ხეების დარგვის აქცია - მეტი სიმწვანე და სუფთა ჰაერი ჩვენს ქალაქს

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება ადრეული ასაკიდანვე, რათა მათ გაიაზრონ გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობა და იგრძნონ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა ეკოლოგიაზე.
ევროპული სკოლის ამერიკული სექტორის მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, მიეღოთ მონაწილეობა ქალაქის გამწვანებაში და საკუთარი ხელით დაერგოთ ხეები.
მერიასთან თანამშრომლობით, ჩვენი სკოლის მოსწავლეებს გადაეცათ იფნის ნერგები, რომლებიც თავად დარგეს უნივერსიტეტის ქუჩაზე მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე.
ხუთშაბათს, 6 დეკემბერს, გამართულ გამწვანების აქციაში 35 მოსწავლე ჩაერთო, რომელთაც მიეცათ შესაძლებლობა, წვლილი შეეტანათ გარემოს გამწვანებაში. “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობა და გვსურს, რაც შეიძლება მეტად ვიზრუნოთ ჩვენი ქალაქის იერსახეზე. ყველამ ვიცით, რომ ჰაერის დაბინძურების საკითხი ჩვენს ქვეყანაში ძალიან სერიოზულად დგას და იმედი გვაქვს, რომ თუნდაც ერთი ხის დარგვით შევძლებთ ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ სამომავლო მდგომარეობის გაუმჯობესებაში.“- აღნიშნა მე-11 კლასის ერთ-ერთმა მოსწავლემ. “ვისურვებდით, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები სამომავლოდაც განმეორდეს და რაც შეიძლება, მეტ ადამიანს გაუჩნდეს გარემოზე ზრუნვის სურვილი“ – განაცხადა გამწვანების აქციის მონაწილე მე-10 კლასელმა.
ამერიკულ სექტორში ასეთი აქტივობები გაგრძელდება არა მხოლოდ თბილისის მასშტაბით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

Share on: