ახალი ამბები

რობოტების შეჯიბრი სუმოში

12 Dec 2018

11 დეკემბერს ევროპული სკოლის ფაბლაბმა საქართველოში პირველად ჩაატარა რობოტების შეჯიბრი სუმოში - “Sumo Bot Challenge”, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ევროპული სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები. კონკურსის ფარგლებში მოეწყო რამდენიმე არენა, რომელთა გამარჯვებულებიც ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. დაძაბული კონკურენციის პირობებში, ყველაზე კარგად დაპროგრამებულმა რობოტმა მოიგო კონკურსი და გადაეცა წლის SumoBot-ის წოდება.

კავკასიის უნივერსიტეტის ფეხბურთის ჩემპიონატი

12 Dec 2018

ევროპული სკოლის მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ კავკასიის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ფეხბურთის ჩემპიონატში, რომელშიც ერთმანეთს უპირისპირდებიან თბილისის კერძო და საჯარო სკოლები. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით გაიარეს დაძაბული და რთული საკვალიფიკაციო ეტაპი და მოხვდნენ 8 საუკეთესო სკოლას შორის, რომლებთან ერთადაც აგრძელებენ ბრძოლას პირველობისთვის.

სკოლების გამოფენა 2018

09 Dec 2018

7 და 8 დეკემბერს ევროპული სკოლა წარმოდგენილი იყო სკოლების გამოფენა 2018-ზე, რომელიც საგამოფენო ცენტრ ექსპოჯორჯიაში ჩატარდა. საქართველოში სკოლების გამოფენა ამ მასშტაბით პირველად ჩატარდა. გამოფენა მიზნად ისახავდა, შეექმნა ერთიანი პლატფორმა საშუალო განათლების სფეროში და ერთ სივრცეში შეეკრიბა ინდუსტრიის ყველა მონაწილე და პოტენციური მომხმარებელი.

ექსკურსია ხელოვნების სასახლეში

07 Dec 2018

პარასკევს,7 დეკემბერს, ქართული პროგრამის მე-3ა და მე-3ბ კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე ხელოვნების სასახლეში. ბავშვებმა დაათვალიერეს კინოსა და თეატრის თემაზე  შექმნილი ესკიზების კოლექცია და მოისმინეს პრეზენტაცია თემაზე "საახალწლო ტრადიციები". დასასრულს კი, საკუთარი ხელით დაამზადეს და გააფორმეს ნაძვის ხის სათამაშოები.

ესტონეთის ელჩის სტუმრობა

01 Dec 2018

2018 წლის 30 ნოემბერს ევროპულმა სკოლამ უმასპინძლა ესტონეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ქალბატონ კაი კაარელსონს. ჩვენი სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრაზე ელჩმა ისაუბრა ესტონეთის მიღწევებზე საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და სახელმწიფო სერვისებში და განიხილა ამ მიმართულებით საქართველოს განვითარების სამომავლო შესაძლებლობები. ამის შემდეგ, ევროპული სკოლის მოსწავლეებმა სტუმარს ჩაუტარეს სკოლის ტური და დაათვალიერებინეს უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ინფრასტრუქტურა, მათ შორის ახლადგახსნილი ინოვაციების ლაბორატორია ფაბლაბი. ფაბლაბის არსებობა სკოლის სივრცეში უპრეცედენტო სწავლების მოდელია ქართული განათლების სფეროსათვის და შესაძლებლობას მისცემს მოსწავლეებს, თანამედროვე ტექნოლოგიებთან ყოველდღიური შეხებით მიიღონ STEM ცოდნა ჯერ კიდევ დაწყებითი კლასებიდან. ევროპულ სკოლაში დანერგილი სწავლების მეთოდოლოგიის გაცნობის შემდეგ, ელჩმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მსგავსი პროექტების მნიშვნელობას ინოვატორების მომავალი თაობის აღზრდისა და ქვეყნის განვითარებისათვის. გვსურს, დიდი მადლობა გადავუხადოთ ქალბატონ კაი კაარელსონს და ვიმედოვნებთ, ეს ვიზიტი გააძლიერებს საქართველოში ესტონურ სათვისტომოსა და ევროპულ სკოლას შორის ურთიერთობებს.

შეხვედრა საქართველოს ელჩთან საბერძნეთში

01 Dec 2018

30 ნოემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში, იოსებ ნანობაშვილი, შეხვდა “ევროპული სკოლის“ ქართული სექტორის მოსწავლეებს, რომლებიც ათენს თემატური კონფერენციის ჩატარებისა და სხვადასხვა პრეზენტაციების გამართვის მიზნით ეწვივნენ. შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცნენ საქართველო-საბერძნეთის და საქართველო-სერბეთის ორმხრივ ურთიერთობებს, მიიღეს ინფორმაცია საბერძნეთში ქართული დიასპორის შესახებ, საქართველოს ელჩს დაუსვეს კითხვები საქართველოს საგარეო უწყების ფუნქციონირებისა და საქართველოს მიერ წარმოებული საგარეო პოლიტიკის შესახებ.

საქველმოქმედო აქცია სოფელ აქთაქლის ბიბლიოთეკის დასახმარებლად

22 Nov 2018

ევროპული სკოლის ქართული პროგრამის მე-10 და მე-12 კლასების მოსწავლეებმა დამრიგებლებთან ერთად გადაწყვიტეს მოეწყოთ საგანმანათლებლო-საქველმოქმედო აქცია და დახმარებოდნენ რომელიმე სკოლას ბიბლიოთეკის შექმნასა და წიგნებით გამდიდრებაში. ჩვენდა სასიხარულოდ, საქველმოქმედო აქციაში მთელი სკოლა ჩაერთო და ერთი კვირის განმავლობაში აქტიურად ვაგროვებდით წიგნებსა და საკანცელარიო ნივთებს.

ტრანსდისციპლინარული თემების შეჯამება

21 Nov 2018

მოსწავლეთა განათლება ცალკეული საგნების სწავლებით საკმარისი არ არის - ბავშვმა უნდა შეძლოს კავშირების დამყარება ცალკეულ საგნებს შორის და ამავე დროს, ნასწავლის დაკავშირება რეალურ ცხოვრებასთან. სწორედ ეს მიზანი ჰქონდა 13, 16 და 20 ნოემბერს გამართულ ტრანსდისციპლინარული თემების შეჯამებას ქართული სექტორის დაწყებით საფეხურზე. საინტერესო ნამუშევრები გამოფინეს ოთხივე კლასის მოსწავლეებმა. მათ დიდი მონდომებით წარმოადგინეს თავიანთი შრომის შედეგად შექმნილი პოსტერები და სხვადასხვა სახის რესურსები და განიხილეს თემის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები.

ფესტივალი "ოქროს საწმისი"

16 Nov 2018

15 ნოემბერს, ისტორიის პედაგოგ ქ-ნ მაია წენგუაშვილის ხელმძღვანელობით, ევროპულმა სკოლამ მონაწილეობა მიიღო კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალში “ოქროს საწმისი“. ფესტივალი ეძღვნებოდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლის იუბილეს. ჩვენი სკოლის მე-3ა კლასის მოსწავლეებმა (პედ. ეკა ბერძენიშვილი) წარმოადგინეს სპექტაკლი “განხეთქილების ვაშლი“, რომელიც ბერძნული მითოლოგიის თემატიკაზე დაიდგა. ფესტივალი ჩატარდა საბერძნეთის საელჩოს, საქართველოს ეროვნული არქივისა და თ.ს.უ.-ს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის მხარდაჭერით.