მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაცია

მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაცია მოწოდებულია, გაამდიდროს მოსწავლეთა და მშობელთა გამოცდილება და ხელი შეუწყოს მათ კეთილდღეობას “ევროპულ სკოლაში“ ყოფნისას. მისი მთავარი ამოცანებია:

  • წაახალისოს მშობელთა ჩართულობა სასკოლო ღონისძიებებში;
  • გაამყაროს ურთიერთობა მშობლებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებს, თანამშრომლებსა და დამფუძნებლებს შორის;
  • ხელი შეუწყოს ინფორმაციის გაზიარებას მშობლებსა და სკოლის ადმინისტრაციას შორის.

მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაცია მონაწილეობს სხვადასხვა სოციალური, საქველმოქმედო ღონისძიების დაგეგმვაში, კოორდინირებასა და  განხორციელებაში, რაც, თავის მხრივ,  ხელს უწყობს სკოლის საზოგადოების ერთიანობის აღქმას და მოსწავლეებისთვის სასწავლო გამოცდილების შეძენის ახალი საშუალებების შეთავაზებას.

ასოციაციის შეხვედრები იმართება ყოველთვიურად, სადაც ნებისმიერი მშობლის დასწრება და სკოლის ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მასწავლებლებთან ერთად მსჯელობა წახალისებულია. “ევროპული სკოლის“ თითოეული მშობელი ავტომატურად ხდება ასოციაციის წევრი. მუშაობის ეფექტურად წარმართვისთვის ასოციაციას ჰყავს  კომიტეტი, რომელშიც ყველა  კლასიდან  წარმომადგენელი არჩეულია ერთი წლის ვადით. ”ევროპულ სკოლაში” პროგრამების(ქართული, IB,AHS) მიხედვით ფუნქციონირებს სამი სხვადასხვა  მშობელთა და მასწავლებელთა კომიტეტი. თითოეულს ჰყავს თავისი თავმჯდომარე-არჩეული წარმომადგენელი მშობელთაგან.

მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობის მრავალი გზა არსებობს. ჩვენ გახსნილები ვართ ახალი იდეების მისაღებად. შემოგვიერთდით, გახდით ასოციაციის აქტიური წევრი!  დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორებს.

შეხვედრა ახალი მოსწავლეების მშობლებთან

პარასკევს, 28 სექტემბერს, ჩვენი სკოლის ახალი მოსწავლეების მშობლებისათვის სასიამოვნო საღამო მოეწყო.
შეხვედრაზე მათ შესაძლებლობა მიეცათ, უფრო ახლოს გაეცნოთ ერთმანეთი, სკოლის მმართველი გუნდი და მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციის თავმჯდომარეები. აკადემიურმა დირექტორმა, პროგრამის კოორდინატორებმა და მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციის თავმჯდომარეებმა მშობლებს მიაწოდეს ინფორმაცია მათი ჩართულობის შესაძლებლობების შესახებ.
არაფორმალურ, სასიამოვნო გარემოში ჩატარებული შეხვედრა ტორტის გაჭრის ცერემონიით დასრულდა.