თამარ ავალიანი - ევროპული ბაღის ხელმძღვანელი

პროგრამის ხელმძღვანელები

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროპულ საბავშვო ბაღში!

ძვირფასო მშობლებო და ოჯახებო,

ჩვენთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, მოგესალმოთ ევროპულ საბავშვო ბაღში და ვიყოთ თქვენი შვილის ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპის  – სწავლის, აღმოჩენების, მეგობრობისა და დამოუკიდებლობისკენ პირველი ნაბიჯების თანამონაწილე.

ჩვენ გვჯერა, რომ ყოველი ბავშვი უნიკალური, შესაძლებლობებით სავსე, ცნობისმოყვარე და განსაკუთრებული პოტენციალის მქონეა. ჩვენი საბავშვო ბაღი მხოლოდ ადგილი არ არის, სადაც ბავშვები სწავლობენ – ეს არის თბილი, მზრუნველი და შთამაგონებელი გარემო, სადაც ისინი თავს დაცულად და დაფასებულად გრძნობენ, თავისუფლად იკვლევენ სამყაროს, თამამად სვამენ კითხვებს, სიამოვნებით აღმოაჩენენ ახალს და შესაძლებლობა აქვთ, იყვნენ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.

ადრეული ბავშვობის წლები ბავშვის მომავლისთვის უმნიშვნელოვანეს საფუძველს ქმნის. ოჯახებთან ერთად ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ არა მხოლოდ ბავშვების ინტელექტუალურ განვითარებას, არამედ მათ ემოციურ კეთილდღეობას, სოციალურ უნარებს, შემოქმედებითობას, ფიზიკურ განვითარებასა და საკუთარ თავთან და სხვებთან კავშირის განცდას.

ევროპულ საბავშვო ბაღში სწავლა აღმოჩენის სურვილით იწყება. მიზანმიმართული თამაშის, კვლევის, შემოქმედების, ინოვაციისა და მრავალფეროვანი გამოცდილებების საშუალებით ბავშვებს ვუღვივებთ სწავლის სიყვარულს – ღირებულებას, რომელიც მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვებათ. ჩვენ ხელს ვუწყობთ ცნობისმოყვარეობის, სიკეთის, მედეგობის, დამოუკიდებლობისა და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას და ვქმნით ინკლუზიურ გარემოს, სადაც თითოეული ბავშვი დაფასებული და აღიარებულია თავისი უნიკალურობისთვის.

ჩვენი თავდადებული და მზრუნველი გუნდი ყოველდღიურად ზრუნავს ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც ბავშვებს შეუძლიათ სიხარულით ისწავლონ, თავდაჯერებულად გაიზარდონ და ოცნებებს საზღვრები არ დაუწესონ. ჩვენ თანამედროვე და ინოვაციურ საგანმანათლებლო მიდგომებს ვაერთიანებთ ადრეული ასაკის განათლების უმნიშვნელოვანეს საფუძვლებთან  –  ზრუნვასთან, ურთიერთობებთან, თამაშთან და სიყვარულთან.

. ჩვენ ვაფასებთ თქვენს ნდობას და მიგვაჩნია, რომ ოჯახთან მჭიდრო და თანამშრომლობაზე დაფუძნებული პარტნიორობა თითოეული ბავშვის კეთილდღეობისა და წარმატების მნიშვნელოვანი ნაწილია. ერთად შეგვიძლია შევქმნათ ძლიერი საფუძველი, რომელიც ბავშვებს შთააგონებს არა მხოლოდ წარმატებისკენ სწრაფვას, არამედ გახდნენ პასუხისმგებლიანი, კეთილგანწყობილი, თავდაჯერებული, ცნობისმოყვარე და  სწავლის მოყვარული ადამიანები.

როგორც ევროპული საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი, მოუთმენლად ველოდები იმ დღეებს, როდესაც ჩვენი პატარა მოსწავლეები ყოველდღიურობას შეავსებენ ცნობისმოყვარეობით,  აღმოჩენებით, მეგობრობითა და დაუვიწყარი მომენტებით. მინდა, რომ ჩვენი საბავშვო ბაღში გატარებული წლები მათთვის იქცეს ლამაზი საგანმანათლებლო მოგზაურობის დასაწყისად – მოგზაურობისა, რომელიც სავსე იქნება აღმოჩენების სიხარულით და უსაზღვრო შესაძლებლობებით.

გმადლობთ ჩვენდამი ნდობისთვის. მოხარულნი ვართ, რომ თქვენ და თქვენი ოჯახი ევროპული საბავშვო ბაღის საზოგადოების ნაწილი ხდებით.

პატივისცემით და საუკეთესო სურვილებით,

ევროპული საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი
თამარ ავალიანი