დირექტორის მისალმება

მივესალმები ჩვენი სკოლის საზოგადოებას და “ევროპული სკოლით“ დაინტერესებულ ოჯახებს!

ორი ათწლეულის წინ “ევროპული სკოლა“ დიდი იდეით დაიწყო: შეექმნა ისეთი საგანმანათლებლო სივრცე, სადაც ცოდნა, ღირებულებები და ინოვაცია ერთად ჩამოაყალიბებდა მომავლის ლიდერებს. დღეს, როდესაც ჩვენი სკოლის დაარსებიდან მე-20 სასწავლო წელს ვიწყებთ, სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იდეა ასობით მოსწავლის, კურსდამთავრებულისა და ოჯახის საერთო ისტორიად იქცა.

გასული სასწავლო წელი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ამ გზაზე. “ევროპული სკოლამ“ უმასპინძლა ინოვაციური სწავლების მე-5 საერთაშორისო კონფერენციას და იქცა ინოვაციური სწავლების საერთაშორისო ჰაბად, საერთაშორისო დიალოგისა და თანამშრომლობის ცენტრად, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 500-ზე მეტი განათლების ლიდერი, ექსპერტი და პრაქტიკოსი შეიკრიბა უკეთესი განათლებისა და, შესაბამისად, უკეთესი მომავალი შექმნის მიზნით.

განსაკუთრებული სიამაყის საფუძველია 2026 წლის გამოშვების წარმატებაც. ჩვენი საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამების, ამერიკული უმაღლესი სკოლისა (ASAS) და ქართული პროგრამის კურსდამთავრებულებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ “ევროპული სკოლა“ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებისკენ უხნის გზას მოსწავლეებს. ისინი სწავლას გააგრძელებენ ევროპის, ამერიკისა და აზიის წამყვან უნივერსიტეტებში, ხოლო მიღებული შთამბეჭდავი დაფინანსება, აივი ლიგის უნივერსიტეტებში ჩარიცხვები და ახალი გეოგრაფიული მიმართულებები ჩვენი საუნივერსიტეტო ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის სისტემის ეფექტიანობის კიდევ ერთი დასტურია.

მე-20 სასწავლო წელს განსაკუთრებული სიახლითაც ვიწყებთ იხსნება “ევროპული სკოლის“ წავკისის კამპუსი. ეს არ არის მხოლოდ ახალი ინფრასტრუქტურა. ეს არის სწავლების ახლებური ფილოსოფიის გამოხატულება, სივრცე, სადაც თანამედროვე განათლება ბუნებასთან ჰარმონიაში ვითარდება, სადაც გარემო, თითოეული აქტივობა და თითოეული დღე ბავშვის ჰოლისტურ განვითარებას ემსახურება.

ახალ სასწავლო წელს 2000-მდე მოსწავლესთან ერთად ვიწყებთ — ეს მხოლოდ ზრდის მაჩვენებელი არ არის. ეს არის იმ ნდობის გამოხატულება, რომელსაც ყოველდღიურად გვიცხადებენ ოჯახები, როდესაც შვილების განათლებას სწორედ “ევროპულ სკოლას“ ანდობენ. ეს ნდობა ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა და ამავე დროს  მუდმივი განვითარების მთავარი მოტივაცია.

როგორც “ევროპული სკოლის“ გენერალურ დირექტორს, მჯერა, რომ ჩვენი უდიდესი ძალა ჩვენი საზოგადოებაა: მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და კურსდამთავრებულები, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან გარემოს, სადაც ცნობისმოყვარეობა, კეთილსინდისიერება, პასუხისმგებლობა და ლიდერობა ბუნებრივად ყალიბდება.

მე-20 სასწავლო წელს განსაკუთრებული მოლოდინებით ვიწყებთ. ერთგულნი ვრჩებით ჩვენი მისიის, ვიყოთ ტრანსფორმაციული განათლების ლიდერი საქართველოში და რეგიონში, შევქმნათ ახალი შესაძლებლობები ჩვენი მოსწავლეებისთვის და განათლების ძალით საფუძველი ჩავუყაროთ უკეთეს მომავალს.

გისურვებთ შთამაგონებელ, ბედნიერ და წარმატებულ სასწავლო წელს!

სოფიო ბაზაძე

“ევროპული სკოლის“ გენერალური დირექტორი