საგანმანათლებლო ტექნოლოგიები

ციფრული ტრანსფორმაციის მუდმივმოქმედი კომიტეტი

21-ე საუკუნეში მსოფლიო მრავალი ტექნოლოგიური გამოწვევის წინაშე დგას. მისი ცოდნის და გამოყენების საჭიროება ყოველდღიურად იზრდება, ხოლო განვითარების კოეფიციენტი ელვის სისწრაფით იწევს წინ. “ევროპული სკოლა“ ყოველთვის მზადაა ფეხი აუწყოს ტექნოლოგიურ აფეთქებას და  საკუთარი  წვლილი შეიტანოს მასწავლებლისა და მოსწავლის განვითარებაში, სასწავლო პროცესების გამარტივებასა და ისეთი მოსწავლეების ჩამოყალიბებაში, რომლებიც მზად იქნებიან ცვლილებებისათვის და ახალი ცოდნა-უნარების ათვისებისთვის. “ევროპულმა სკოლამ“ ჩამოაყალიბა ციფრული ტრანსფორმაციის მუდმივმოქმედი კომიტეტი, რომელიც აქტიურად მუშაობს ამ კუთხით.

ციფრული ტრანსფორმაციის მუდმივმოქმედი კომიტეტის მიზანია, ხელი შეუწყოს “ევროპულ სკოლას“,  მიიღოს  გამოწვევები და  ცვლილებები ტექნოლოგიურ ეპოქაში, რათა სწავლა/სწავლების პროცესი გახდეს უფრო მეტად მოსწავლეზე ორიენტირებული.

ციფრული ტრანსფორმაციის მუდმივმოქმედი კომიტეტის მთავარი ამოცანებია:

  • მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს განვითარებაზე ორიენტირებული გონება (Growth Mindset).
  • მაქსიმალურად შეეწყოს ხელი მოსწავლეთა ინოვაციებსა და ინიციატივებს.
  • ჩამოყალიბდეს უფრო მეტად ტექნოლოგიურად განვითარებული მასწავლებელი, რომელიც გახდება მენტორი და სწორად წარმართავს საგაკვეთილე პროცესს.
  • მოსწავლეებმა აიღონ უფრო მეტი პასუხისმგებლობა თავის სწავლაზე.
  • ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლების ეფექტურობის ასამაღლებლად.
  • პერსონიფიცირებული სწავლება და მუდმივ რეჟიმში ელექტრონული კონტენტის გამოყენება.
  • წახალისდნენ მასწავლებლები სკოლაში ეფექტურად გამოიყენონ ტექნოლოგიები ყველა საგნის სწავლებისას.
  • შექმნას ახალი ციფრული სასწავლო რესურსები და აქტივობები თითოეული სასწავლო თემისთვის.
  • გაიზარდოს მშობლების ჩართულობა სწავლების პროცესში.

ციფრული ტრანსფორმაციის მუდმივმოქმედი კომიტეტის თაოსნობით სკოლაში იმართება სხვადასხვა ტექნოლოგიური აქტივობები,  რომელიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს განივითარონ 21-ე საუკუნის უნარები.

ციფრული ტრანსფორმაციის მუდმივმოქმედი კომიტეტის  სტრუქტურა:

კომიტეტის თავმჯდომარე: სოფო ბაზაძე

თავმჯდომარის მოადგილე: ნინა ბიწკინაშვილი – ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებში დირექტორის მრჩეველის მოადგილე, დიზაინის პედაგოგი.

თავმჯდომარის მოადგილე: შორენა აბესაძე – ინოვაციური ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

წევრები:

პეტრე ბაბილუა – მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

სოფო ფაცაცია – საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

მაია რევია – ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ანა ჩახნაშვილი – “ამერიკული უმაღლესი სკოლის“ დეკანის მოადგილე.

გურანდა გოგალაძე – რობოტიქსისა და დიზაინის მასწავლებელი.

ალექსანდრე ჩუპრინი – IT მენეჯერი.

მთვარისა ბუსკივაძე – ენების მიმართულების ხელმძღვანელი.

 

საგანმანათლებლო ტექნოლოგია

ტექნოლოგია ყველგანაა და შესაბამისად, იგი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასთანაა გადაჯაჭვული. სწორედ ამიტომ, საკლასო ოთახში ტექნოლოგიების მიზანმიმართულად გამოყენება სწავლებისთვის მეტ შესაძლებლობას გვთავაზობს და საგანმანათლებლო პროცესს უფრო ხელმისაწვდომსა და მოქნილს ხდის. ჩვენ გვსურს, ჩვენი მოსწავლეების საკლასო ოთახი ვაქციოთ ისეთ მრავალფეროვან სივრცედ, სადაც სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის იქნება არა მხოლოდ საინტერესო, არამედ სასიამოვნოც.

“ევროპულ სკოლას“ სჯერა, რომ მუდმივად განახლებადი, მაღალტექნოლოგიური ეპოქის საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად პედაგოგებს, სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების მრავალმხრივი ფორმების განვითარება სჭირდებათ.

ამ მიზნის მისაღწევად “ევროპული სკოლა“ სხვადასხვა მეთოდს იყენებს საკლასო ოთახსა და ინტერნეტსივრცეში სწავლებისა და სწავლის პროცესის წასახალისებლად სტაციონარული კომპიუტერებით (პერსონალური კომპიუტერი და მაკინტოში), ლეპტოპებით, ელ-ფოსტით, სოციალური ქსელებით (სკაიპი/ფეისბუქი/ტვიტერი), საპრეზენტაციო პროგრამებით, გუგლით, მაიკროსოფტის საგანმანათლებლო პროგრამებით, დროფბოქსით, პროექტორით, სმარტდაფითა და სხვა საშუალებებით. სკოლა უზრუნველყოფს უსადენო ინტერნეტის უწყვეტ მიწოდებას მთელი კამპუსის ფარგლებში და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით ინტეგრირებულ საკლასო ოთახებს, რათა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ხელი შეუწყოს სწავლის პროცესს.

რატომ საგანმანათლებლო ტექნოლოგია?

დღესდღეობით, ისე როგორც არასდროს, ფასდაუდებელია საგანმანათლებლო ტექნოლოგიების როლი სასწავლო პროცესში, რადგან იგი შესაძლებლობას აძლევს პედაგოგებს,  სწავლების სხვადასხვა მეთოდთან ტექნოლოგიების ინტეგრირებით  უფრო მეტ შედეგს მიაღწიონ.

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი მჭიდროდ თანამშრომლობს სკოლის პედაგოგებსა და ადმინისტრაციასთან, რათა უზრუნველყოს საგანმანათლებლო კომპიუტერული პროგრამების ინტეგრირება სასწავლო გეგმაში. პროგრამა ხელს უწყობს ინოვაციური ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში დანერგვის ისეთ გზებს, რომლებიც გაზრდის მოსწავლეთა დაინტერესებასა და სწავლების ხარისხს. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი გვთავაზობს ისეთ ეფექტურ ტექნოლოგიებს, როგორებიცაა ინტერნეტსა და მულტიმედიაზე, ციფრულ თამაშებსა და  პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და სხვა.

BYOD (მოიტანე შენი საკუთარი მოწყობილობა – Bring Your Own Device): “ევროპულმა სკოლამ“ BYOD პროგრამა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ამ პროგრამის მიხედვით, მოსწავლეს შეუძლია სკოლაში მოიტანოს მობილური მოწყობილობა და გამოიყენოს იგი მხოლოდ აკადემიური მიზნებისთვის.

BYOD პროგრამის დანერგვას მნიშვნელოვანი შედეგები აქვს:

  1. იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა სასწავლო პროცესში – მოსწავლეებს მოსწონთ საკუთარი მოწყობილობების გამოყენება. საკლასო ოთახში ისინი უფრო მეტად არიან ჩართული სასწავლო პროცესში, როდესაც თავიანთი მოწყობილობებით სწავლობენ; თავად პროცესი კი უფრო ინტერაქტიულია, როდესაც ყველას აქვს წვდომა ტექნოლოგიებზე.
  2. სწავლება მოსწავლეებზეა ორიენტირებული – სწავლება ციფრულ ეპოქაში მოსწავლეებისთვის ცოდნის პირდაპირი ფორმით გადაცემიდან იმით ჩანაცვლდა, თუ როგორ მიიღონ მოსწავლეებმა ცოდნა დიდი ოდენობის ინფორმაციის გადამუშავებით. BYOD პროგრამამ სწავლების მოდელი შეცვალა. BYOD პროგრამის ფარგლებში გამოყენებული ტექნოლოგიებით მოსწავლეებს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ, თავად წარმართონ სწავლების პროცესი. იმის ნაცვლად, რომ მხოლოდ მასწავლებლის მონათხრობს უსმინონ, მოსწავლეებს შეუძლიათ თავადაც დასვან შეკითხვები და მოიძიონ პასუხები, შექმნან ახალი ცოდნა.
  3. იზრდება მოსწავლეებს შორის თანამშრომლობა და კომუნიკაცია – დღევანდელ საკლასო ოთახში ჩართულობის უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი მთავარი გზა თანამშრომლობაა. ტექნოლოგიების საშუალებით კი მოსწავლეები კომუნიკაციას ამყარებენ თანატოლებსა და პედაგოგებთან. BYOD პროგრამა მოსწავლეებს პედაგოგებთან ინტერაქტიული კომუნიკაციის დამყარების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობასა და სხვა მოსწავლეებთან დავალებებზე, პროექტებსა და სხვა თემატურ საკითხებზე მუშაობის საშუალებასაც აძლევს.

ციფრული მოქალაქეობა

ციფრული ტექნოლოგია ჩვენი მოსწავლეების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება კი მათი სტიქიაა. მაგრამ განა ყოველთვის ვასწავლით მათ, თუ როგორ გამოიყენონ ტექნოლოგიები სწორად? სწორედ აქ შემოდის ასპარეზზე “ციფრული მოქალაქის“ ცნება.

აუცილებელია, მოსწავლეებს ციფრული სამყაროს წესები ვასწავლოთ და ისინი უსაფრთხო და პასუხისმგებლობის მქონე ციფრულ მოქალაქეებად გავზარდოთ.

ჩვენი პროგრამა აერთიანებს ციფრული მოქალაქეობის ცხრა ელემენტს. ხელმისაწვდომობა, კომერცია, კომუნიკაცია, წიგნიერება, ეტიკეტი, სამართალი, უფლებები და პასუხისმგებლობა, ჯანმრთელობა და ჯანსაღი ცხოვრება, უსაფრთხოება მნიშვნელოვანი თემებია არა მხოლოდ ისტ-საგნის სასწავლო გეგმაში, არამედ ინტეგრირებულია სხვა დისციპლინების სასწავლო პროგრამებშიც.