მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაცია

მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაცია მოწოდებულია, გაამდიდროს მოსწავლეთა და მშობელთა გამოცდილება და ხელი შეუწყოს მათ კეთილდღეობას “ევროპულ სკოლაში“ ყოფნისას. მისი მთავარი ამოცანებია:

  • წაახალისოს მშობელთა ჩართულობა სასკოლო ღონისძიებებში;
  • გაამყაროს ურთიერთობა მშობლებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებს, თანამშრომლებსა და დამფუძნებლებს შორის;
  • ხელი შეუწყოს ინფორმაციის გაზიარებას მშობლებსა და სკოლის ადმინისტრაციას შორის.

მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაცია მონაწილეობს სხვადასხვა სოციალური, საქველმოქმედო ღონისძიების დაგეგმვაში, კოორდინირებასა და  განხორციელებაში, რაც, თავის მხრივ,  ხელს უწყობს სკოლის საზოგადოების ერთიანობის აღქმას და მოსწავლეებისთვის სასწავლო გამოცდილების შეძენის ახალი საშუალებების შეთავაზებას.

ასოციაციის შეხვედრები იმართება სემესტრში ორჯერ, სადაც ნებისმიერი მშობლის დასწრება და სკოლის ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მასწავლებლებთან ერთად მსჯელობა წახალისებულია. “ევროპული სკოლის“ თითოეული მშობელი ავტომატურად ხდება ასოციაციის წევრი. მუშაობის ეფექტურად წარმართვისთვის ასოციაციას ჰყავს  კომიტეტი, რომელშიც ყველა  კლასიდან  წარმომადგენელი არჩეულია ერთი წლის ვადით. ”ევროპულ სკოლაში” პროგრამების (IB, AHS, ქართული პროგრამა, ევროპული ბაღი) მიხედვით ფუნქციონირებს ოთხი სხვადასხვა მშობელთა და მასწავლებელთა კომიტეტი. თითოეულს ჰყავს თავისი თავმჯდომარე-არჩეული წარმომადგენელი მშობელთაგან.

მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობის მრავალი გზა არსებობს. ჩვენ გახსნილები ვართ ახალი იდეების მისაღებად. შემოგვიერთდით, გახდით ასოციაციის აქტიური წევრი!  დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორებს.

 

ველნესი სკოლაში

ველნეს პრაქტიკების დანერგვა მოსწავლეების ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, “ევროპულ სკოლაში“ პრიორიტეტული საკითხია.  ვარჯიში, ჯანსაღი კვება, სტრესის შემცირება – ეს მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციის  შეხვედრაზე განხილული საკითხებია, სადაც მშობლებმა მოისმინეს  ველნეს ექსპერტის რჩევები, მონაწილეობა მიიღეს ველნესის თემაზე გამართულ ვიქტორინაში და ჯანასაღი კერძების მასტერკალსს დაესწრნენ.

მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციის (PTA) შეხვედრა

მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციის (PTA) შეხვედრაზე, რომელიც 13 დეკემბერს გაიმართა, სკოლამ უმასპინძლა: ველნეს ექსპერტ მიხეილ ქოჩიაშვილს, რომელმაც ჯანსაღ საკვებზე ისაუბრა და მისცა რჩევები მშობლებს, როგორ შეუწყონ ხელი ჯანმრთელობას სადღესასწაულო დღეებში, და ფსიქოლოგ მზიკო დალაქიშვილს, რომელმაც  მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე იმსჯელა. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთა შორის იყო წინასაახალწლო საქველმოქმედო ღონისძიებები და მათში მშობელთა ჩართულობა.

PTA-ის პირველი შეხვედრა 2023-2024 სასწავლო წელს

მშობელთა და მასწავლებელთა ასოციის (PTA) წევრებთან ახალ სასწავლო წელს დაგეგმილი პირველი შეხვედრა “ევროპულ სკოლაში“ 8 ოქტომბერს გაიმართა. მსგავს შეხვედრებზე დასწრება მშობლებს შვილების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის, სხვა მშობლებთან და ადმინისტრაციასთან ურთიერთობისა და იდეების გაზიარების შეასაძლებლობას აძლევს.
აღნიშნულ შეხვედრაზე დამსწრეებმა დირექტორისა და ასოციაციის კოორდინატორისგან მიიღეს ინფორმაცია სკოლის სიახლეების შესახებ, გაეცნენ მიმდინარე პროექტებსა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს, დაესწრნენ “განათლების ფსიქოლოგთა ასოციაციასთან“ მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას, ველნეს-ექსპერტ მიხეილ ქოჩიაშვილისგან მიიღეს რჩევები სწორი კვების შესახებ და დააგემოვნეს სკოლის კაფეტერიის ჯანსაღი კერძები.
მადლობას ვუხდით შეხვედრის ყველა დამსწრეს. გვაქვს მოლოდინი, რომ წელს PTA უამრავ საინტერესო ინიციატივას ჩაუყრის საფუძველს და გაამდიდრებს “ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა სასკოლო გამოცდილებას!

შეხვედრა მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციის წევრებთან

2022-2023 სასწავლო წელს ასოციაციის პირველი შეხვედრა 18 ოქტომბერს გაიმართა. ვინაიდან წელს სკოლა დაარსებიდან 15 წლის იუბილეს აღნიშნავს, მშობლებმა თვალი გადაავლეს სკოლის მნიშვნელოვან მიღწევებს და ისაუბრეს სამომავლო ხედვების თაობაზე, მიიიღეს ინფორმაცია ასოციაციის საქმიანობის დეტალების, სტრუქტურის, დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. შეხვედრამ თბილ და მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა სასიამოვნო მუსიკის თანხლებით, შედგა PTA-ს ახალი თავმჯდომარეების წარდგენა, კომიტეტის განახლებული შემადგენლობის გაცნობა.

მხიარული სტარტები

,,ევროპული სკოლის” სპორტდარბაზში სპორტული შეჯიბრი “მხიარული სტარტები“ ჩატარდა. გუნდები ქართული და IB პროგრამის მოსწავლეებისა და მშობლებისგან დაკომპლექტდა. დაძაბულ ბრძოლაში ქართული პროგრამის გუნდმა უცხოური პროგრამის გუნდი ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
მსაჯმა საზეიმო ვითარებაში გამარჯვებულებს თასი გადასცა.

შეხვედრა ახალი მოსწავლეების მშობლებთან

ჩვენი სკოლის ახალი მოსწავლეების მშობლებისათვის სასიამოვნო საღამო მოეწყო.
შეხვედრაზე მათ შესაძლებლობა მიეცათ, უფრო ახლოს გაეცნოთ ერთმანეთი, სკოლის მმართველი გუნდი და მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციის თავმჯდომარეები. აკადემიურმა დირექტორმა, პროგრამის კოორდინატორებმა და მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციის თავმჯდომარეებმა მშობლებს მიაწოდეს ინფორმაცია მათი ჩართულობის შესაძლებლობების შესახებ.
არაფორმალურ, სასიამოვნო გარემოში ჩატარებული შეხვედრა ტორტის გაჭრის ცერემონიით დასრულდა.

მშობლის–მასწავლებლის ასოციაციის წესდება