სკოლის ისტორია

თავისი არსებობის 16 წლის მანძილზე “ევროპული სკოლის“ განვითარების გზა სიახლეებით იყო გამორჩეული. სკოლა 2007 წელს დაფუძნდა. დასაწყისში ის მოიცავდა სკოლამდელი აღზრდის ცენტრიდან მერვე კლასის ჩათვლით არსებულ საფეხურებს. “ევროპული სკოლის“ დაარსების თავდაპირველი მიზანი იყო, ქართველი მოზარდებისთვის შეეთავაზებინა მაღალი ხარისხის დაწყებითი და საშუალო განათლება და მყარი საფუძველი ინგლისურ ენაში. ეს  ყოველივე მათ დაეხმარებოდა წარმატებების მიღწევაში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მოსწავლის და მისი მშობლების საგანმანათლებლო მიზნებთან არსებული არჩევნიდან გამომდინარე.

“ევროპული სკოლა“ საქართველოში მალევე გახდა პოპულარული. სკოლამ მოიპოვა განსაკუთრებული წარმატებები და არსებობის პირველსავე წლებში შეძლო სწრაფი ზრდა-განვითარება. აღნიშნული წარმატებების შედეგად სკოლის დამაარსებლებმა გადაწყვიტეს, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის საერთაშორისო პროგრამებიც შეეთავაზებინათ.

2009 წელს “ევროპულმა სკოლამ“ მოიპოვა საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის (IB DP) ავტორიზაცია, რომელიც მოიცავს მე-11-12 კლასებს. სკოლა გახდა საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) მსოფლიო სკოლა. ამის შემდეგ დაინერგა საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამა (IB MYP), რათა ბავშვებს საშუალება ჰქონოდათ, ადრეული საფეხურიდანვე დაეწყოთ საერთაშორისო განათლების მიღება. “ევროპულმა სკოლამ“ საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამის (IB MYP) ავტორიზაცია მოიპოვა 2012 წელს. ამავე პერიოდში დაინერგა საერთაშორისო ბაკალავრიატის დაწყებითი პროგრამა (PYP), რომელმაც ავტორიზაცია  2016 წელს მიიღო. 2022 წელს “ევროპულ სკოლას“ მიენიჭა საერთაშორისო ბაკალავრიატის კარიერული პროგრამის (CP) ავტორიზაცია და გახდა  საერთაშორისო ბაკალავრიატის უწყვეტი განათლების პირველი და ერთადერთი სკოლა რეგიონში, რომელიც ახორციელებს IB ოთხივე პროგრამას: IBPYP, IBMYP, IBDP და  IBCP. საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამების დანერგვით მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, გადასულიყვნენ სკოლაში არსებული  ერთი პროგრამიდან მეორეში, ნაცვლად სხვა საერთაშორისო სკოლის ძიებისა და შენაცვლებისა.

2010 წელს “ევროპულმა სკოლამ“ გაიარა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აკრედიტაცია, შემდგომ კი ავტორიზაციები 2016 და 2022 წლებში.

2013-2014 სასწავლო წელი საინტერესო სიახლეებით დაიწყო სკოლაში, რაც იყო შედეგი უამრავი ადამიანის ნაყოფიერი მუშაობისა. 2013 წლის სექტემბერში დაარსდა ამერიკული უმაღლესი სკოლა (AHS), რომელმაც დანერგა ამერიკული პროგრამა მე-8-12 კლასებში, 2023 -2024 სასწავლო წლიდან კი უკვე მე-6-7 კლასებიც გაიხსნა. ამერიკული უმაღლესი სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს AP  პროგრამას. 2012 წელს მოპოვებული ლიცენზიის საფუძველზე AHS  არის AP და  SAT-ის საგამოცდო ცენტრი.

2015 წლის ივნისში ამერიკულმა უმაღლესმა სკოლამ მიიღო ამერიკული ორგანიზაცია AdvancED-ისა და კოლეჯებისა და სკოლების ჩრდილო-ცენტრალური ასოციაციის (NCA) სრული აკრედიტაცია. 2020 წელს მიიღო სრული ამერიკული აკრედიტაცია Cognia-ს მიერ და მიენიჭა განათლების ხარისხის შთამბეჭდავი მაჩვენებელი (IEQ) – 345 ქულა 400-დან.

