საუნივერსიტეტო განათლების ოფისი

საუნივერსიტეტო ორიენტაციის სამსახური

დამამთავრებელ კლასებში მოსწავლეები იწყებენ საუნივერსიტეტო კარიერის დაგეგმვას, რაშიც მათ ხელმძღვანელობას საერთაშორისო საუნივერსიტეტო განათლების კვალიფიციური მრჩეველი უწევს. საუნივერსიტეტო ორიენტაციის სამსახური ეხმარება სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში მოხვედრასა და დაფინანსების მიღებაში.

სკოლის 2019 წლის კურსდამთავრებულებმა საუნივერსიტეტო ორიენტაციის სამსახურის დახმარებით “ევროპული სკოლისთვის“ უპრეცედენტო ოდენობის დაფინანსება – 1,428,605 USD მოიპოვეს. 2020 წელს კი საუნივერსიტეტო დაფინანსებამ 1, 625, 470 USD შეადგინა.

ჩვენი მოსწავლეები ჩაირიცხნენ ისეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში, როგორიცაა: USC, Georgia Tech, Brown University, Emory University, UCLA, NYU, Yale, King’s College London, UCL, Sciences Po, University of Amsterdam და ა.შ.

საუნივერსიტეტო ორიენტაციის სამსახური წარმატებით აგრძელებს სტუდენტების მზადებას უმაღლესი განათლებისა და სამომავლო კარიერისთვის.

მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენელთა ვიზიტები (Yale University, Columbia University, Duke University, Brandeis University, Northeastern University) “ევროპულ სკოლაში,“ NACAC-ის (National Association for College Admission Counseling) წევრობა, ინტენსიური ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრები მრჩეველთან და Council of International Schools (CIS)-ის მდიდარ გამოცდილებაზე და რესურსებზე წვდომა სამსახურს საშუალებას აძლევს, ყოველდღიურად გააუმჯობესოს შედეგები და მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს სკოლის კურსდამთავრებულთა წარმატებაში.

საერთაშორისო საუნივერსიტეტო განათლების მრჩეველი XI კლასიდან რეგულარულ შეხვედრებს ატარებს მოსწავლეებთან. შეხვედრები ემსახურება მათი მისწრაფებების, უნარებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით ყველაზე მომგებიანი სააპლიკაციო სტრატეგიის შემუშავებას, რათა მოსწავლეებმა უკეთ შეძლონ ორიენტირება საერთაშორისო განათლების სფეროში და სწორი არჩევანი გააკეთონ დამამთავრებელ კლასში.

IX-XII კლასების მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ვეხმარებით შემდეგი მიმართულებებით:

  • მოსწავლეთა წახალისება აკადემიური წარმატებისა და მაღალი სტანდარტების მისაღწევად;
  • ინდივიდუალური შეხვედრები მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან სააპლიკაციო პერიოდის გეგმის შესამუშავებლად;
  • უნივერსიტეტების მიერ მოთხოვნადი სტანდარტიზებული ტესტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება უნივერსიტეტებისა და პროგრამების შერჩევის მიზნით;
  • საფუძვლიანი დახმარება სააპლიკაციო პროცესში;
  • სამუშაო სემინარებისა და ინდივიდუალური შეხვედრების მოწყობა, რათა მოსწავლეებმა შეძლონ როგორც უნივერსიტეტებისთვის განკუთვნილი პერსონალური ესსებისა თუ განაცხადების, ასევე დამატებითი წერილების დაწერა და სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

საქართველოს საუნივერსიტეტო განათლების მრჩეველი

ჩვენი მიზანია, კურსდამთავრებულებმა სწორად აირჩიონ მომავალი პროფესია და სწორად დაგეგმონ განათლების მიღების მომდევნო ეტაპი. ამისათვის ჩვენ სკოლაში სხვადასხვა სახის ღონისძიებას მივმართავთ.

  • ვთანამშრომლობთ სხვადასხვა უნივერსიტეტთან, ვიწვევთ სკოლაში და ვაძლევთ საშუალებას, ჩაატარონ საინტერესო პრეზენტაციები, გააცნონ ის დისციპლინები და საგნები, რომლებსაც ამა თუ იმ ფაკულტეტზე ასწავლიან;
  • აბიტურიენტებს მუდმივად ვაწვდით ინფორმაციას ღია კარის დღეებსა თუ სხვა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების შესახებ, რომლებიც მომავალი სტუდენტებისთვის იმართება უმაღლეს სასწავლებლებში;
  • აბიტურიენტები დაგვყავს სხვადასხვა ლექცია-სემინარებზე, რომლებიც საქართველოს წამყვან უნივვერსიტეტებში ტარდება;
  • განსაკუთრებულ დახმარებას ვუწევთ მისაღები გამოცდებისთვის მოსამზადებლად:
  • ვატარებთ დამატებით მეცადინეობებს
  • პრეტესტებს
  • აბიტურ-საათებს სხვადასხვა საგანში
  • შექმნილი გვაქვს ტესტების ელექტრონული ბაზა საგამოცდო საგნებში
  • სკოლაში ვაწყობთ შეხვედრებს და ვიწვევთ მოსწავლეებისთვის საინტერესო, წარმატებულ ადამიანებს

ტრადიციად იქცა უფროსკლასელებისა და ჩვენი კურსდამთავრებულების შეხვედრები ყოველი წლის დეკემბერში, სადაც უფროსი მეგობრები უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და ხედვას სკოლის შემდგომი პერიოდის შესახებ უმცროს მეგობრებს.

 

მრჩეველი საუნივერსიტეტო
ორიენტაციის საკითხებში
გიორგი სიჭინავა
giorgi.sichinava@europeanschool.ge

ჩვენი სტუდენტები

კატო გორგაძე, Eötvös Loránd უნივერსიტეტი, უნგრეთი

განათლება გარდაქმნის ადამიანებს ჩამოყალიბებულ, მცოდნე, თავდაჯერებულ ინდივიდებად. საშუალო განათლების მიღების ეტაპზე სკოლა იყო ჩემი გზამკვლევი, რომელმაც მომცა გეზი, მიმართულება და ყველა საჭირო რესურსი განვითარებისთვის. მზრუნველი მასწავლებლების, შინაარსიანი კლასგარეშე აქტივობების, საუნივერსიტეტო საკითხების მრჩევლის მაღალკვალიფიციური კონსულტაციების დახმარებით შევიძინე ის უნარები და გამოცდილება, რომელიც გახდა ჩემი აკადემიური წარმატებისა და სასკოლო ცხოვრების მიღმა დამოუკიდებლად მოქმედების საწინდარი. ჩემი წარმატების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხელშემწყობი ფაქტორი იყო მასწავლებლების მხარდაჭერა. ისინი არა მარტო განათლების მიღებაში მეხმარებოდნენ, არამედ იყვნენ მენტორები, რომლებიც კარგად აცნობიერებდნენ ჩემს შესაძლებლობას და არ მაკლებდნენ წახალისებას ყოველ ნაბიჯზე. მათი ძალისხმევა, საგნის ყველა ასპექტი მარტივი და გასაგები ყოფილიყო, მაქსიმალური ჩართულობისა და საფუძლიანი ცოდნის მიღების წინაპირობა იყო. არასდროს მომრიდებია მიმემართა რჩევისთვის, ვიცოდი რა, მუდამ მზად იყვნენ დახმარებისთვის. მათმა თავდადებამ გააღვიძა ჩემში წარმატებისკენ სწრაფვა, ცოდნის მიღების წყურვილი, შესძინა ღრმა შინაარსი AP საგნების დაუფლების პროცესს. მინდა, გამოვყო საუნივერსიტეტო საკითხების კონსულტანტის ღვაწლი, რომლისგანაც ფასდაუდებელი რჩევები მივიღე სააპლიკაციო პროცესში. იგი დამეხმარა ჩემს ინტერესებზე და მოწოდებებზე მორგებული საუნივერსიტეტო არჩევანი გამეკეთებინა. ასეთი ინდივიდუალური მიდგომა ცხადია, არჩევანის სისწორეს მკარნახობდა და ცხოვრების შემდეგ ეტაპზე გადასვლისთვის საჭირო თავდაჯერებას მმატებდა. მაღალკვალიფიციური კონსულტანტის ცოდნა და გამოცდილება დამეხმარა ჩემი აპლიკაცია ყოფილიყო სრულყოფილი და მომეძიებინა დაფინასების წყაროები, რათა უმაღლესი განათლების მიღების ეტაპზე გადასვლა მართვადი გამხდარიყო. მზად ვარ, გადავიდე ცხოვრების ახალ ეტაპზე, თავდაჯერებით შევხვდე გამოწვევებს და ურყევად მივყვე ჩემს ინტერესებს. სკოლაში შეძენილი ცოდნა და უნარები ნამდვილად იქნება ჩემი მომავლის კომპასი, რომელიც წარმატებისკენ, პიროვნული განვითარებისკენ მიმავალ გზაზე გამიყვანს.

თათა კობახიძე, კორნელის უნივერსიტეტი, აშშ, 2023

"ევროპული სკოლის" მადლიერი ვარ იმ მეგზურობისა და დახმარებისთვის, რომელიც საუნივერსიტეტო სააპლიკაციო პროცესში მივიღე. აქაური მასწავლებლები, საკლასო გარემო და საუნივერსიტეტო კონსულტაციები შეუდარებელია. აშშ-ის სკოლაში 10 წელი სწავლის მერე, პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, თავდაჯერებით შემიძლია ვთქვა, რომ "ევროპულ სკოლაში" უკეთესი გარემოა. სასკოლო ცხოვრების ყველა ასპექტი, იქნება ეს გაკვეთილები თუ კლასგარეშე აქტივობები, არის შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, განივითარონ კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარები. აქ გატარებულ პერიოდში ხელი მიმიწვდებოდა ყველანაირ საჭირო რესურსზე, მქონდა მასწავლებელთა უზარმაზარი დახმარება, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი იყო კორნელის უნივერსიტეტში მოხვედრაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩემი ურთიერთობა მასწავლებლებთან და საუნივერსიტეტო საკითხების კონსულტანტთან. მათმა რეკომენდაციებმა უდიდესი როლი ითამაშა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტში ჩემს ჩარიცხვაში. ოჯახში პირველი წევრი ვარ, რომელმაც საზღვარგარეთ უნდა ისწავლოს, შესაბამისად არ მქონდა საუნივერსიტეტო სააპლიკაციო პროცესის ტექნიკური დეტალების, ფინანსური აპლიკაციის შევსების, სტიპენდიის მოძიების გამოცდილება, თუმცა „ევროპული სკოლის“ საუნივერსიტეტო საკითხების კონსულტანტის ცოდნა და უნარები უმაღლესი ხარისხის კონსულტაციის მიიღების საფუძველი იყო და უღრმესი მადლობა მინდა მას გადავუხადო ამისთვის. ყოველთვის ვოცნებობდი Ivy League -ის უნივერსიტეტში მოხვედრაზე და მაშინ როცა ოცნება ამიხდა, ვგრძნობ, რომ გული მწყდება და მიჭირს ასეთი სტუმართმოყვარე და ოჯახური გარემოს დატოვება.

