დირექტორის მისალმება

ძვირფასო მოსწავლეებო, პატივცემულო კოლეგებო, მშობლებო!

მოგესალმებით უკვე ნაცნობ და ახლადშემოერთებულ ოჯახებს, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება “ევროპულ სკოლაში“!

მოხარულნი ვართ, რომ “ევროპული სკოლის“ ოჯახის წევრები ხართ. ვაფასებთ თქვენს პოზიტიურ ენერგიას, ხარისხიანი განათლებისთვის თავდადებას და მოუთმენლად ველით თქვენთან თანამშრომლობას.

“ევროპულ სკოლაში” არსებულ სამივე პროგრამაში: ქართული პროგრამა, საერთაშორისო ბაკალვრიატის პროგრამები, ამერიკული უმაღლესი სკოლა – ერთნაირი სულისკვეთება შეიმჩნევა – ყველგან იგრძნობა სწრაფვა წარმატებისკენ. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, მივცეთ მოსწავლეებს არა მარტო საუკეთესო აკადემიური შედეგების მიღწევის შესაძლებლობა, არამედ განვუვითაროთ ის ფუნდამენტური უნარები და მიდგომა, რომელიც მათ მუდამ დაეხმარება წინსვლაში. ჩვენი მიზანი არ გახლავთ მხოლოდ მოსწავლეთა მომზადება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად, ჩვენ ვცდილობთ, მათ მთელი ცხოვრების მანძილზე ცოდნის დაუფლების ჩაუქრობელი სურვილი და მსოფლიოს შეცნობის ინტერესი ჩავუნერგოთ.

ჩვენი სტრატეგია – მუდმივად გავაუმჯობესოთ ჩვენი შემოთავაზებები, სკოლის წინსვლის წინაპირობაა. არასდროს ვკმაყოფილდებით შედეგებით, ვისწრაფვით უფრო მეტის მიღწევისკენ. პანდემიის ფონზე შექმნილმა ვითარებამ მასწავლებლები და მოსწავლეები ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა – მოეძებნათ სწავლა-სწავლების ინოვაციური ფორმები და მეთოდები. ჩვენ შევძელით, არსებული სირთულე ახალი გამარჯვების საწინდარი გამხდარიყო. “ევროპული სკოლის“ მასწავლებლებმა განათლების ახლებურ პარადიგმას სწრაფად აუღეს ალღო და მოსწავლეებს მაღალკვალიფიციური მეგზურობა გაუწიეს ონლაინ და ჰიბრიდული სწავლების განსხვავებულ სამყაროში.

მასწავლებლის მხარდაჭერამ და ახალი გამოწვევების დაძლევის სწრაფვამ კიდევ უფრო წაახალისა მოსწავლეები, მაქსიმალური ძალისხმევა გამოევლინათ და საუკეთესო შედეგები მიეღოთ. ჩვენ ვამაყობთ 2021 წლის კურსდამთავრებულთა მიღწევებით. წელს სადიპლომო პროგრამის მოსწავლეების დიპლომის საშუალო ქულა 35-მდე გაიზარდა, ოთხმა კურსდამთავრებულმა კი მიიღო დიპლომი 40 და უფრო მაღალი ქულით, ამერიკის პრეზიდენტის ჯილდო საგანმანათლებლო წარმატებისთვის გადაეცა ამერიკული უმაღლესი სკოლის ხუთ მოსწავლეს, ქართულ პროგრამაში კი რვა მოსწავლემ დაამთავრა სკოლა ოქროსა და ვერცხლის მედლებზე.

ხაზი მინდა გავუსვა ამერიკული უმაღლესი სკოლის გუნდის ახალ წარმატებას. ზაფხულში AHS-მა მიიღო განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის აკრედიტაცია, რაც ხარისხის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია საერთაშორისო აკრედიტაციებთან ერთად, რომელსაც ფლობს ამერიკული უმაღლესი სკოლა.

სკოლამ ონლაინ თუ ჰიბრიდული სწავლების პროცესში დანერგილი სტრატეგიებით, საგაკვეთილო პრაქტიკითა და საგანმანათლებლო სისტემებით დაადასტურა, რომ საგანმანათლებლო ინოვაციების მიმართულებით დარგის ლიდერია.

