ევროპული სკოლისთვის უსაფრთხოება პრიორიტეტულია

15 და 16 აპრილს “ევროპულ სკოლაში“ შემოვიდა მუქარის შემცველი შეტყობინებები სავარაუდო ბომბის აფეთქების საფრთხეზე. სრულად ვაცნობიერებთ, რამდენად შემაშფოთებელია ეს ინფორმაცია, თუმცა გვსურს დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მოსწავლეების, მასწავლებლებისა და ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება და კეთილდღეობა ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია.

უსაფრთხოების პროტოკოლების შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება გაგვეუქმებინა ყველა გაკვეთილი და აქტივობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური დაუყოვნებლივ იქნა ინფორმირებული ორივე შემთხვევის შესახებ და ამჟამად აქტიურად იძიებს საკითხს.

ვწუხვართ, რომ საგაკვეთილო პროცესისა თუ ბაღის აქტივობების შეწყვეტამ შეიძლება უხერხულობა შეუქმნა მშობლებს, თუმცა მიგვაჩნია, რომ მსგავს სიტუაციებში სიფრთხილე აუცილებელია. ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას სამართალდამცავ ორგანოებთან და აუცილებლად მიღებისთანავე მივაწვდით დამატებით ინფორმაციას სკოლის საზოგადოებას.

ევროპული სკოლის ადმინისტრაცია

Share on: