მემორანდუმი “ევროპულ სკოლასა“ და “ლე როშეს“ შორის
6 მაისს “ევროპულ სკოლასა“ და ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში მსოფლიოს წამყვან ინსტიტუცია “ლე როშეს“-ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. მხარეების უნიკალური თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო ბაკალავრიატის კარიერულ პროგრამაზე დაინერგება მასპინძლობის კურსი. მემორანდუმს “ევროპული სკოლის“ დირექტორმა სოფიო ბაზაძემ და “ლე როშე“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კარლოს დიეზ დე ლა ლასტრამ მოაწერეს ხელი.
2022 წლის სექტემბრიდან “ევროპული სკოლა“ საერთაშორისო ბაკალავრიატის კარიერული პროგრამის (IB CP) მოსწავლეთა პირველ ნაკადს უკვე შესთავაზებს პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას მასპინძლობის დარგში. ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული კვალიფიკაციებით მოსწავლეებისთვის იხსნება პირდაპირი გზა საუკეთესო უმაღლესი განათლების მისაღებად აღნიშნული კარიერული მიმართულებით.
ოფიციალური ცერემონიის შემდეგ “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა სევილიის ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ესპანური კულტურის ზეიმი მოუწყვეს სტუმრებს. კარლოს დიეზ დე ლა ლასტრამ აღნიშნა:“აი, ეს არის მასპინძლობის ხელოვნება, როცა სტუმარს თავს აგრძნობინებ , როგორც საკუთარ სახლში.“