ნიკი ბეჟუაშვილი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, აშშ, 2022

რა მომცა "ევროპულმა სკოლამ"? თითქოს ძალიან მარტივი კითხვაა, მაგრამ რეალურად ბევრის ჩამტევია. მე ამ სკოლაში 12 წელი გავატარე, ამ ხნის მანძილზე სკოლამ მასწავლა დროის სწორად განაწილება, რომ არ დამეკარგა ფუჭად ის მთავარი, რაც აუცილებელი იყო ჩემი განვითარებისათვის. ასევე მასწავლა, როგორ უნდა გამოვიმუშაო ნებისყოფა, რომ აუცილებლობა სურვილზე მაღლა დავაყენო და ამით შევძლო მიზნის მიღწევა. "ევროპულმა სკოლამ“ შემძინა უნარები, რომელიც ძალიან დამეხმარა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის სტუდენტი გავმხდარიყავი. ეს ყველაფერი კი ყველამ ერთად შევძელით: მასწავლებლებმა, მეგობრებმა, განსაკუთრებულმა გარემომ, სითბომ, რომელიც ყოველთვის იგრძნობოდა ჩვენს სკოლაში. საგნების სწავლება დატვირთული იყო დისკუსიებით, დებატებით, პროექტებით. ყველაფერი ეს გვასწავლიდა გუნდურ მუშაობას, კვლევას, გვეხმარებოდა ანალიზის უნარის დახვეწაში. "ევროპულ სკოლაში“ ცოდნის დაუფლება არის საუკეთესო გზა მიზნის მისაღწევად, და მე ამაში რეალურად დავრწმუნდი.

მარიამ ნატროშვილი, პენსილვანიის უნივერსიტეტი, აშშ, 2022

სკოლის წლები ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. სკოლაში ბავშვი დიდ მეტამორფოზას განიცდის. იგი პასუხისმგებელიან, კომპეტენტურ და ინტელექტუალურ პიროვნებად გარდაიქმნება. ამ ტრანსფორმაციას წლები სჭირდება. მიუხედავად დროის ხანგრძლივობისა, წლები ძალიან სწრაფად გადის, ისე სწრაფად, რომ ყოველი წელი წამს უტოლდება. სკოლის გამოცდილების ყოველი წამი ავითარებს მოსწავლის პიროვნულ თვისებებს და უბიძგებს მას უკეთესობისკენ. მე დიდად გამიმართლა, რომ "ევროპული სკოლა“ ჩემი სასკოლო გამოცდილების ნაწილი არის. "ევროპულმა სკოლამ“ გზა გამიკაფა წარმატებისკენ. სასწავლო პროცესი მოიცავდა აქტივობებს, რომელიც ჩემი კრიტიკული აზროვნების წყარო გახდა, შემოქმედებით სავარჯიშოებს, რომელმაც ჩემი შეხედულება ცხოვრებაზე გაამრავალფეროვნა, მასალა ასევე მოიცავდა გუნდურ სავარჯიშოებს, რომელმაც ძლიერ განავითარა ჩემი თანამშრომლობის უნარი და გარდამქმნა უკეთეს ლიდერად. უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ სკოლამ შემიქმნა თბილი და სიყვარულით სავსე ატმოსფერო, რამაც დიდი როლი ითამაშა ჩემს წინსვლაში. რამდენიმე თვის წინ ვნერვიულობდი ჩემი ცხოვრების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯზე - საუნივერსიტეტო განათლების დაწყებაზე. "ევროპული სკოლისა“ და მისი საზოგადოების წევრების წყალობით მე მივიღე შესაძლებლობა, რომ სწავლა გავაგრძელო ამერიკის ერთ-ერთ წამყვან, აივი ლიგის უნივერსიტეტში - პენსილვანიის უნივერსიტეტში. ჩემი ცხოვრების სამომავლო ეტაპზე თან გამყვება სკოლაში გატარებული წამები და დაგროვილი გამოცდილება. მიხარია, რომ ვარ ამ მშვენიერი სკოლის ნაწილი, რადგან მან მომცა მყარი საფუძველი სამყაროს უმაღლესი მწვერვალების დასაპყრობად!

ნუგო შოშიაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2022

“ევროპული სკოლა” - ადგილი, სადაც გავატარე ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პერიოდი-ბავშვობა. ეს ლამაზი 14 წლიანი თავგადასავლი ჩემთვის "ევროპული ბაღის“ კარის შეღებით დაიწყო და "ევროპული სკოლის“ ულამაზესი გამოსაშვები საღამოთი დამთავრდა. ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა, დამეკმაყოფილებინა ბავშვური ცნობისმოყვარეობა და შეძლებისდაგვარად ყოველთვის მქონდა პასუხი კითხვაზე - რატომ?სკოლის დამთავრების შემდეგ უკეთესად გავიაზრე, რომ სკოლამ მომცა უსაზღვრო შესაძლებლობები. ჩვენ , ბავშვებს, სკოლაში შეგვეძლო საკუთარი თავის აღმოჩენა. მასწავლებლები ყოველთვის ცდილობდნენ, მაქსიმალურად საინტერესო და ინფორმატიული ყოფილიყო გაკვეთილიები, მუდმივად ჩართულები ვყოფილიყავით საგაკვეთილო პროცესში. სწორედ ამ პერიოდში გამოვიმუშავეთ ის თვისებები, რომლებიც მომავალ კოსმოპოლიტს სჭირდება. სკოლის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები გვაძლევდა შესაძლებლობას, მიგვეღო მაქსიმალურად პრაქტიკული საბაზისო ცოდნა. "ევროპული სკოლის” სახელი არაერთხელ გასცდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს. პირადად მე წარმატებით ჩავირიცხე ევროპის რამდენიმე უნივერსიტეტში. ეს თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ ქართული პროგრამაც კი გვაძლევს საშუალებას შევაღოთ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტთა კარები. ასევე სახელმწიფო დაფინანსებით გავხდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტი. გარდა იმისა, რომ ამ სკოლამ ბავშვობის ბედნიერი წლები კიდევ უფრო გამილამაზა, ასევე მასწავლა, რომ ადამიანის შესაძლებლობები უსაღვროა და ჩვენ შეგვიძლია ამაყად ვიაროთ ქართულ ღირებულებებზე დაფუძნებულ გზაზე მსოფლიოსკენ!

მიხეილ გედეხაური, ტიუბინგენის უნივერსიტეტი, გერმანია, 2022

"ევროპულ სკოლაში“ გატარებული ოთხი წელი იყო უდიდესი აკადემიური გამოცდილების მიღების წლები. ამ სკოლაში სწავლა გიფართოებს თვალსაწიერს და გააზრებინებს, რომ დაუღალავი შრომით ყველაფერი შესაძლებელია. ვიტყოდი, რომ აქ სწავლამ პიროვნულადაც კი შემცვალა, გავხდი ბევრად უფრო ბრძოლისუნარიანი და მიზანდასახული. საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამამ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებისაკენ გამიხსნა გზა და თანამედროვე მსოფლიოში წარმატების მისაღწევად აუცილებელი უნარ-ჩვევები გამომიმუშავა. ჩემი აზრით, "ევროპული სკოლის“ უმთავრეს სიძლიერეს წარმოადგენს ის მეგობრულობა, რომელიც სკოლაში სუფევს. იმის შეგრძნება, რომ ყველა მასწავლებელი თუ კლასელი გულრწფელად გგულშემატკივრობს კიდევ უფრო პროდუქტიულსა და მოტივირებულს გხდის. გერმანიაში, ტიუბინგენის უნივერსიტეტში სწავლა ჩემი ოცნება იყო და მუდამ მადლიერი დავრჩები "ევროპული სკოლის“, რომ ამ ოცნების ახდენაში დამეხმარა.

თორნიკე ყუბანეიშვილი, ბოკონის უნივერსიტეტი, იტალია, 2021

“ევროპული სკოლა” მოსწავლეებს სთავაზობს ინტელექტუალურ გამოწვევებს, მრავალფეროვან აქტივობებსა და სწრაფი აკადემიურ პროგრესის შესაძლებლობას. წლების განმავლობაში, ვესწრებოდით ინტერდისციპლინარულ გაკვეთილებს, რეგულარულად ვმასპინძლობდით წარმომადგენლებს ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტებიდან, ვმონაწილეობდით TEDx ღონისძიებებში, სხვადასხვა საგანის სასკოლო თუ საერთაშორისო ოლიმპიადებში, ვაწყობდით სტარტაპ ივენთებს, ვაორგანიზებდით სპორტულ შეჯიბრებებს. მოკლედ, თუ სასკოლო განათლებაში რამე შესაძლებლობა ან გამოწვევა გჭირდება, “ევროპულ სკოლაში“ ყველაფერია – უბრალოდ, მოტივაცია უნდა იპოვო და ეს შესაძლებლობები გამოიყენო!

საბა ქუთელია, ფილადელფიის დრექსელის უნივერსიტეტი, აშშ, 2021

ევროპული სკოლის IB სექტორში სწავლა საშუალებას გაძლევს, აღმოაჩინო საკუთარი შესაძლებლობები და ყოველდღიური მუშაობის პროცესში გაიუმჯობესო საჭირო უნარ-ჩვევები. პირადად მე IB-ში შევიძინე და დავხვეწე მრავალი უნარი, მათ შორის: კომუნიკაციის, კვლევისა და პრეზენტაციის უნარები. მჯერა, რომ თვითდისციპლინა, რომელიც "ევროპულ სკოლაში“ 6 წლის განმავლობაში გამოვიმუშავე, ფილადელფიაშია დრექსელის უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო გამოწვევების დაძლევაში დამეხმარება.

პაატა კალოიანი, გრინელ კოლეჯი, აშშ, 2021

საინტერესო და მოაზროვნე თანატოლებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ურთიერთობის გარდა, "ევროპულმა სკოლამ“ მომცა უნარ-ჩვევები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი კარიერული ზრდისთვის. ბევრ სხვა სკოლას არ აქვს შესაძლებლობა, მათი მოსწავლეები ჩაირიცხონ საზღვარგარეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში. ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი სკოლის საუნივერსიტეტო საკითხების მრჩეველის რეკომენდაციები უნივერსიტეტების შერჩევისას. ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა ფაქტორმა საშუალება მომცა, ვყოფილიყავი კონურენტუნარიანი კანდიდატი უნივერსიტეტებისთვის.

ირაკლი ბეჟუაშვილი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, აშშ, 2020

მე "ევროპულ სკოლაში" გავატერე წლები ბაღის ასაკიდან დამამთავრებელი კლასის ჩათვლით და ბუნებრივია, ჩემთვის ძვირფასია მოგონებები, რომლებიც მეგობრებთან, მასწავლებლებთან და სკოლის თანმშრომლებთან მაკავშირებს. საკუთარი თავის, გონების შეცნობისა და ქცევის ჩამოყალიბების გზაზე "ევროპულმა სკოლამ" მომცა შესაძლებლობა, მემოგზაურა დანტეს, ვერგილიუსის სამყაროში, წარმოსახვით ჩავრთულიყავი ჰამლეტის ჩახლართულ ინტრიგებში, საბოლოო ჯამში კი, შემიქმნა მყარი საფუძველი სამომავლო განათლებისა და კარიერული წინსვლისათვის. დიდი პრივილეგიაა, ისწავლო გარემოში, სადაც ცოდნის ძიებისა და გაღრმავების სურვილით ენთები. "ევროპულმა სკოლამ" ის უნარები შემძინა, რომელიც საუნივერსიტეტო განათლებაში მნიშვნელოვნად დამეხმარება. ვიმედოვნებ, აქ გამომუშავებული გუნდური მუშაობის, კომუნიკაციის, კვლევისა და ანალიზის უნარები წარმატების საწინდარი იქნება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში - კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში. ჩვენი სკოლის საუნივერსიტეტო განათლების ოფისში მიღებული რჩევები და რესურსები დამეხმარა, ჩარიცხვაზე დადებითი პასუხი მიმეღო მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან, მათ შორის ოთხი "აივი ლიგის" უნივერსიტეტიდან( კოლუმბია, კორნელი, იუპენი, ბრაუნი), კალიფორნიიის ბერკლის უნივერსიტეტიდან და სხვ. ჩემი მთავარი სათქმელი შემდეგია: ზოგჯერ სკოლა ძალიან რთული გვეჩვენება, მაგრამ თუ ამ სირთულეების მორევში ცოდნის წყურვილით გადავეშვებით , სწავლის პროცესი, გაკვეთილები ბევრად სასიამოვნო გახდება, ჩვენი თავდადება კი კმაყოფილებას მოგვგვრის. შესაბამისად, ბევრად მეტს გავიგებთ, ვიდრე ბანალური სასიყვარულო ისტორია, მათემატიკური ფორმულა თუ ფსიქოლოგიის კონცეფციაა.

ანა დარჩიაშვილი, როტერდამის ერაზმუსის უნივერსიტეტი, ჰოლანდია, 2020

"ევროპული სკოლამ" მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა, თუ ვინ ვარ მე დღეს. გარდა იმისა, რომ სკოლამ მომცა შესანიშნავი საგანმანათლებლო შესაძლებლობები და ამით დამეხმარა, ჩავრიცხულიყავი ჩემთვის სასურველ უნივერსიტეტში, აქ ასევე მივიღე მნიშვნელოვანი გამოცდილება და ცხოვრებისეული გაკვეთილები. "ევროპულმა სკოლამ" მასწავლა, რომ ჩემი უნარების მაქსიმალურად გამოყენება და არდანებება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი აკადემიური შესაძლებლობები, სკოლა დამეხმარა ჩემი პოტენციალის რეალიზებაში და დამაყენა ბრწყინვალე მომავლის შენების გზაზე. ყოველთვის ვამჩნევდი, რომ სხვა სკოლებისგან განსხვავებით, "ევროპულ სკოლაში" თითოეული მოსწავლე, როგორც პიროვნება, დაფასებულია. აქ მყავდა მასწავლებლები, რომლებსაც უდიდეს პატივს ვცემ, აქ ვისწავლე, შევხედო მარცხს გამარჯვებულის თვალით. მადლობელი ვარ ჩემი სკოლის, რომელმაც ამ შესანიშნავი საგანმანათლებლო თავგადასავლის ნაწილი გამხადა და დამაჯილდოვა მეგობრებით, რომელთაც არასდროს დავივიწყებ. მწამს, "ევროპულმა სკოლამ" მომცა საშუალება, შემეცნო საკუთარი პიროვნება.

ნია ზეიკიძე, დრიუს უნივერსიტეტი, აშშ, 2020

მე ნია ზეიკიძე ვარ - "ევროპული სკოლის" ამერიკული უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული. მინდა, მადლიერება გამოვხატო ჩვენი საყვარელი დირექტორის, კოორდინატორების, მასწავლებლებისა და სკოლის თანამშრომლების მისამართით მათი თავდადებისთვის, რომელსაც მუდმივად ვგრძნობდი სკოლაში გატარებულ წლებში. სკოლამ მომცა არაჩვეულებრივი შესაძლებლობები: AP საგნების, კლუბების, კლასგარეშე აქტივობებისა და პროექტების ფართო არჩევანი. პირველად, როცა VIII კლასში მოვედი ამერიკულ უმაღლეს სკოლაში, ძალიან მრცხვენოდა აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციების გაკეთება, მაგრამ მას მერე ბევრი რამ შეიცვალა, უფრო თავდაჯერებული გავხდი. სკოლამ მასწავლა საუკეთესო კუთხით და ფორმით წარმედგინა საკუთარი პიროვნება და იდეები, შემიძლია მრავალფეროვანი საკითხების, წინააღმდეგორივი პრობლემების ანალიზი. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს მასწავლებლებს, რომლებიც ყოველთვის ჩემს გვერდზე იყვნენ. თითოეული მასწავლებლის თავდადებული შრომა დასაფასებელი და საპატივსაცემოა. მათი წყალობით მე დღეს დრიუ უნივერსიტეტის პირველკურსელი ვარ და ვსწავლობ ბიზნესის ფაკულტეტზე. აღნიშნული უნივერსიტეტი არაჩვეულებრივ შესაძლებლობებს მთავაზობს, როგორიცაა სამუშაო გამოცდილება უოლ სტრიტზე. მადლობა "ევროპულ სკოლას", რომ მომცა შანსი, მქონდეს წარმატებული მომავალი!

ნიკოლოზ გოზალიშვილი - ემორის უნივერსიტეტი, 2016

ჩემთვის ევროპულ სკოლში მოხდა გადამწყვეტი ცხოვრებისეული გამოცდილებისა და ხარისხიანი სწავლის იდეალური შერწყმა. ვფიქრობ, სწრაფვა შორეული მიზნების მიღწევისკენ და იმავდროულად ინტერესი, ვემსახურო საზოგადოებას, რომლის წევრიც ვარ, სკოლის გარემოდანვე იყო განსაზღვრული. სწორედ სკოლამ მომამზადა იმ აკადემიური და პირადი გამოწვევების დასაძლევად, რასაც უნივერსიტეტში შევეხე. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში ჩემი ცხოვრების მეგობრები შევიძინე. ამ გონებაგახსნილსა და ინტელექტუალ ადამიანებთან ურთიერთობა დამეხმარა, წარმატებული ვყოფილიყავი სხვადასხვა მიმართულებით. ევროპული სკოლის მადლიერი ვარ გაწეული მეგზურობისთვის. მჯერა, სკოლაში შეძენილი ღირებულებები, იდეები და აკადემიური უნარები ჩვენი სამომავლო მიღწევების წინაპირობაა.

კატო ბაქრაძე - იელის უნივერსიტეტი, 2017

არ არსებობს იელში მოხვედრის უნივერსალური რეცეპტი, თუმცა ვრცელია ჩამონათვალი იმ გამოცდილებებისა, რომლებიც მის უკან დგას. ევროპულმა სკოლამ მოახერხა მოსწავლეებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, რათა მათ შორეული მიზნები დაისახონ და საერთაშორისო ასპარეზზე მიაღწიონ წარმატებას. მე მოხარული ვარ, რომ მოსწავლეების მომზადება საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის სკოლის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ლაშა ბერიშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტი - სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 2015

დღეს მე თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი ვარ. ამ გადასახედიდან მეტი სიცხადით შემიძლია დავინახო ევროპულ სკოლაში გატარებული წლების მნიშვნელობა. იქ მე შევიძინე ცოდნის მიღების ინტერესი, ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენებისა და სხვებისთვის გაზიარების უნარი. ევროპულმა სკოლამ მომცა სირთულეების დანახვისა და შეფასების უნარი, მასწავლა ამ სირთულეების გადალახვა. მე აქ გავიგე, რომ ადამიანი მარტო არ არის, რომ ნებისმიერი მიზნის მიღწევა მეგობრებთან ერთდ უფრო დიდი ბედნიერებაა. ლაშა ბერიშვილს მიღებული აქვს 100%-იანი სახელმწიფო გრანტი.

ანა გვერდწითელი, სან დიეგოს უნივერსიტეტი - კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2015

ევროპულმა სკოლამ მომცა სწორედ ის განათლება, რომელიც კონკურენტუნარიანს მხდის თანამედროვე რეალობაში, მომცა დაფინანსება, რომ მესწავლა სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში. ევროპულ სკოლაში იყო საქმიანი, თბილი და ამავე დროს მკაცრი გარემო, რამაც მიმაჩვია შრომას და განმივითარა მიზანდასახულობა.