სიახლეები

ექსკურსია ტაო-კლარჯეთში - უძველესი ქართული ძეგლების კვალდაკვალ

18 Oct 2018

11-14 ოქტომბერს ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები ტაო-კლარჯეთში გაემგზავრნენ ექსკურსიაზე. მათ მოინახულეს შავშეთის, კლარჯეთისა და ტაოს კულტურული ძეგლები. მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, საკუთარი თვალით ენახათ ის მნიშვნელოვანი ადგილები, რომელთა შესახებაც საქართველოს ისტორიისა და ქართული ჰაგიოგრაფიის კურსის შესწავლისას იღებენ ინფორმაციას. ოთხდღიანი ტურის განმავლობაში მათ მრავალი ისტორიულ-კულტურული ძეგლი მოინახულეს, მათ შორის: მერეს ციხე, ქაჯეთის ციხე, არტაანი, შავშეთი, სათლეს ციხე, ტბეთი, დოლისყანა, ართვინი, არტანუჯი, ჯოჯოხეთის კანიონი, ახიზას ციხე, იუსუფელი, ოთხთა ეკლესია, კავკასიძეების ციხე, ვეჟანგეთის ციხე, იშხანი, ოშკი, ხახული, თორთუმის ჩანჩქერი, თორუმის ციხე და ბანის ტაძარი.

მე-2 კლასელები სტუმრად გარდენიაში

18 Oct 2018

17 ოქტომბერს, ევროპული სკოლის ქართული სექტორის მე-2 ბ კლასელები “გარდენიას“ ესტუმრნენ. მასპინძლებმა პატარებს დაათვალიერებინეს გარემო და მცენარეებზე უამრავი საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს. სახალისო მწვანე გაკვეთილზე მოსწავლეებმა თიხის ქოთნები ბუნებრივი საღებავით შეღებეს, მოხატეს და ბოლოს, უფროსების დახმარებით ყვავილებიც ჩარგეს. ექსკურსიით ნასიამოვნები მეორეკლასელები სკოლაში დაბრუნების შემდეგ კიდევ დიდხანს უზიარებდნენ ერთმანეთს “გარდენიაში“ მიღებულ შთაბეჭდილებებს.

ხელების დაბანის საერთაშორისო დღე - ვსწავლობთ სუფთა ხელების მნიშვნელობას

16 Oct 2018

15 ოქტომბერს, ევროპული ბაღი შეუერთდა ხელების დაბანის საერთაშორისო დღეს. ჩვენმა ბავშვებმა კიდევ ერთხელ მიიღეს ინფორმაცია ხელების დაბანის მნიშვნელობაზე და ამ თემაზე შექმნილი საინტერესო ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს. ბაღს სტუმრად ეწვია თოჯინა"წყლის წვეთი", რომელმაც კიდევ უფრო გაახალისა ეს დღე. ბოლოს, პატარები ერთმანეთს შეეჯიბრნენ ხელების სწრაფად დაბანაში და გამარჯვებული ჯგუფიც გამოვავლინეთ.

გასვლითი გაკვეთილი მთაწმინდაზე

16 Oct 2018

ამერიკული სექტორის მე-11 კლასის მოსწავლეებს ქართული ენის გასვლითი გაკვეთილი მთაწმინდაზე, მამა დავითზე ჩაუტარდათ. მოსწავლეებმა ლიტერატურის მასწავლებელ თეკლა ბერაძესთან და კლასის დამრიგებელ ანა ხუციძესთან ერთად დაათვალიერეს ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი. ისინი ეწვივნენ ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავს, სადაც წაიკითხეს და განიხილეს ლექსი ”შემოღამება მთაწმინდაზე“.

გასვლითი გაკვეთილი დმანისში

16 Oct 2018

ამერიკული სექტორის მე-8 კლასის მოსწავლეებს გასვლითი გაკვეთილი დმანისში ჩაუტარდათ. მათ იხილეს ადგილები სადაც არქოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. მოწვეული სტუმარი იყო არქეოლოგი სოფიო ფანჩულიძე, რომელიც 25 წლის განმავლობაში დმანისის არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობდა, მან ისაუბრა დმანისის ჰომინინების, ჰომო გეორგიკუსების ცხოვრების შესახებ, ასევე უამბო მოსწავლეებს იმ პერიოდში არსებულ მცენარეებსა და ცხოველებზე. მოსწავლეებმა ნახეს ფილმი არქოლოგიური გათხრებისა და 1937 წლიდან დღემდე დმანისის აღმოჩენების შესახებ. მათ ასევე დმანისის შუა საუკუნეების ნაქალაქარი დაათვალიერეს.

ევროპული სკოლის მოსწავლე საფრანგეთის ელჩმა დააჯილდოვა

14 Oct 2018

ჩვენი მოსწავლეების კიდევ ერთი წარმატება - საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, ბატონმა პასკალ მენიემ, ევროპული სკოლის მე-10 კლასელი სალომე ზედგენიძე დააჯილდოვა. სალომე ფრანგულენოვანი ესსების კონკურსში, "ადამიანი და კანონი", ერთ-ერთი საუკეთესო ნაშრომის ავტორად დასახელდა და როგორც კონკურსის გამარჯვებული მონაწილე, მისი ფრანგული ენის მასწავლებელ თინათინ მაჭარაშვილთან ერთად გაემგზავრება ყვარელში, იუსტიციის სახლში კიბერ უსაფრთხოების ვორქშოფზე.

ჩვენი ბაღის მასწავლებლები ტრენინგზე "ვისწავლოთ თამაშით"

14 Oct 2018

13-14 ოქტომბერს, ბავშვთა განვითარების ინსტიტუტში ევროპული ბაღის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი "ვისწავლოთ თამაშით - თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში". ტრენინგი მიზნად ისახავდა დაეხმაროს მასწავლებლებს კიდევ უფრო სახალისო, მრავალფეროვანი და ბავშვებისათვის საინტერესო გახადონ გაკვეთილები.

შეხვედრა ევროპული სკოლის კურსდამთავრებულ სალომე ვაჩეიშვილთან

13 Oct 2018

ხუთშაბათს, 11 ოქტომბერს, ევროპულ სკოლაში სასიამოვნო სტუმარი გვეწვია - ჩვენი კურსდამთავრებული სალომე ვაჩეიშვილი. სალომე ამჟამად გერმანიაში, Bard College Berlin-ში მუშაობს მიღების სამსახურის მრჩეველისა და რეკრუიტმენტის კოორდინატორის პოზიციაზე. როგორც IB (საერთაშორისო ბაკალავრიატის) პროგრამის ყოფილმა მოსწავლემ, სალომემ მარტივად იპოვნა სკოლის ამჟამინდელ მოსწავლეებთან საერთო ენა და ინტერაქტიულ ინფო-სესიაზე პირადი გამოცდილებიდან მისცა რჩევები დამსწრეებს იმ გამოწვევების დასაძლევად, რომელიც მომავალი პროფესიული მიმართულებისა და სასურველი უნივერსიტეტის არჩევას უკავშირდება.

კინგსის ოლიმპიადის სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალი

12 Oct 2018

კინგსმა ოლიმპიადაში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებებისათვის ევროპული სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა.