დირექტორის მისალმება

ძვირფასო მოსწავლეებო, პატივცემულო კოლეგებო, მშობლებო!

მოგესალმებით უკვე ნაცნობ და ახლადშემოერთებულ ოჯახებს, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება “ევროპულ სკოლაში“!

მოხარულნი ვართ, რომ “ევროპული სკოლის“ ოჯახის წევრები ხართ. ვაფასებთ თქვენს პოზიტიურ ენერგიას, ხარისხიანი განათლებისთვის თავდადებას და მოუთმენლად ველით თქვენთან თანამშრომლობას.

“ევროპულ სკოლაში” არსებულ სამივე პროგრამაში: ქართული პროგრამა, საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამები, ამერიკული უმაღლესი სკოლა – ერთნაირი სულისკვეთება შეიმჩნევა – ყველგან იგრძნობა სწრაფვა წარმატებისკენ. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, მივცეთ მოსწავლეებს არა მარტო საუკეთესო აკადემიური შედეგების მიღწევის შესაძლებლობა, არამედ განვუვითაროთ ის ფუნდამენტური უნარები და მიდგომა, რომელიც მათ მუდამ დაეხმარება წინსვლაში. ჩვენი მიზანი არ გახლავთ მხოლოდ მოსწავლეთა მომზადება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად, ვცდილობთ, მათ მთელი ცხოვრების მანძილზე ცოდნის დაუფლების ჩაუქრობელი სურვილი და მსოფლიოს შეცნობის ინტერესი ჩავუნერგოთ.

ჩვენი სტრატეგია – მუდმივად გავაუმჯობესოთ ჩვენი შემოთავაზებები, სკოლის წინსვლის წინაპირობაა. არასდროს ვკმაყოფილდებით შედეგებით, ვისწრაფვით უფრო მეტის მიღწევისკენ, ვნერგავთ სწავლა-სწავლების ინოვაციური ფორმებსა და მეთოდებს.

მასწავლებლის მხარდაჭერამ და ახალი გამოწვევების დაძლევის სწრაფვამ კიდევ უფრო წაახალისა მოსწავლეები, მაქსიმალური ძალისხმევა გამოევლინათ და საუკეთესო შედეგები მიეღოთ. ჩვენ ვამაყობთ 2024 წლის კურსდამთავრებულთა მიღწევებით. წელს ამერიკის პრეზიდენტის ჯილდო საგანმანათლებლო წარჩინებისთვის და საგანმანათლებლო პროგრესისთვის გადაეცა ამერიკული უმაღლესი სკოლის შვიდ მოსწავლეს, სადიპლომო და კარიერული პროგრამების შვიდმა მოსწავლემ,  ქართულ პროგრამაში კი ექვსმა მოსწავლემ დაამთავრა სკოლა ოქროს მედალზე.

სკოლამ სწავლების პროცესში დანერგილი სტრატეგიებით, საგაკვეთილო პრაქტიკითა და საგანმანათლებლო სისტემებით დაადასტურა, რომ საგანმანათლებლო ინოვაციების მიმართულებით დარგის ლიდერია.

“ევროპულ სკოლას“ ჰყავს სამოცამდე მაიკროსოფტის ინოვატორი მასწავლებელი, რომელთა შორის არიან მაიკროსოფტის ინოვატორი ექსპერტ-მასწავლებლები (MIE Expert).

ბოლო წლებში საგანმანათლებლო, ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით ჩატარებული  კვლევების საფუძველზე განვახორციელეთ ინვესტირება ტექნოლოგიურ რესურსში, რომელიც მნიშვნელოვნად დაეხმარა სწავლაში ჩვენს მოსწავლეებს. ყველა საკლასო ოთახი აღიჭურვა სმარტ დაფით, განახლდა კომპიუტერები კომპიუტერულ ლაბორატორიებში, STEAM განათლების გასაძლიერებლად შევიძინეთ Pepper და NAO რობოტები, რაც კიდევ ერთი დამატებითი შესაძლებლობა გახდა მოსწავლეებისთვის, რეალურ ცხოვრებაში დაენერგათ საკუთარი იდეები.

სკოლამ შეიმუშავა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების პროგრამა, რომელიც გაწერილია 2021-2024 წლების ტექნოლოგიურ გეგმაში. აღნიშნული დოკუმენტი, სხვა უმნიშვნელოვანეს ასპექტებთან ერთად, შეიცავს “ევროპული სკოლის“მასწავლებლის ციფრული კომპეტენციის ჩარჩოს, რომელიც მასწავლებლის ციფრული კომპეტენციის ევროპულ ჩარჩოს (DigCompEdu) ეყრდნობა და  პედაგოგებს სთავაზობს დროში გაწერილ კომპლექსურ შესაძლებლობებს, კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანონ საკუთარი ციფრული უნარები.

“ევროპული სკოლა“ რეგიონში საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) უწყვეტი განათლების ერთადერთი სკოლაა, რომელიც IB -ის ოთხივე პროგრამას ახორციელებს:  IBPYP, IBMYP, IBDP და IBCP.

2023-2024 წელს CP პროგრამის მოსწავლეთა პირველმა კოჰორტამ მიიღო დიპლომები და შეიძენა უნიკალური პროფესიული გამოცდილება მასპინძლობის, გამოყენებითი მეცნიერებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიის მიმართულებით.

რა სიახლეები იკვეთება ჰორიზონტზე “ევროპული სკოლის“ საზოგადოებისთვის?

“ევროპული სკოლის’’ მოსწავლეები იღებენ უმაღლესი ხარისხის განათლებას უსაფრთხო, თანამედროვე სასწავლო გარემოში, სადაც მოწინავე ინფრასტრუქტურა, უახლესი ტექნოლოგიური რესურსები სწავლების  უმთავრესი კომპონენტია.

“ევროპული სკოლა“ ახალ სასწავლო წელს მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება. არსებული შენობების (A და B) ახლომდებარე ტერიტორიაზე ვხსნით  სკოლის ახალ შენობას (შენობა C), რომელიც “ევროპული სკოლის“ პრიორიტებების ფიზიკური გამოხატულებაა. გამორჩეული დიზაინის სასწავლო სივრცეებით, ულტრათანამედროვე მოწყობილობებითა და ტექნოლოგიებით, ახალი შენობა მომავლის საგანმანათლებლო დაწესებულების პროტოტიპია და ხელს უწყობს შემოქმედებითობისა და ინოვაციების აქსელერაციას “ევროპულ სკოლაში“.

წელს სკოლა საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) რეაკრედიტაციას გადის. “ევროპული სკოლა“ 2019 წლიდან არის აღნიშნული ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული ერთადერთი სკოლა საქართველოში, რაც ადასტურებს, რომ სასწავლო პროგრამები, პროცესები და სკოლის ცხოვრების ყველა ასპექტი უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია.  რეაკრედიტაციის პროცესი სკოლის მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვისა და   მისიისადმი ერთგულების დემონსტრირებაა და ნათელყოფს, რომ სკოლა აგრძელებს ახალი სიმაღლეებისკენ ინოვაციების გზებით სვლას.

მოუთმენლად ველით არსებული და ახალი მოსწავლეების მოსვლას სკოლაში – ჩვენ ვაგრძელებთ ზრდას! წელს განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ახალი მოსწავლე გვყავს, რაც “ევროპული სკოლისადმი“ ნდობის მაღალ ხარისხზე მიგვანიშნებს. მე, როგორც “ევროპული სკოლის“ დირექტორს, ჩვენი თანამშრომლებისა და მოსწავლეების დიდი იმედი მაქვს. მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან აქტიური თანამშრომლობით  შესაძლებელს გავხდით, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა იცხოვრონ შთაბეჭდილებებით მდიდარი, ბედნიერი, სრულყოფილი ცხოვრებით და თავიანთი წვლილი შეიტანონ სკოლის, ქვეყნისა და მსოფლიოს განვითარებაში.

გვჯერა, ერთად შევძლებთ, ეს წელი თითოეული მოსწავლისთვის ვაქციოთ განვითარებისა და მიღწევების წლად.

წარმატებულ და მშვიდობიან 2024-2025 სასწავლო წელს გისურვებთ!

კეთილი სურვილებით,

სოფიო ბაზაძე
ევროპული სკოლის დირექტორი