რატომ ჩვენი სკოლა?

“ევროპული სკოლა“ არის საერთაშორისო სკოლა 3-დან 18 წლამდე მოსწავლეთათვის. იგი საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) ერთადერთი წევრი სკოლაა საქართველოში. მოსწავლეებს ვთავაზობთ მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებს, მათ შორის: სკოლამდელი აღზრდის ცენტრს, ქართულ პროგრამას, საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სამივე პროგრამას, ამერიკულ პროგრამას, AP და STEM პროგრამებს.

“ევროპული სკოლის“ მასწავლებლები ხელს უწყობენ კვლევა-ძიებაზე დაფუძნებულ სწავლასა და მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებას, რაც ეხმარება მოზარდებს მაღალი შედეგების მიღწევაში.

 მრავალფეროვან სასწავლო პროგრამებთან ერთად სკოლაში ხორციელდება კლასგარეშე აქტივობები, რომლებიც 21-ე საუკუნისათვის საჭირო უნარებს უვითარებს მოზარდებს. ჩვენი მოსწავლეებისათვის შექმნილია  თანამედროვე ინფრასტრუქტურა,  მათი უპირატესობა კი უახლეს ტექნოლოგიებზე წვდომაა. გაგაცნობთ ჩვენი სკოლის რამდენიმე მახასიათებელს, რომელიც სკოლის უნიკალურობას განაპირობებს:

პროგრამების  მრავალფეროვნება

ქართულ პროგრამაში, რომელიც ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უცხოური ენებისა და ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) შესაწავლას. მოსწავლეებს შეუძლიათ, დაეუფლონ ინგლისურ და რუსულ ენებს პირველივე კლასიდან, მე-5 კლასში კი აირჩიონ ერთი დამატებითი უცხოური ენა: გერმანულ, ფრანგულ და თურქულ ენებს შორის. ჩვენი მოსწავლეები ადრეული ასაკიდან ეცნობიან ისტ-ის საფუძვლებს.  ტექნოლოგიების მიმართ მათ ინტერესს კიდევ უფრო აღრმავებს STEM განათლება ლეგოსა და რობოტიკსის გაკვეთილებზე.

თუ გსურთ, თქვენი  შვილი დაეუფლოს საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამას, მაშინ გაცნობებთ, რომ ჩვენ ერთ-ერთი ვართ საქართველოს იმ ორ სკოლას შორის, რომელიც IB-ის სამივე პროგრამას გთავაზობთ: დაწყებითი საფეხურის პროგრამას (PYP), საბაზო საფეხურის პროგრამასა (MYP) და სადიპლომო პროგრამას (DP). სადიპლომო პროგრამის დამთავრების შემდეგ  მოსწავლეები იღებენ IB-ის დიპლომს, რომელიც აღიარებულია მსოფლიო უნივერსიტეტების მიერ. ჩვენ ვამზადებთ IB-ის სტუდენტებს ჰოლისტიკური მიდგომით. ისინი ვითარდებიან აკადემიური, სოციალური და ემოციური მიმართულებებით.

ის, ვინც უპირატესობას ამერიკულ განათლებას ანიჭებს, შეუძლია შეუერთდეს ამერიკულ უმაღლეს სკოლას (AHS), რომელიც გთავაზობთ სრულყოფილ ამერიკულ პროგრამას და ამზადებს მოსწავლეებს SAT და AP გამოცდებისთვის. AHS-ში ირიცხებიან მოსწავლეები მე-8-დან მე-12 კლასის ჩათვლით.  სკოლის დამთავრების შემდეგ  ისინი იღებენ ამაერიკული უმაღლესი სკოლის დიპლომს, რომელიც ნებისმიერი ამერიკული კოლეჯისა თუ უნივერსიტეტის და,  ამავდროულად, მსოფლიო უნივერსიტეტების  მიერ არის აღიარებული.

ჩვენი მასწავლებელები

ჩვენი მასწავლებლები გამოირჩევიან პროფესიონალიზმით,  კვალიფიკაციით და, რაც მთავარია, სწრაფვით, რომ თითოეული მოსწავლე იყოს წარმატებული.   IB-ის ყველა მასწავლებელს გავლილი აქვს პროფესიული განვითარების რამდენიმე პროგრამა, ზოგიერთი მათგანი არის IB-ის საგამოცდო ნაშრომების გამსწორებელი.

“ევროპულ სკოლაში“ მასწავლებლები გამუდმებით ეძებენ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ახალ, შემოქმედებით ხერხებს და აუმჯობესებენ  სწავლების მეთოდებს. საერთაშორისო პროგრამებში  სწავლება კვლევა-ძიებაზეა დაფუძნებული,  წახალისებულია მოსწავლის მიერ  შეკითხვების დასმა, იდეების გამოცდა, რაც ხელს უწყობს მათ მოაზროვნე პიროვნებებად ჩამოყალიბებას. ქართული პროგრამის მასწავლებლები  სწრაფად ითვისებენ და პრაქტიკაში ნერგავენ განათლების დარგის  პროფესიონალების მიერ გამოყენებულ, მსოფლიოში აღიარებულ სწავლების მეთოდებს.

თანამედროვე ინფრასტრუქტურა

“ევროპულ სკოლაში“ ინფრასტრუქტურის განახლება ყოველწლიურად ხდება. დღიდან დაარსებისა(2007წ.), სისტემატურად ვთავაზობთ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს რაღაც ახალს. ჩვენი სპორტული სივრცე მოიცავს დახურულ დარბაზს საცოცი კედლით, ფეხბურთის მოედანს, ღია თუ დახურულ ჩოგბურთის  კორტებს და ა.შ.  კაბინეტ-ლაბორატორიები აღჭურვილია სამეცნიერო მოწყობილობებით, რომლებიც მოსწავლეებს რთული ექსპერიმენტების ჩატარების საშუალებას აძლევს. ჩვენს კომპიუტერულ ლაბორატორიებში განთავსებულია უახლესი ტექნოლოგიური აღჭურვილობა: 3D პრინტერი, “სმარტ“ დაფები, “სმარტ“ მერხები და ა.შ. სკოლა არის “Microsoft”-ის პარტნიორი, რაც ტექნოლოგიური დარგის სიახლეებზე წვდომაში გვიწყობს ხელს. ჩვენ ვამაყობთ სკოლის ტელევიზიით. აქ კვალიფიციური თანამშრომლების დახმარებით ჩვენი მოსწავლეები ივითარებენ ჟურნალისტური მუშაობის, ფილმის გადაღების, საინფორმაციო პროგრამების წამყვანისთვის საჭირო უნარებს.

ინტერნაციონალურობა

“ევროპულ სკოლაში“  23-ზე მეტ სხვადასხვა ეროვნების  მოსწავლეს შეხვდებით. “ევროპული სკოლის“  საზოგადოებაში თანაცხოვრებისას მოზარდები ეცნობიან და პატივს სცემენ სხვადასხვა ეროვნებას, კულტურასა და რელიგიას.

ქართულ პროგრამაში სწავლა მიმდინარეობს ქართულად, საერთაშორისო პროგრამებში – ინგლისურად. ინტერნაციონალურობა გათვალისწინებულია ნებისმიერი საგნის სწავლებისას და საფუძვლად უდევს ნებისმიერ  დისკუსიას, ქმედებასა თუ ხედვას, რაც  ეხმარება სკოლის საზოგადოების წევრებს შორის ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.    ჩვენი ტოლერანტი მოსწავლეები სოციალური, კულტურული  თუ ლინგვისტური კუთხით მრავალფეროვან სკოლის საზოგადოებაში თავს ბედნიერად გრძნობენ და ივითარებენ პიროვნულ თუ ეროვნულ  იდენტობას.

ჩვენი მოსწავლეები ჩართული არიან სხვადასხვა ეთიკურ თუ გარემოსდაცვით პროგრამაში, რაც ხელს უწყობთ, გახდნენ ინფორმირებული, მცოდნე, გლობალური მოქალაქეები, რომლებიც არ უფრთხიან მომავლის გამოწვევებს. მათ სურთ არა მარტო  ფლობდნენ ინფორმაციას, არამედ უშუალო მონაწილეობა მიიღონ მეტი პატივისცემით გამსჭვალული, მშვიდობიანი და თანასწორი მსოფლიოს შენებაში.