რა სიახლეები იკვეთება ჰორიზონტზე “ევროპული სკოლის“ საზოგადოებისთვის? ჩვენ ვაგრძელებთ ინოვაციების გზებით სვლას. “ევროპული სკოლის’’ მოსწავლეები მიიღებენ უმაღლესი ხარისხის განათლებას უსაფრთხო, თანამედროვე სასწავლო გარემოში, სადაც მოწინავე ინფრასტრუქტურა, უახლესი ტექნოლოგიური რესურსები პირისპირ თუ დისტანციური სწავლების პროგრამების უმთავრესი კომპონენტია.

“ევროპულ სკოლას“ ჰყავს სამოცამდე მაიკროსოფტის ინოვატორი მასწავლებელი, 2021-2022 სასწავლო წლისთვის კი 13 მასწავლებელს მიენიჭა მაიკროსოფტის ინოვატორი ექსპერტ-მასწავლებლის (MIE Expert) წოდება.

საგანმანათლებლო, ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით ჩატარებული უახლესი კვლევის საფუძველზე განვახორციელეთ ინვესტირება ტექნოლოგიურ რესურსში, რომელიც მნიშვნელოვნად დაეხმარება სწავლაში ჩვენს მოსწავლეებს. ახალი სასწავლო წლისთვის ყველა საკლასო ოთახი აღჭურვილია სმარტ დაფით, განახლდა კომპიუტერები კომპიუტერულ ლაბორატორიებში, STEAM განათლების გასაძლიერებლად შევიძინეთ Pepper და NAO რობოტები, რაც კიდევ ერთი დამატებითი შესაძლებლობა იქნება მოსწავლეებისთვის, განავითარონ და რეალურ ცხოვრებაში დანერგონ საკუთარი იდეები.

სკოლამ შეიმუშავა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების პროგრამა, რომელიც გაწერილია 2021-2024 წლების ტექნოლოგიურ გეგმაში. აღნიშნული დოკუმენტი, სხვა უმნიშვნელოვანეს ასპექტებთან ერთად, შეიცავს “ევროპული სკოლის“მასწავლებლის ციფრული კომპეტენციის ჩარჩოს, რომელიც მასწავლებლის ციფრული კომპეტენციის ევროპულ ჩარჩოს (DigCompEdu) ეყრდნობა და  პედაგოგებს სთავაზობს დროში გაწერილ კომპლექსურ შესაძლებლობებს, კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანონ საკუთარი ციფრული უნარები.

ახალ სასწავლო წელს სწავლებას  დისტანციურ რეჟიმში ვიწყებთ, თუმცა ოქტომბერში ოპტიმიზმით აღსავსენი ველით მოსწავლეებისა და თანამშრომლების დაბრუნებას სკოლის კედლებში და სწავლების ჰიბრიდულ მოდელზე გადასვლას. ჩვენი თანამშრომლების ვაქცინაციის მაჩვენებელი შთამბეჭდავ ნიშნულზეა. ვაქცინაცია, ნიღბების ტარება, კონტაქტების შეზღუდვა, ფიზიკური დისტანციის დაცვა და უსაფრთხოების კუთხით გატარებული სხვა ზომები “ევროპულ სკოლაში“ მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს ქმნის მოსწავლეებისთვის.

მოუთმენლად ველით არსებული და ახალი მოსწავლეების მოსვლას სკოლაში – ჩვენ ვაგრძელებთ ზრდას! წელს განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ახალი მოსწავლე გვყავს, რაც “ევროპული სკოლისადმი“ ნდობის მაღალ ხარისხზე მიგვანიშნებს. მე, როგორც “ევროპული სკოლის“ დირექტორს, ჩვენი თანამშრომლებისა და მოსწავლეების დიდი იმედი მაქვს. მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან აქტიური თანამშრომლობით ჩვენ შესაძლებელს გავხდით, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა იცხოვრონ შთაბეჭდილებებით მდიდარი, ბედნიერი, სრულყოფილი ცხოვრებით და თავიანთი წვლილი შეიტანონ სკოლის, ქვეყნისა და მსოფლიოს განვითარებაში.

გვჯერა, ერთად შევძლებთ, ეს წელი თითოეული მოსწავლისთვის ვაქციოთ განვითარებისა და მიღწევების წლად.

წარმატებულ და მშვიდობიან 2021-2022 სასწავლო წელს გისურვებთ!

კეთილი სურვილებით,

სოფიო ბაზაძე
“ევროპული სკოლის“ დირექტორი

Share on: