სიახლეები და ღონისძიებები

სიახლეები

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა “ევროპულ სკოლაში“

25 May 2018

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა “ევროპულ სკოლაში“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, 2018 წლის 25 მაისს “ევროპულ სკოლაში“ სხვადასხვა აქტივობა ჩატარდა. დილა დაიწყო სკოლის მისაღებში შეკრებით, სადაც გამოფენილი იყო მოსწავლეების მიერ შექმნილი საქართველოს დროშა და პირველი რესპუბლიკის სიმბოლოები: დროშა, გერბი, კანონები, ფულის ერთეული - ბონი. გაკვეთილებზე ხაზი გაესვა 26 მაისის მნიშვნელობას. მოსწავლეებმა სკოლის ეზო დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული სიმბოლიკით მოხატეს, კედლებზე კი ამერიკული უმაღლესი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს წარწერა: 100 FREE.

“ფიფქია და ათი ჯუჯა“ ევროპულ საბავშვო ბაღში

24 May 2018

2018 წლის 23 მაისს, “ევროპულ საბავშვო ბაღში“ ინგლისურენოვან “სანი“ ჯგუფში (3-4 წლიანების ჯგუფი) ჩატარდა თეატრალური დადგმა სახელწოდებით “ფიფქია და ათი ჯუჯა.“ ფორმაში გამოწყობილმა პატარებმა წარმოადგინეს ის მასალა, რომელიც წლის განმავლობაში შეისწავლეს.

მოგზაური გამოფენა “ ევროპულ სკოლაში“

24 May 2018

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, 2018 წლის 23 მაისს ქართული პროგრამის მე-9-10-11 კლასების მოსწავლეებს ჩაუტარდათ საინტერესო გაკვეთილი სახელწოდებით “მოგზაური გამოფენა.“ მოზარდებმა ხელოვნების მასწავლებელთან ერთად საქართველოს უახლესი ისტორია განიხილეს და ხელოვნება ახალი კუთხით დაინახეს; კერძოდ, მათ იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის პროტესტის ხელოვნება, მხატვრობა, ხელოვნებისა და ცენზურის დაპირისპირება, გამოხატვის თავისუფლება და ა.შ. ბავშვებმა დაათვალიერეს ფოტოები და ნამუშევრები, რომლებიც ქვეყნის უახლესი ისტორიის სხვადასხვა პერიოდში არის შექმნილი და ისაუბრეს მათ მნიშვნელობაზე.

ვიკი-კემპი “ევროპულ სკოლაში“

22 May 2018

2018 წლის 19 მაისს, “ევროპულმა სკოლამ“ კიდევ ერთხელ უმასპინძლა “ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის“ ერთდღიან ვიკი-ბანაკს. რესპუბლიკის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან ერთად ბანაკის მუშაობაში ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. ვიკი-ბანაკი ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის და მისი ვიცე-პრეზიდენტის, ევროპული სკოლის ისტორიის მასწავლებლის, მანანა შეყილაძის ორგანიზებით ჩატარდა.

ლექცია თემაზე “საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამარცხების მთავარი მიზეზი“

21 May 2018

2018 წლის 21 მაისს, “ევროპულ სკოლაში“ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩატარდა ლექცია თემაზე “საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამარცხების მთავარი მიზეზი“ ლექციის მიზანი იყო, მსმენელებს დაენახათ, თუ რა ძალა იდგა დამოუკიდებელი საქართველოს სათავეში 1918-1921 წლებში და რატომ ვერ მოხერხდა საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა. ლექციაზე ნაჩვენები იყო მწვავე დაპირისპირება მემარცხენე (მარქსისტულ) და მემარჯვენე (ეროვნულ) ძალებს შორის: მემარცხენეების ლიდერი ი. ჭავჭავაძეს “ბნელეთის მოციქულს“ უწოდებდა. ლექციის მიზანი იყო, ეჩვენებინა მსმენელებისთვის, რომ დამოუკიდებელი საქართველოს სათავეში მართლაც “ბნელეთის მოციქულები“ იდგნენ და სწორედ ეს გახდა საქართველოს გარდაუვალი დამარცხების მიზეზი.

პროექტი “ჩემი ქალაქი“

20 May 2018

2018 წლის 18 მაისს “ევროპული სკოლის“ სააქტო დარბაზში მოეწყო პროექტის - “ჩემი ქალაქი“ - ჩვენება. პროექტში მონაწილეობას იღებდნენ ქართული პროგრამისა და IB პროგრამების II და V კლასების მოსწავლეები. მოზარდებმა მეორადი მასალებისგან დაამზადეს ქალაქის უბნების მაკეტები, სკვერები, შენობები, აეროპორტები, ხიდები, და ა.შ. მეორად მასალად ბავშვებმა გამოიყენეს ძველი ყუთები, ფერადი ფურცლები, კოქტეილის ჩხირები, პლასტელინი და კომპიუტერის დისკები. ყველა კლასში განსაკუთრებით აქტუალური იყო რეკრეაციული ზონებისა და გასართობი ცენტრების თემა.

ბოლო ზარი “ევროპულ სკოლაში“

18 May 2018

2018 წლის 18 მაისს “ევროპულ სკოლაში“ მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. დილა ჟრიამულით დაიწყო. პირველი გაკვეთილი დამრიგებლებმა სიმბოლურად ჩაუტარეს კურსდამთავრებულებს. გაკვეთილის შემდეგ დაიწყო ბოლო ზარის მხიარულება - დამშვიდობება და სამახსოვრო ავტოგრაფების დარიგება. უმცროსკლასელებმა კურსდამთავრებულები ცეკვით გააცილეს. ტრადიციისამებრ, მე-12 კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ხე, შემდეგ კი გაიხსნა კურსდამთავრებულთა კედელი, რომელზეც მოსწავლეებმა სამახსოვრო ხელმოწერები დატოვეს. “ევროპული სკოლის“ აკადემიურმა დირექტორმა, ქალბატონმა სოფიო ბაზაძემ, კურსდამთავრებულებს გზა დაულოცა და წარმატებები უსურვა.

უსაფრთხოების გაკვეთილები “ევროპულ სკოლაში“

17 May 2018

2018 წლის 17 მაისს “ევროპული სკოლის“ შიდა ეზოში ქართული პროგრამის II “ბ“ კლასს ჩაუტარდა სამოდელო გაკვეთილი თემაზე “ჩვენ ვსწავლობთ ქუჩაში მოძრაობის წესებს.“ გაკვეთილზე მოწვეული იყო პოლიციის მაიორი, ლევან წიკლაური. პოლიციის მაიორმა ბავშვებს სატრანსპორტო მოძრაობის წესებზე სიმულაციური სწავლება ჩაუტარა. ბავშვებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ყველა აქტივობაში: გაეცნენ საგზაო ნიშნებს, შუქნიშანზე გადასვლის წესებს, ზებრა-გადასასვლელის მნიშვნელობას, ისაუბრეს პატრულის ფუნქცია-მოვალეობებზე. მოწვეულმა სტუმარმა ამომწურავად უპასუხა ბავშვების მიერ დასმულ შეკითხვებს.

შემაჯამებელი გაკვეთილები ქართული პროგრამის დაწყებით საფეხურზე

17 May 2018

2018 წლის 16 მაისს, “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის I “ა“ კლასის მოსწავლეებმა შეაჯამეს ტრანსდისციპლინარული თემა “როგორ ვითანაცხოვროთ ცოცხალ სამყაროსთან.“ ბავშვებმა სახალისო აქტივობების მეშვეობით გადმოსცეს ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება, განიხილეს სასარგებლო და მავნე ბაქტერიები, იმსჯელეს თუ რა გავლენას ახდენს მავნე ჩვევები ადამიანის ჯანმრთელობაზე, და ისაუბრეს გარემოს მიმართ მზრუნველი დამოკიდებულების მნიშვნელობაზე.

შექსპირის პიესები “ევროპულ სკოლაში“

17 May 2018

2018 წლის 16 მაისს, “ევროპული სკოლის“ სააქტო დარბაზში შედგა სპექტაკლის პრემიერა მოსწავლეების მონაწილეობით. სპექტაკლი დაიდგა უილიამ შექსპირის პიესის, “ჭირვეულის მორჯულების“ მიხედვით. მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, გამოემჟღავნებინათ თავიანთი სამსახიობო, მუსიკალური თუ სარეჟისურო ნიჭი. სპექტაკლის დადგმასა და შექსპირის პერსონაჟების გაცოცხლებაში “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს დაეხმარა “ევროპული სკოლის“ თეატრალური სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, ლიკა ქობულაძე.

პროექტის პრეზენტაცია "ევროპულ სკოლაში"

16 May 2018

2018 წლის 16 მაისს “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მე-7 “ბ“ კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ღია გაკვეთილში სათაურით “მე გადმოვცურავ ზღვას.“ მოსწავლეებმა წაიკითხეს ცნობილი ნაწარმოებები, გაიხსენეს ცნობილი ფილმები, მოირგეს ლიტერატურული გმირების როლები და თავად გამოიგონეს ახალი პერსონაჟები.

გიორგი ოვაშვილი სტუმრად “ევროპულ სკოლაში“

15 May 2018

2018 წლის 15 მაისს, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მე-9 კლასის მოსწავლეებს შეხვდა IB ბიბლიოთეკაში. მოსწავლეები გაეცნენ რეჟისორის ცნობილ ნამუშევრებს. დისკუსიის მთავარი თემა იყო გიორგი ოვაშვილის 2009 წლის ფილმი “გაღმა ნაპირი.“

აკრედიტაციები

პარტნიორები