სიახლეები

ბოლო ზარი “ევროპულ სკოლაში“

18 May 2018

2018 წლის 18 მაისს “ევროპულ სკოლაში“ მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. დილა ჟრიამულით დაიწყო. პირველი გაკვეთილი დამრიგებლებმა სიმბოლურად ჩაუტარეს კურსდამთავრებულებს. გაკვეთილის შემდეგ დაიწყო ბოლო ზარის მხიარულება - დამშვიდობება და სამახსოვრო ავტოგრაფების დარიგება. უმცროსკლასელებმა კურსდამთავრებულები ცეკვით გააცილეს. ტრადიციისამებრ, მე-12 კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ხე, შემდეგ კი გაიხსნა კურსდამთავრებულთა კედელი, რომელზეც მოსწავლეებმა სამახსოვრო ხელმოწერები დატოვეს. “ევროპული სკოლის“ აკადემიურმა დირექტორმა, ქალბატონმა სოფიო ბაზაძემ, კურსდამთავრებულებს გზა დაულოცა და წარმატებები უსურვა.

უსაფრთხოების გაკვეთილები “ევროპულ სკოლაში“

17 May 2018

2018 წლის 17 მაისს “ევროპული სკოლის“ შიდა ეზოში ქართული პროგრამის II “ბ“ კლასს ჩაუტარდა სამოდელო გაკვეთილი თემაზე “ჩვენ ვსწავლობთ ქუჩაში მოძრაობის წესებს.“ გაკვეთილზე მოწვეული იყო პოლიციის მაიორი, ლევან წიკლაური. პოლიციის მაიორმა ბავშვებს სატრანსპორტო მოძრაობის წესებზე სიმულაციური სწავლება ჩაუტარა. ბავშვებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ყველა აქტივობაში: გაეცნენ საგზაო ნიშნებს, შუქნიშანზე გადასვლის წესებს, ზებრა-გადასასვლელის მნიშვნელობას, ისაუბრეს პატრულის ფუნქცია-მოვალეობებზე. მოწვეულმა სტუმარმა ამომწურავად უპასუხა ბავშვების მიერ დასმულ შეკითხვებს.

შემაჯამებელი გაკვეთილები ქართული პროგრამის დაწყებით საფეხურზე

17 May 2018

2018 წლის 16 მაისს, “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის I “ა“ კლასის მოსწავლეებმა შეაჯამეს ტრანსდისციპლინარული თემა “როგორ ვითანაცხოვროთ ცოცხალ სამყაროსთან.“ ბავშვებმა სახალისო აქტივობების მეშვეობით გადმოსცეს ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება, განიხილეს სასარგებლო და მავნე ბაქტერიები, იმსჯელეს თუ რა გავლენას ახდენს მავნე ჩვევები ადამიანის ჯანმრთელობაზე, და ისაუბრეს გარემოს მიმართ მზრუნველი დამოკიდებულების მნიშვნელობაზე.

შექსპირის პიესები “ევროპულ სკოლაში“

17 May 2018

2018 წლის 16 მაისს, “ევროპული სკოლის“ სააქტო დარბაზში შედგა სპექტაკლის პრემიერა მოსწავლეების მონაწილეობით. სპექტაკლი დაიდგა უილიამ შექსპირის პიესის, “ჭირვეულის მორჯულების“ მიხედვით. მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, გამოემჟღავნებინათ თავიანთი სამსახიობო, მუსიკალური თუ სარეჟისურო ნიჭი. სპექტაკლის დადგმასა და შექსპირის პერსონაჟების გაცოცხლებაში “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს დაეხმარა “ევროპული სკოლის“ თეატრალური სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, ლიკა ქობულაძე.

პროექტის პრეზენტაცია "ევროპულ სკოლაში"

16 May 2018

2018 წლის 16 მაისს “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მე-7 “ბ“ კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ღია გაკვეთილში სათაურით “მე გადმოვცურავ ზღვას.“ მოსწავლეებმა წაიკითხეს ცნობილი ნაწარმოებები, გაიხსენეს ცნობილი ფილმები, მოირგეს ლიტერატურული გმირების როლები და თავად გამოიგონეს ახალი პერსონაჟები.

გიორგი ოვაშვილი სტუმრად “ევროპულ სკოლაში“

15 May 2018

2018 წლის 15 მაისს, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მე-9 კლასის მოსწავლეებს შეხვდა IB ბიბლიოთეკაში. მოსწავლეები გაეცნენ რეჟისორის ცნობილ ნამუშევრებს. დისკუსიის მთავარი თემა იყო გიორგი ოვაშვილის 2009 წლის ფილმი “გაღმა ნაპირი.“

თვითმმართველობის დღე “ევროპულ სკოლაში“

11 May 2018

2018 წლის 11 მაისს, “ევროპულ სკოლაში” ჩატარდა თვითმმართველობის დღე. ერთი დღით, მოსწავლეები მასწავლებლებად იქცნენ. დღე მხიარულად დაიწყო. გაიმართა გასართობი და შემეცნებითი გაკვეთილები, ფლეშმობები, საქველმოქმედო აქციები. ბავშვებმა შეიძინეს წიგნები და საჩუქრად გადასცეს ასოციაციას “SOS ბავშვთა სოფელი საქართველო.“

ამხანაგური ფეხბურთის მატჩი "ევროპულ სკოლაში"

11 May 2018

2018 წლის 11 მაისს, “ევროპული სკოლის“ საფეხბურთო მოედანზე შედგა მეგობრული შეხვედრა სკოლის კურსდამთავრებულებსა და სკოლის წლევანდელ 12ბ კლასის მოსწავლეებს შორის, თამაში დასრულდა ფრედ 1-1.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები სტუმრად “ევროპულ სკოლაში“

11 May 2018

“ევროპულმა სკოლამ“ საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) წარმომადგენლებს უმასპინძლა. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელია კალიფორნიის შტატში და სტუდენტების ინოვაციისა და გამოგონებების ჰაბად ითვლება. “ევროპულმა სკოლამ“ უმასპინძლა უნივერსიტეტის დეკანს, დოქტორ ჰალილ გუვენს, კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს, დოქტორ ლალ თუმალას, მეცნიერებათა კოლეჯის დეკანს, დოქტორ ვოლტერ ოშელს და დოქტორ ვილიამ ტონგს, ქიმიისა და ბიოქიმიის დეპარტამენტის თავმჯდომარეს. სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლის შენობა, განიხილეს და ისაუბრეს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და “ევროპულ სკოლას“ შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე, გამოხატეს ინტერესი სკოლის პროგრამების მიმართ და გამოთქვეს სკოლასთან სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა.