ყოველწლიური ღონისძიებები

TEDx  ღონისძიება

TEDx ღონისძიება არის TED ორგანიზაციისგან მიღებული ლიცენზიის საფუძველზე დამოუკიდებლად ჩატარებული ღონისძიება, სადაც საინტერესო გამომსვლელები აუდიტორიას უზიარებენ ახალ იდეებს, აწვდიან ინფორმაციას, შთაგონებას უნერგავენ. თემები სხვადახვა სფეროებიდან არის შერჩეული, აქ მოისმენთ სამეცნიერო პროექტის, სოციალური საკითხების, ტექნოლოგიური მიღწევების შესახებ ინფორმაციას, დაესწრებით წარმოდგენას, მიიღებთ ცხოვრებისეულ საკითხებზე რჩევებს.  დამსწრეები ცოცხალ გამომსვლელებთან ერთად ეცნობიან რომელიმე TED კონფერენციის  ვიდეოჩანაწერებს. თუმცა, ყველა აქ გაჟღერებულ გამოსვლას ერთი რამ აერთიანებს, ისინი დაგაფიქრებენ, რაღაც ახალს გეტყვიან, დიალოგს აღძრავენ, შეიძლება თქვენი შთაგონების წყაროდ მოგევლინონ.

“ევროპულმა სკოლამ“ უკვე ათჯერ ჩაატარა TEDx ღონისძიება. ყოველწლიურად მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, სკოლის საზოგადოებას, თბილისის სხვა სკოლებიდან და უმაღლესი სასწავლებლებიდან მოწვეულ მოსწავლე-ახალგაზრდობას გააცნონ თავიანთი პროექტები, მიგნებები, ნააზრევი. ღონისძიებას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის საზოგადოების რომელიმე ცნობილი წევრის მოწვევა ერთ-ერთ სპიკერად.

“ასტრიდ ლინდგრენის კვირეული“

მსოფლიოში ყველასთვის ცნობილ საბავშვო მწერალ ასტრიდ ლინდგრენს მრავალი დამფასებელი და მოყვარული ჰყავს. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მისი წიგნების მიმართ ინტერესი დღემდე არ ცხრება. “ასტრიდ ლინდგრენის კვირეული“ “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებისთვის მასშტაბური ღონისძიებაა, რომელშიც ისინი აქტიურად ერთვებიან.

კვირეულის მთავარი მიზანია მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება, საბავშვო ლიტერატურისა და წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, აგრეთვე მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების უკეთ გაცნობა.

კვირეულის ფარგლებში სკოლას სტუმრობენ: დიპლომატები შვედეთის საელჩოდან, მწერლები, გამომცემლები, ცნობილი მსახიობები; მოსწავლეები ერთვებიან ლიტერატურულ და შემეცნებით ვიქტორინებში; ამზადებენ პრეზენტაციებს; ბავშვები სკოლაში მოდიან პეპის, კარლსონისა და ემილის კოსტიუმებში; მწერლები და მსახიობები კითხულობენ ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოებებს; იმართება სპექტაკლები და ნახატების გამოფენა; ეწყობა წიგნებში აღწერილი კერძების დეგუსტაცია; “ასტრიდ ლინდგრენის კვირეულის“ მონაწილეები ჯილდოვდებიან სერტიფიკატით.

კულინარიულ კონკურსი “ ევროპულ სკოლის მასტერშეფი

კულინარიული კონკურსი “ ევროპული სკოლის მასტერშეფი“ მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი კერძებით გაამრავალფეროვნონ და თანატოლებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახადონ სკოლის მენიუ. კონკურსში ფასდება კერძების გემო, სიჯანსაღე, მორთვა და პრეზენტაცია. მოსწავლეებისა და მასწავლებლებისგან შემდგარი გუნდები დიდი ენთუზიაზმითა და ინტერესით ერთვებიან კონკურსში საკუთარი კულინარიული ხელოვნების წარმოსაჩენად.

“ევროპული სკოლის“ კლასიკური მუსიკის ფესტივალი  

კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციისა და “ევროპულ სკოლაში” კლასიკური მუსიკის შემსრულებელთა გამოვლენისა და წახალისების მიზნით 2014 წლიდან  სკოლაში ტარდება კლასიკური მუსიკის  ფესტივალი, რომელსაც შემუშავებული აქვს თავისი დებულება და პროგრამა.  ფესტივალი  საკმაოდ პოპულარულია, რადგან ყოველწლიურად იზრდება მასში მონაწილეთა  რაოდენობა.

კლასიკური მუსიკის ფესტივალის ორგანიზატორია სპეციალური ჯგუფი; მონაწილეებს აფასებს კომპეტენტური ჟიური, რომელსაც ტრადიციულად  თავმჯდომარეობს ცნობილი კომპოზიტორი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, “ევროპული სკოლის“  სიმღერის სტუდიის ხელმძღვანელი რუსუდან სებისკვერაძე.

ფესტივალი ორ ტურად ტარდება. II ტურში  გადასულ ყველა მონაწილეს გადაეცემა სპეციალური დიპლომი. გარდა ამისა, დაწესებულია პრიზები: “საუკეთესო შემსრულებელი”, “ყველაზე ტექნიკური შემსრულებელი”, “ყველაზე მუსიკალური შემსრულებელი”, “ჟიურის სიმპათია” და სხვა.

“ევროპული სკოლის” კლასიკური მუსიკის ფესტივალის ლაურეატთა შორის არიან: საერთაშორისო და რესპუბლიკური კონკურსების ლაურეატი ნინი ბზიავა (ფორტეპიანო) და საქალაქო კონკურსის ლაურეატი მარიამ მერაბიშვილი (ფორტეპიანო).

კონკურსი ყველაზე ნიჭიერი

განსაკუთრებული უნარისა და ნიჭის მქონე მოსწავლეთა გამოვლენისა და წახალისების მიზნით “ევროპულ სკოლაში“ 2016 წელს დაარსდა და უკვე ტრადიციულად იქცა კონკურსი “ყველაზე ნიჭიერი”.
კონკურსს შემუშავებული აქვს დებულება. კონკურსს ატარებს საორგანიზაციო ჯგუფი, ხოლო აფასებს სპეციალური ჟიური, რომელსაც სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ: ლევან წულაძე – თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, მსახიობი – რუსუდან მაყაშვილი, მომღერალი – დავით გომართელი.
კონკურსზე დაწესებულია ერთი მთავარი პრიზი: “ნიჭიერის ოქროს ვარსკვლავი” და ორი პრიზი “ნიჭიერის ვარსკვლავი”. “ნიჭიერის ოქროს ვარსკვლავის” მფლობელი (ან მფლობელები) ჯილდოვდება ოთხდღიანი დასასვენებელი საგზურით გუდაურში. კონკურსის ფინალური ტურის ყველა მონაწილე კი ჯილდოვდება სპეციალური სიგელით.
კონკურსმა არაერთი ნიჭიერი მოსწავლე გამოავლინა, რომელთაგან დიმიტრი გოზალიშვილი და იდრის გაზიოღლუ რესპუბლიკურ კონკურს “ნიჭიერის” ფინალის მონაწილეებიც გახდნენ, ხოლო ლევან ელოიძემ და საბავშვო ევროვიზიის კონკურსის პრიზიორმა თამთა დიასამიძემ საერთაშორისო კონკურსებში მოიპოვეს გამარჯვება.

ევროპული სკოლის მოსწავლეთა ნახატებისა და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევართა ტრადიციული გამოფენაკონკურსი ჩემი სკოლა (მოდის ახალი წელი)

“ევროპულ სკოლაში“ 2014 წლიდან ტარდება  მოსწავლეთა ნახატებისა და გამოყენებითი ხელოვნების  ნამუშევართა გამოფენა-კონკურსი “ჩემი სკოლა“ (“მოდის ახალი წელი“).  გამოფენა-კონკურსის  ორგანიზატორია სპეციალური საორგანიზაციო ჯგუფი და კომპეტენტური ჟიური. გამოფენა-კონკურსს შემუშავებული აქვს დებულება და  პროგრამა.

ყოველწლიურად  ჟიურის შემადგენლობაში არიან და თავმჯდომარეობენ ცნობილი მხატვრები და ხელოვნებათმცოდნეები. მათ შორის: ქეთი მატაბელი –მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე, პრემია “ქართული სულისა“ და ოქროს მედლის მფლობელი; ირინე კოშორიძე – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აღმოსავლური განყოფილების კურატორი და სხვები. გამოფენა-კონკურსში მონაწილეთა რიცხვი ყოველწლიურად იმატებს, რაც მის პოპულარობაზე მეტყველებს.

კონკურსი ორ ეტაპად მიმდინარეობს. ორივე ტურის მონაწილე მოსწავლეთა ნამუშევრები სკოლის საგამოფენო დარბაზში გამოიფინება, ხოლო გამარჯვებული მოსწავლეები  ჯილდოვდებიან სპეციალური დიპლომებითა და პრიზებით. საუკეთესო ნამუშევრები კი ყოველწლიურად “ევროპული სკოლის“ საახალწლო მისალოცი ბარათები ფორმდება.

“ევროპული სკოლის” მოსწავლეთა ნახატებისა და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევართა გამოფენა-კონკურსის მონაწილეები არაერთი რესპუბლიკური და საერთაშორისო გამოფენების, ფესტივალებისა და კონკურსების გამარჯვებულები გახდნენ.

ივერი ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი

2011 წლიდან “ევროპული სკოლისა” და თბილისის მერიის ხელშეწყობით საფუძველი ჩაეყარა და სკოლაში  ყოველწლიურად ტარდება “ევროპული სკოლის” ტრაგიკულად დაღუპული მოსწავლის ივიკო ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი.

ტურნირი მეტად პოპულარულია მოსწავლეებს შორის და სამ ასაკობრივ კატეგორიას მოიცავს. მასში “ევროპული სკოლის” მოსწავლეების გარდა, მონაწილეობენ სხვადასხვა სკოლის გუნდები.

ტურნირში  გამარჯვებული გუნდებისათვის  დაწესებულია სპეციალური გარდამავალი პრიზები.

საბავშვო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი “ოქროს პეპელა”

ფესტივალის კონცეფცია, მიზანი და ამოცანა:

“ევროპულ სკოლაში“ სატელევიზიო სტუდიის არსებობამ და მოსწავლეთა დაინტერესებამ წარმოშვა იდეა სკოლის ბაზაზე საბავშვო ფილმების კონოფორუმის შექმნის შესახებ. იდეა 2011 წელს  განხორციელდა და  ჩამოყალიბდა ძალიან საინტერესო და საყურადღებო კინოფესტივალი ბავშვებისათვის,  სახელწოდებით  “ოქროს პეპელა“.  მასში მონაწილეობენ 18 წლამდე ასაკის მოზარდები როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ფესტივალი იმართება ყოველი წლის 29 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით და ეძღვნება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს.

“ოქროს პეპელას” აქვს  როგორც საკონკურსო, ისე არასაკონკურსო პროგრამა და სასწავლო-საგანმანათლებლო ნაწილი.  ფესტივალში მონაწილე  ბავშვები ხვდებიან გამოჩენილ კინომოღვაწეებს, პრაქტიკოს კინომუშაკებს, ადგილზე ეცნობიან  თანამედროვე კინოტექნოლოგიებს, მონაწილეობენ კინოეტიუდებში და გამოიმუშავებენ  სინთეზური მუშაობის უნარ-ჩვევებს. აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე საკონკურსო ნამუშევრებს არ მოეთხოვება ფორმატის მაღალი  ხარისხი.  კომპენტენტური ჟიურის პრიორიტეტული კრიტერიუმია   მოზარდის იდეა, მისი გადაწყვეტის ფორმა  და ხერხია.

პროექტის მიზანია, აღმოაჩინოს, წაახალისოს  და საზოგადოებას გააცნოს კინოხელოვნების მოყვარული ნიჭიერი ბავშვები და მათი შემოქმედება, გამარჯვებულები კი წარადგინოს საერთაშორისო კინოფორუმებსა და ფესტივალებზე.

2011 წლიდან  დღემდე ფესტივალში მონაწილეობდა  400-მდე კონკურსანტი როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან (გერმანია, უკრაინა, აზერბაიჯანი, ბულგარეთი,  მაკედონია,  რუსეთი, ირანი, კანადა, საბერძნეთი, პოლონეთი, ბელგია, აშშ, ირანი, სერბეთი, მოლდოვა, ბელგია, ბელარუსი).

2011 2023  წლებში ფესტივალის  გამარჯვებულები და გრანპრის  მფლობელები  გახდნენ:

2011 წელი –  მხატვრული ფილმი – “სტუმარი ჰოლანდიიდან” რეჟ. თამარ არველაძე (“ESTV”)

2012 წელი – მხატვრული ფილმი – “უდრის გულს” რეჟ. თეკლა თევდორაშვილი (“ESTV”)

2013 წელი –  ანიმაციური ფილმი – “Love Hurts” რეჟ. პეტრე თომაძე (Company “Studio+A”)

2014 ელი – მხატვრული ფილმი (მიუზიკლი) – “ზუკა და ნუკა”  რეჟ. ზურაბ დედაბრიშვილი(“ESTV”)

2015 ელი – მხატვრული ფილმი “მუსიკის ჰანგები”  – რეჟ. ნაია მოდებაძე  (“პიონერფილმი”)

2016 წელი – მხატვრული ფილმი “ველოსიპედი”  – რეჟ. გიორგი ჩაკვეტაძე   (აბაშა)

2017 წელი – მხატვრული ფილმი “არ გააღო კარი!” – Vasile Luca (რუმინეთი)

2018 წელი – მხატვრული ფილმი “ჰარმონიკა” – რეჟ. Pelagia Hatzinikita (საბერძნეთი)

2019 წელი –  მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი “ლეოს დაბადაბის დღე“ – რეჟ. ნიკა ზუბაშვილი (“პიონერფილმი”)

2020 წელი – მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი “გრძნობათა ქაოსი”(ფსიქოლოგიური დრამა) – რეჟ. საბა ბოდოკია (სოფელ გეგუთის #1 სკოლის მოსწავლე)
2021 წელი – მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი “ფომო” რეჟისორები: კევინ მეგსი და მაქს ჰენდრიქსონი (ირლანდია)
2022 წელი – მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი “ტვისტი”-რეჟ. პაბლო სოტო – (საბერძნეთი)
2023 წელი – მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი  “ჭყინტი გმირები”  – ასოციაცია “სინერამა”  (ფოთი, საქართველო).

ფესტივალის აქტივობები:

კინოფესტივალ “ოქროს პეპელას” 2013 წლიდან მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა აქვს მსოფლიოს მრავალ ანალოგიურ ფესტივალთან და მათთან მუდმივად ცვლის ინფორმაციას ნიჭიერი მოზარდებისა და მათ მიერ შექმნილი ფილმების შესახებ.  ფესტივალის ნომინანტები და გამარჯვებულები (ნინო სიჭინავა, თეკლა თევდორაშვილი, ზუკა დედაბრიშვილი, ელენე ცხადაძე და ნიკა არაბიძე) “ოქროს პეპელას” წარდგენით მონაწილეობდნენ: შვეიცარიაში (ჟენევა),  საფრანგეთში (ანსი), იტალიასა (ჯიფონი) და ბულგარეთში (ვარნა) საბავშვო კინოფესტივალებსა და ფორუმებში, რომლებშიც სხვადასხვა წელს გამარჯვება მოიპოვეს (ნინო სიჭინავა, ზურაბ დედაბრიშვილი და საბა ქარსელაძე – ბულგარეთი, ვარნა – ფესტივალი “არლეკინი”).

ფესტივალის შემოქმედებითი ჯგუფი პერიოდულად ატარებს საპრეზენტაციო შეხვედრებს ბავშვთა და მოზარდთა სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ სარეაბილიტაციო დაწესებულებაში. ამ შეხვედრების მიზანია ფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიწოდება  და დაინტერესებული ბავშვების ჩართვა უშუალოდ ფესტივალის პროგრამით გათვალისწინებულ აქტივობებსა და  კონკურსში.

“ოქროს პეპელა“ უცხოეთში ქართული დიასპორის წარმომადგენელ ნიჭიერ კინომოყვარულ ბავშვებს საშუალებას აძლევს, ჩამოვიდნენ საქართველოში და მონაწილეობა მიიღონ ფესტივალში.

2011 წლიდან ფესტივალის საპატიო სტუმრები იყვნენ ცნობილი კინოხელოვანები, მსახიობები, რეჟისორები, ანიმატორები, პროდიუსერები, კინოკრიტიკოსები: რეზო ჩხეიძე, ლანა ღოღობერიძე, თამარ ტატიშვილი, გოგი დოლიძე, ზურაბ მაღალაშვილი, ბაადურ წულაძე, გიორგი კაკაბაძე, ნელი ნენოვა (ვიდეოჩართვით), ზურაბ ცინცქილაძე, გიორგი ოვაშვილი, ირინა დემეტრაძე, თამარ დათუაშვილი, ალეკო ნინუა, მალხაზ კუხიანიძე, დავით გუჯაბიძე, გიორგი ხარებავა, ბესო მეგრელიშვილი, კახა კინწურაშვილი, თორნიკე ბზიავა, გიორგი კალანდარიშვილი, მაიკლ ჰოფმანი (აშშ),  კოლინ ფერტი ( ვიდეოჩართვით) (დიდი ბრიტანეთი), დომინიკ უესტი (ვიდეოჩართვით) (დიდი ბრიტანეთი), სტანისლავ სემერჯიევი (ბულგარეთი), ნატალია არლაუსკაიტე (ლატვია), როსიცა მლადენოვა (ბულგარეთი), ანდრეი გოლოვეცკი (ბელორუსი). 

2013 წლიდან “ოქროს პეპელა“ არის ევროპის საბავშვო ფილმების ასოციაციის ECFA-ს წევრი.

 

მოსწავლეთა პროექტების საერთაშორისო კონფერენცია

მოსწავლეთა პროექტების საერთაშორისო კონფერენცია “ევროპული სკოლის“ ყოველწლიური ღონისძიებაა, რომლის მიზანია, თავი მოუყაროს ნორჩ მკვლევარებს, გამომგონებლებს, შემოქმედებით ინდივიდებს, მისცეს მათ საშუალება, ფართო აუდიტორიას  წარუდგინონ თავიანთი პროექტები, გაიცნონ ენთუზიასტი თანატოლები და მიიღონ მდიდარი გამოცდილება. კონფერენციის მონაწილეები  ესწრებიან არ მხოლოდ საინტერესო სხდომებს, არამედ მეგობრულ გარემოში ერთვებიან გუნდურ თამაშებში.

 

ევროპის დღე

“ევროპული სკოლა“ ყოველწლიურად აღნიშნავს ევროპის დღეს. ღონისძიებაზე სკოლის საზოგადოებას და მოწვეულ სტუმრებს ეძლევათ შესაძლებლობა, გაეცნონ ევროკავშირის სხვადასხვა ასპექტებს. სკოლის ეზოში ეწყობა ნაციონალური კუთხეები, სტენდები, სადაც ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი მოსწავლეები ვიზიტორებს აცნობენ ევროკავშირის ქვეყნებს, მათ კულტურას, ტრადიციებს და ა .შ. ევროპის დღის აღსანიშნავ ზეიმზე სრულდება სიმღერები ევროპულ ენებზე, მოსწავლეთა ქორეოგრაფიული ჯგუფები კი წარადგენენ ევროპულ ცეკვებს: ფლამინგოს, ვალსს და სხვ.