართული ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტის მიზანია ხელი შეუწყოს თანამედროვე სამყაროსთან ადაპტირებული მოქალაქის აღზრდას, რომელიც შეძლებს საკუთარი იდენტობის დაცვით გახდეს მუდმივად ცვალებადი და განვითარებადი სამყაროს ღირსეული წევრი.
უცხოური ენების დეპარტამენტის პრიორიტეტია პლურილიგვური კომპეტენციის განვითარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად განაპირობებს მულტიკულტურულ სამყაროში სწორ ორიენტაციასა და მისი მთლიანობის აღქმას. ენების სწავლების პროცესი ორიენტირებულია მოსწავლეზე და მათი პიროვნული თუ ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით წარიმართება.
უცხოური ენების დეპარტამენტი ზრუნავს:
ა) მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ დადებითი დამოკიდებულება შესასწავლი ენებისადმი (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული, ესპანური);
ბ) მათთვის ადვილად აღსაქმელი გახდეს განსხვავებულ ენებს შორის არსებული კანონზიმიერებები და კულტურათაშორისი მსგავსება – განსხვავებები, რომელთა გაანალიზების საფუძველზე შეიქმნიან სწორ დამოკიდებულებას;
გ) უცხოური ენა მოსწავლეთა მიერ გააზრებულ იქნას, როგორც შემეცნების, თვითგამოხატვისა და სხვა კულტურის წარმომადგენლებთან წარმატებული კომუნიკაციის საშუალება.
უცხოური ენების დეპარტამენტის მიზანია თანმაშრომლობითი, შემოქმედებითი და უსაფრთხო სასწავლო სივრცის შექმნა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მოსწავლეებს შეისწავლონ ენა არა მხოლოდ სტრუქტურის დონეზე, არამედ დაინახონ ის ინტერკულტურულ ჭრილში. სწავლების პროცესში მოსწავლეებს უყალიბდებათ ენის დამოუკიდებლად შესწავლის, საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით არჩევანის გაკეთების, გადაწყვეტილების მიღებისა და თვითრეფლექსიის უნარი, რაც, თავის მხრივ, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტი აერთიანებს სამ მიმართულებას: ფიზიკას, ბიოლოგიასა და ქიმიას. ის უზრუნველყოფს დინამიურ, მოსწავლეზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო პროცესს, ხელს უწყობს სწავლის ხარისხის ამაღლებას თანამედროვე პედაგოგიური მიდგომებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. უახლესი სტანდარტების შესაბამის ლაბორატორიებში მოსწავლეეებს საშუალება ეძლევათ, ჩაერთონ ინდივიდუალურ სამეცნიერო კვლევებში და შექმნან საკუთარი პროექტები, რომლებიც გაუადვილებთ მათ ღირსეულად გაართვან თავი სწრაფად ცვალებადი სამყაროს გამოწვევებს, იყვნენ პასუხისმგებლიანი, ინტელექტუალური ადამიანები.
დეპარტამენტისმიზანია:
ა) გამოუმუშავოს მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების უნარი;
ბ)ასწავლოს სამეცნიერო მონაცემების მოძიება, ჰიპოთეზის ჩამოყალიბება, ექსპერიმენტის დაგეგმვა და ჩატარება;
გ) განუვითაროს სამეცნიერო ინფორმაციის ანალიზისა და შეფასების უნარი;
დ)შესძინოს მიღებული ცოდნის გამოყენებისა და თანამშრომლობის უნარ-ჩვევები;
ე)ჩამოუყალიბოს თვითშეფასების, თვითკონტროლისა და განსხვავებული აზრის მოსმენის უნარი, რათა შეძლოს საზოგადოებაში ინტეგრირება.

საზოგადოებრივი მეცნიერებების დეპარტამენტის საქმიანობა ეფუძნება ეროვნული და საერთაშორისო ბაკალავრიატის განათლების პრიორიტეტებს და ემსახურება საერთაშორისო ცნობიერების ამაღლებას მოსწავლეებში.
მულტიკულტურულ გარემოში სწავლა-სწავლება უნდა შეესაბამებოდეს, როგორც იმ კულტურას, რომელშიც მოსწავლე ცხოვრობს, ასევე გარემომცველი სამყაროს მრავალფეროვან, განსხვავებულ კულტურასაც. სწორედ ამიტომ მნიშველოვანია იმის გააზრება, რომ სწრაფად ცვალებად გარემოში დიდი მნიშვნელობა აქვს ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღებას, რადგან სამეცნიერო აღმოჩენების, ეკონომიკური სიახლეებისა და კულტურის განვითარების კვალდაკვალ იცვლება თავად მიდგომა ცოდნის მიღებისა და მისი გამოყენებისადმი. თანამედროვე ადამიანი მზად უნდა იყოს განაახლოს თავისი ცოდნა იმ გამოწვევების ფონზე, რომლებსაც მსოფლიო პროგრესი განაპირობებს.
საზოგადოებრივი მეცნიერებების დეპარტამენტი ხელს უწყობს მოსწავლეს იმ ცოდნისა და უნარების შეძენაში, რომლებიც აუცილებელია თავისუფალ პიროვნებად და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებისათვის. დეპარტამენტის საქმიანობა მთლიანად ორიენტირებულია სწავლა-სწავლების მაღალი დონის უზრუნველყოფაზე, სამოქალაქო ცნობიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის განვითარებაზე.
ისტორიისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება მოსწავლეს უვითარებს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრების უნარს. მოსწავლეები ეჩვევიან კრიტიკულ აზროვნებას, სწავლობენ და აკვირდებიან ადამიანების გამოცდილებასა და ქცევას მათი ფიზიკური, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური გარემოს გათვალისწინებით. ისინი ეცნობიან სოციალური და კულტურული ინსტიტუტების ისტორიასა და განვითარებას.
ისტორიისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების დეპარტამენტის მიზანია, მოსწავლეს ხელი შეუწყოს საკუთარი შესაძლებლობების უწყვეტ განვითარებასა და მათ მაქსიმალურ რეალიზებაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთაც. ის უნდა იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე.

