სიახლეები

ექსკურსია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
06 Nov 20186 ნოემბერს IV ბ კლასის მოსწავლეებმა დაათვალიერეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენილი ქართულ ხელნაწერთა უნიკალური კოლექცია. ბავშვებმა მოისმინეს ინფორმაცია წიგნის შექმნის პროცესისა და ქართული ანბანის განვითარების ეტაპების შესახებ.

გასვლითი გაკვეთილი ძალისას ნაქალაქარზე
05 Nov 2018ამერიკული სექტორის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს ძალისას ნაქალაქარი, წილკნის ღვთისმშობლის სახელობის ადრექრისტიანული ეკლესია, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და მცხეთის თეატრონი. ძალისას ნაქალაქარში გაიმართა კლასიკური ცივილიზაციის გასვლითი გაკვეთილი, რომლის დროსაც მოსწავლეებმა დაათვალიერეს ძვ.წ II -ახ.წ. III საუკუნის ნაქალაქარის ნაშთები: საზოგადოებრივი აუზი, რომაულ ყაიდაზე აგებული ვილა, საკანალიზაციო სისტემა, მოზაიკით მოპირკეთებული ტრიკლინიუმი. მოსწავლეებმა უპასუხეს შეკითხვებს საქართველოსა და რომის ურთიერთობებზე, რომაული არქიტექტურის ინოვაციებისა და მოზაიკაზე გამოსახული მითოლოგიური სიუჟეტის შესახებ, ისაუბრეს რომაული აბანოების (თერმების) მოწყობის პრინციპებზე.

გასვლითი გაკვეთილი ეროვნულ მუზემუსა და გალერეაში
05 Nov 2018ამერიკული სექტორის მე-11 კლასის მოსწავლეები სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმსა და ეროვნულ გალერეას ეწვივნენ. საქართველოს მუზეუმში მათ ფრიდა კალოსა და დიეგო რივერას ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა იხილეს. გამოფენა “დიეგო და ფრიდა. ღიმილი შუა გზაზე" პირველად 2002 წელს მოეწყო და მას შემდეგ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობს. მოსწავლეებმა ასევე ნახეს საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი ექსპოზიცია და ქართული კოსტიუმებისა და იარაღის გამოფენა. შემდგომ ისინი ეროვნულ გალერეას ეწვივნენ, სადაც მუდმივმოქმედ ექსპოზიციაზე დაათვალიერეს მე-20 საუკუნის უდიდესი ქართველი მხატვრების: ნიკო ფიროსმანაშვილის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილისა და მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძის ნამუშევრები.

Dasaran სტუმრად ევროპულ სკოლაში
04 Nov 2018ჩვენს სკოლას პატივი ჰქონდა ემასპინძლა საერთაშორისო კომპანია Dasaran-ის წარმომადგენლებისათვის. Dasaran Software-as-a-Service (SaaS) ორგანიზაციაა, რომელიც დაარსებულია სომხეთში და უკვე 9 წელია, ქმნის პროდუქტებს სკოლებისათვის საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური მიზნების მისაღწევად. Dasaran-ის წარმომადგენლებმა ევროპული სკოლის ხელმძღვანელობას გააცნეს მათი პროგრამული უზრუნველყოფის შესაძლებლობები და მიიღეს ინფორმაცია ჩვენი სკოლის მიმდინარე ტექნიკური მოთხოვნების შესახებ. დასასრულს, სტუმრებს სკოლის ტურისას მეგზურობა ჩვენმა მოსწავლეებმა გაუწიეს და გააცნეს ევროპული სკოლის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ახლადგახსნილი სამრეწველო ინოვაციების მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია FabLab.

პატარების პრეზენტაცია მშობლებისათვის
02 Nov 2018პარასკევს,2 ნოემბერს,ევროპულ ბაღში მოვაწყვეთ გავლილი მასალის პრეზენტაცია-გამოფენა. ბავშვებმა დედიკოებს და მამიკოებს დაათვალიერებინეს თავიანთი ნამუშევრები სხვადასხვა თემაზე,ასევე დააგემოვნებინეს საკუთარი ხელით დამზადებული ორცხობილები,ჩურჩხელები და ვაშლის ჯემი.

მხიარული სტარტები
01 Nov 201831 ოქტომბერს მეოთხეკლასელებს შორის გაიმართა “მხიარული სტარტები“ . შეჯიბრმა ჩაიარა საინტერესოდ, მაღალი იყო გუნდების მოგების მოტივაცია. ბავშვებმა გამარჯვებისათვის თავი არ დაზოგეს და კარგი სპორტული მზაობაც გამოავლინეს.

"ტვინების ბრძოლა" - შიდა სასკოლო ჩემპიონატი
01 Nov 2018ევროპულ სკოლაში ინტელექტუალური თამაში “ტვინების ბრძოლა“ გაიმართა. შიდა სასკოლო ტურში 5-კაციან გუნდებად დაკომპლექტებულმა მოსწავლეებმა 15 შეკითხვას გასცეს პასუხი. გუნდები 3 ასაკობრივ კატეგორიად იყვნენ დაყოფილი: მე-3-5 კლასელები, მე-6-8 კლასელები და მე-9-12 კლასელები. პირველ კატეგორიაში გაიმარჯვეს გუნდებმა “მებრძოლი ტვინები“(ქართული სექტორის მე-6ბ კლასი) და ტვინიკოსები(PYP, მე-4/მე 5 კლასები), მეორე კატეგორიაში გაიმარჯვა “ტესლამ“ (MYP, მე-8ა კლასი), ხოლო მესამე კატეგორიაში გამარჯვებული “ამერიკულის გუნდი“ (AHS მე-10 კლასი) გახდა. მომდევნო ეტაპზე, მონაწილე გუნდების საუკეთესო ნახევარი სხვა სკოლების გამარჯვებულ გუნდებს დაუპირისპირდება.

რობოტების რბოლა პირველკლასელებს შორის
30 Oct 2018პირველკლასელებს შორის მოეწყო გუნდური შეჯიბრი - რობოტების რბოლა. გუნდების მიერ დაპროგრამებული რობოტები წინასწარ განსაზღვრულ გზაზე წარმატებით უნდა მისულიყვნენ დანიშნულების ადგილამდე. ბავშვები დიდი ინტერესითა და აზარტით ჩაერთნენ შეჯიბრში. პატარებს მათი მშობლები და გულშემატკივრები ამხნევებდნენ. გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ სერტიფიკატები და შოკოლადის მედლები.

საუბრები ფსიქოლოგთან - როგორ გავუმარტივოთ პირველკლასელებს სკოლასთან ადაპტაცია
30 Oct 2018ევროპული სკოლის მოსწავლეთა მხარდაჭერის ცენტრი აგრძელებს შეხვედრებს ,,საუბრები ფსიქოლოგთან''. ამჯერად, სკოლის ფსიქოლოგი ქეთევან ოსიაშვილი ჩვენი პირველკლასელების მშობლებს შეხვდა სკოლასთან მათი შვილების ადაპტაციის თემაზე სასაუბროდ. შეხვედრაზე მშობლებს მიეწოდათ რეკომენდაციები სკოლასთან ბავშვის შეჩვევის პროცესის ხელშეწყობაზე. ამასთანავე, ფსიქოლოგმა მათ ასწავლა მეთოდები ბავშვებში შემეცნებითი პროცესების (აზროვნება, მეხსიერება, ყურადღება და წარმოსახვა) ეფექტური განვითარებისათვის.