2021 წელს ამერიკულმა უმაღლესმა სკოლამ  მიიღო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაცია 4 წლის ვადით.

2015 წლის ნოემბერში “ევროპული სკოლა“გახდა College Board-ის წევრი,  2016 წელს კი – საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრი. ამავე წელს სკოლას გადაეცა “დარგის ლიდერის“  ოქროს მედალი.

2019 წლიდან კი “ევროპული სკოლა“ არის საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) აკრედიტებული პირველი სკოლა საქართველოში. CIS აკრედიტაცია არის დასტური იმისა, რომ სკოლის ქართულსა თუ საერთაშორისო პროგრამებში, სასწავლო პროცესსა და სკოლის ცხოვრების ყველა ასპექტში დანერგილია საერთაშორისო განათლების მაღალი სტანდარტები.

2019 წელს  “ევროპულ სკოლას” ბიზნეს რეიტინგების კავშირისა და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის ერთობლივი საერთაშორისო ჯილდო Leader of the Year გადაეცა. “ევროპული სკოლა“ წარმატებული საერთაშორისო სკოლაა, რომელმაც ქართულ კომპანიებს შორის ოქროს რეიტინგი მოიპოვა.

2021 წელს “ევროპული სკოლა“ “ოქროს ბრენდის” ჯილდოს მფლობელი გახდა. “ევროპული სკოლა“ რეგიონის წამყვანი სკოლაა. იგი 2021 წლიდან, აზერბაიჯანის ევროპულ სკოლასა (აზერბაიჯანი) და ნაზარბაევის ინტელექტუალურ სკოლებთან (ყაზახეთი) ერთად, არის კავკასიისა და ცენტრალური აზიის საერთაშორიოსო ბაკალავრიატის (IB) მსოფლიო სკოლების  ასოციაციის (CCAAIBWS)  დამფუძნებელი, ატარებს რეგიონულ კონფერენციებს, ვორქშოფებს და ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, საქმიანი კავშირებისა და ურთიერთობების დამყარებას.

როგორც საერთაშორისო სკოლა, “ევროპული სკოლა“ წარმოადგენს გარემოს, რომელშიც ქართველი და უცხოელი მოსწავლეები იღებენ განათლებას კეთილგანწყობილ ატმოსფეროში. ჩვენი უმთავრესი მიზანია, ხელი შევუწყოთ  მოსწავლეებს, გახდნენ გლობალურად მოაზროვნე, საერთაშორისო მოქალაქეები.

დღეს  “ევროპული სკოლა“ ამაყობს იმით, რომ თანამედროვე ბაზითა და კეთილმოწყობით, უახლესი ციფრული ინფრასტრუქტურითა და ქსელებით, სამეცნიერო ლაბორატორიებითა და რობოტიქსის კლასებით,  ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით მიჩნეულია ერთ-ერთ საუკეთესო საგანმანათლებლო ინსტიტუციად.

დაარსებისას “ევროპული სკოლის“ კარი შეაღო  311-მა მოსწავლემ 1-დან მე-8 კლასის ჩათვლით. ამჟამად სკოლაში ირიცხება 35 განსხვავებული ეროვნების 1500-ზე მეტი მოსწავლე. კულტურული მრავალფეროვნება სრულყოფს “ევროპულ სკოლაში“ არსებულ განათლების მაღალ დონეს.

ბოლო თექვსმეტი წლის განმავლობაში “ევროპული სკოლა“ მოსწავლეებს აწვდიდა იმ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რომლებიც მუდმივად განვითარებად   მსოფლიოში წარმატებების მისაღწევადაა აუცილებელი. დღეს ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში.

სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენ ვიპოვეთ სწორი მიმართულება; ვცდილობთ, მივაღწიოთ ჩვენს მაქსიმუმს და განვაგრძოთ გზა სრულყოფისკენ.