მათემატიკის სწავლება, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, მიმართულია განავითაროს მოსაწავლეში ის თვისებები, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე ადამიანისათვის. ის უნდა იყოს მაძიებელი, მცოდნე, მოაზროვნე, კომუნიკაბელური, პრინციპული, გონებაგახსნილი, მზრუნველი, რისკიანი, დაბალანსებული და გონიერი.
ეფექტური სწავლებისთვის აუცილებელი პირობაა პრობლემის წარმოჩენა, სიღრმისეულად გააანალიზება, გონივრული დაგეგმვა და შემდეგ ქმედითი ნაბიჯების განხორციელება. შესაბამისად, მათემატიკის სწავლების მიზანია, ვასწავლოთ არა მათემატიკა მათემატიკისათვის, არამედ მათემატიკა, როგორც ინსტრუმენტი, რომელიც საჭიროა ყველგან, ყველა სიტუაციაში, ნებისმიერი რეალური პრობლემის გადასაწყვეტად.
ზემოთქმულის განსახორციელებლად გამოიყენება პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების მეთოდები, რაც ერთგვარი ინოვაციაა ქართულ საგანამანთლებლო სივრცეში და მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, გახდნენ 21-ე საუკუნის სრულფასოვანი მოქალაქეები.
მათემატიკის დეპარტამენტის სამოქმედო გეგმის განხორციელება ემყარება მაღალკვალიფიციური გუნდის თანამშრომლობას. გუნდი ზრუნავს სკოლის მოსწავლეების წარმატებულ შედეგებზე, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე; ავლენს ნიჭიერ ახალგაზრდებს; ხელს უწყობს მოსწავლეებს, წარმატებით იასპარეზონ სხვადასხვა კონფერენციასა და ოლიმპიადაზე, რაც, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანი ნაბიჯია მათი მომავალი ცხოვრებისთვის და, ამავდროულად, კიდევ უფრო მეტად ამაღლებს სკოლის პრესტიჟს მათემატიკის სწავლების კუთხით.

უახლესი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელი იქნება მაღალი ხარისხის განათლების მიღება ყველასთვის, ყოველთვის და ყველგან. სწორედ ამიტომ ისტ-ის დეპარტამენტი ორიენტირებულია უზრუნველყოს სწავლების ხარისხის ამაღლება, სკოლაში არსებული განსხვავებული საგანმანათლებლო პროგრამების შერწყმა. ისტ-ის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და რობოტიქსის სწავლების შედეგად მოსწავლეები:
ა) გაიღრმავებენ ცოდნას მეცნიერების სხვადასხვა დარგსა და ტექნოლოგიებში;
ბ) შეძლებენ თეორიული ცოდნის გამოყენებას სხვადასხვა რეალური, ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრისას;
გ) გაუმკლავდებიან იმ გამოწვევებს, რომლებსაც სწრაფადცვალებადი, ტექნოლოგიური XXI საუკუნე სთავაზობს მათ.
მოსწავლეები სწავლობენ ტექნოლოგიების გამოყენებას არა მხოლოდ უსაფრთხოდ და გონივრულად, არამედ აცნობიერებენ ტექნოლოგიების გამოყენების მორალურ, ეთიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ მნიშვნელობას.
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიზანია ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანად გამოყენების უნარის მქონე პიროვნების აღზრდა, რომელიც იქნება კანონმორჩილი, როგორც რეალურ, ისე ციფრულ სამყაროში და შეძლებს ინფორმაციის მოძიებას, შენახვას, მართვას, დამუშავებას, გაანალიზებას, შეფასებას და მათზე დაყრდნობით გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას, რეალური პრობლემის გადაჭრისთვის საკუთარი ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნას.
სწორედ ამ მიზნების მიღწევას დამატებით ემსახურება სკოლაში არსებული პროგრამირებისა და რობოტიქსის კლუბები. დაინტერესებული მოსწავლეებისთვის მეცადინეობები ამ კლუბებში ტარდება სასწავლო პროცესის დასრულებისას, გაკვეთილების შემდეგ.