პროექტი “ევროპული სკოლა - ათენი - ევროპული სკოლა“

2012 წლიდან ევროპული სკოლა აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო ფესტივალ ,,ოქროს საწმისში“, რომელიც ეძღვნება ბერძნულ-ქართულ ურთიერთობებს. აღნიშნული ღონისძიების მხარდამჭერები არიან თსუ კლასიკური ფილოლოგიის ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი, საბერძნეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და საქართველოს ეროვნული არქივი.
წლების განმავლობაში ევროპული სკოლის მოსწავლეები წარჩინებით მონაწილეობდნენ სხვადასხვა აქტივობაში, კერძოდ, 2012-2013 სასწავლო წელს მე-6 ა კლასის მოსწავლეებმა, რომელთა ჯგუფის კაპიტანი გახლდათ ირაკლი ბეჟუაშვილი, 1-ლი ადგილი აიღეს ვიქტორინაში: ,,რა? სად? როდის?“; 2013-2014 სასწავლო წელს კვლავ პრიზიორები გახდნენ და შესაბამისი დიპლომებით დაჯილდოვდნენ მე-7 და მე-10 კლასის მოსწავლეები კონკურსზე, რომელიც ეძღვნებოდა მელინა მერკურის იუბილეს, მათი ნაშრომები წიგნად გამოსცა უნივერსიტეტის გამომცემლობამ. ამ ფესტივალში აქტიურად გახლდნენ ჩართულები დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, რომლებიც დგამდნენ სპექტაკლებს ბერძნული მითოლოგიის თემაზე. აღნიშნულ პროექტს ევროპულ სკოლაში ხელმძღვანელობს ისტორიის პედაგოგი – მაია წენგუაშვილი.
2018-2019 სასწავლო წელს ევროპული სკოლის ქართული სექტორის მე-7 კლასის მოსწავლეებთან დაიგეგმა პროექტი სახელწოდებით ,,ევროპული სკოლა – ათენი – ევროპული სკოლა“, რომელიც ითვალისწინებდა ანტიკური პერიოდის საბერძნეთის შესწავლას და ამ ეპოქის ქართულ-ბერძნულ ურთიერთობებს. პროექტის დაგეგმვისთანავე მოსწავლეები შეუდგნენ აქტიურ მზადებას, კერძოდ, საგაკვეთილო პროცესის პარალელურად უტარდებოდათ ლექციები, ამზადებდნენ პრეზენტაციებს, ჩაატარეს კვლევა უძველეს ევროპულ ცივილიზაციაზე (კრეტა-მიკენის კულტურა).
თსუ-ს ნეოგრეცისტიკის კათედრამ ჩაატარა ინტერაქტიული გაკვეთილი თემაზე ,,ბულინგი ძველ ბერძნულ ტრაგედიებში“. სკოლის ფარგლებში ჩატარდა დემო-გაკვეთილი – ,,ბერძნული დემოკრატიის განვითარების ეტაპები“.
აღნიშნული აქტივობების შემდეგ, სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, მე-7 კლასის მოსწავლეები მშობლებთან, პროექტის ხელმძღვანელ მაია წენგუაშვილთან, საბაზო საფეხურის კოორდინატორ ინგა თოლორაიასთან და კლასების დამრიგებელ თამთა გოგიჩაშვილთან ერთად 30 ნოემბერს ოთხი დღით გაემგზავრნენ საბერძნეთში.
მოსწავლეებს და მათ მშობლებს გადაეცათ წინასწარ გაწერილი საათობრივი პროგრამა, სადაც ნაჩვენები იყო ყოველდღიური აქტივობები.
30 ნოემბერს მოსწავლეები შეხვდნენ საქართველოს რესპუბლიკის სრულუფლებიან ელჩს საბერძნეთში, ბატონ იოსებ ნანობაშვილს. ამავე დღის ბოლოს მოსწავლეები ესტუმრნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს და ქართული კულტურის ცენტრის ,,კავკასიის“ ხელმძღვანელს ბატონ ავთანდილ მიქაბერიძეს, სადაც საუბარი წარიმართა თბილ გარემოში, საღამო დასრულდა რევაზ ლაღიძის უკვდავი ქართული სიმღერით ,,თბილისო“.
1 დეკემბერს დაათვალიერეს აკროპოლისი და ათენის სხვა ღირსშესანიშნაობები. 2 დეკემბერს კი გაემგზავრნენ არგოლიდაში, მოინახულეს მიკენის აკროპოლისი და არქეოლოგიური მუზეუმი, ეპიდავროსის თეატრი; 3 დეკემბერს გაემართნენ საბერძნეთის უძველეს დედაქალაქ ნაპლიოსში, ველიანგმინის ტბაზე, სუნიოს კონცხზე, პოსეიდონის ტაძართან, სადაც უყურეს ეგეოსის ზღვაში მზის ჩასვლას, საბოლოოდ კი, ულამაზესი შთაბეჭდილებებით გაემგზავრნენ აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე. მაია წენგუაშვილი: ,, ბედნიერებაა, როცა გაქვს საშუალება ჩემსავით ისაუბრო მითოლოგიაზე, ზევსიდან დაწყებული პოსეიდონის ტაძრით დამთავრებული და მოსწავლეებს აჩვენო შესაბამისი არტეფაქტები, შემდეგ კი ბერძენ-სპარსელთა ომებზე გაკვეთილი სალამინის სრუტის სანაპიროზე ჩაატარო“.

Share on: