საქველმოქმედო აქცია სოფელ აქთაქლის ბიბლიოთეკის დასახმარებლად

22.11.2018

ევროპული სკოლის ქართული პროგრამის მე-10 და მე-12 კლასების მოსწავლეებმა დამრიგებლებთან ერთად გადაწყვიტეს მოეწყოთ საგანმანათლებლო-საქველმოქმედო აქცია და დახმარებოდნენ რომელიმე სკოლას ბიბლიოთეკის შექმნასა და წიგნებით გამდიდრებაში.
ჩვენდა სასიხარულოდ, საქველმოქმედო აქციაში მთელი სკოლა ჩაერთო და ერთი კვირის განმავლობაში აქტიურად ვაგროვებდით წიგნებსა და საკანცელარიო ნივთებს.
დასახმარებლად ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებით დასახლებული გარდაბნის რეგიონის სოფელ აქთაქლის საჯარო სკოლა ავირჩიეთ. აქ სწავლება ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე მიმდინარეობს. მოსწავლეთა კონტიგენტი მხოლოდ აზერბაიჯანულია, მაგრამ სასიამოვნოა ის, რომ სკოლის ქართულ სექტორს ჰყავს 72 აზერბაიჯანელი მოსწავლე.
როგორც სკოლის დირექტორთან, ქ-ნ მთვარისა ბაბაჯანაშვილთან გასაუბრების შემდეგ გაირკვა, სკოლის მწირ ბიბლიოთეკას ძალიან სჭირდებოდა ქართული მხატვრული ლიტერატურით გამდიდრება.
22 ნოემბერს, შეგროვილი ნივთები და საკანცელარიო ნივთები დავახარისხეთ და გავემართეთ სოფელ აქთაქლისაკენ.
სკოლას საჩუქრად გადავეცით 500-მდე ქართულენოვანი წიგნი და საკანცელარიო ნივთები. ჩვენი ჩატანილი საჩუქრებით ბავშვები და სკოლის ხელმძღვანელობა ძალიან გავახარეთ, განსაკუთრებით ბედნიერები პირველკლასელები იყვნენ, რომელთაც საჩუქრად მიიღეს საკანცელარიო ნივთების სრული კომპლექტი.
დიდი იმედი გვაქვს, რომ აქცია მიაღწევს მის მთავარ მიზანს და ეს წიგნები დაეხმარება აზერბაიჯანელ მოსწავლეებს ქართული ენისა და ლიტერატურის საფუძვლიანად შესწავლაში.

Share on: