გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ჩემო ძვირფასებო!

უკვე წლებია ასე გესალმებით! ამ სიტყვებში ჩანს ჩემი თქვენდამი  დამოკიდებულება -გამოხატულება იმ სიყვარულისა და ნდობისა, რომლებიც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა და ფესვებს იდგამდა. ხანდახან ვფიქრობ, იქნებ ჯობია, ოფიციალურ მისალმებაში მხოლოდ რამდენიმე სიტყვით მოგილოცოთ ახალი სასწავლო წლის დაწყება, გისურვოთ ჯანმრთელობა, ბედნიერება პირად ცხოვრებაში და წარმატება პროფესიულ საქმიანობაში, მაგრამ, მერწმუნეთ, როდესაც თქვენ მოგმართავთ, იმდენად მეძვირფასებით, რომ მეტი მოფერება და სითბო მინდა გადმოგცეთ; მით უფრო, რომ წელს 7 წელი გახდება ჩვენი ურთიერთობისა! არც ცრუმორწმუნე ვარ და არც რაიმე პირობითი ნიშნებისა მწამს, მაგრამ მაინც თავს გამოვუტყდები და“ 7“ -ის საკრალურობისა მჯერა!

ამ წლების განმავლობაში ჩვენ დიდი გზა გამოვიარეთ – სირთულეებითა და წარმატებებით სავსე, იყო სიხარული, იყო მიღწეულით კმაყოფილება, თუმცა ბევრი სიძნელეც და იმედგაცრუებაც, მაგრამ ეს ყველაფერი თქვენთან ერთად იყო, ერთად გავიზარდეთ და გავძლიერდით. ახლა უკვე თამამად ვამბობთ, რომ “ევროპულმა სკოლამ“ თავისი  სიტყვა თქვა: 2 წელია ჩვენი კურსდამთავრებულები ასახელებენ “ევროპულ სკოლას“ საქართველოშიც და ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. მათ გაიტანეს ჩვენი კედლებიდან არა მარტო  ცოდნა, არამედ  დიდი სიყვარულიც, სითბო და დარწმუნებული ვარ, ისინი ღირსეულად გააგრძელებენ გზას ცხოვრების ვრცელ ასპარეზზე!

ჩვენ წლითიწლობით ვიზრდებით, ვეძებთ სიახლეებს, ვცდილობთ დავხვეწოთ და სრულვყოთ სწავლების ფორმები და მიდგომები, სწორედ ამიტომ “ევროპულ სკოლაში“ 3 სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამით მიმდინარეობს სწავლება  – ეროვნულთან ერთად ჩვენს მოსწავლეებს ვთავაზობთ (IB) საერთაშორისო ბაკალავრიატის და უკვე წლევანდელი სასწავლო წლიდან  ამერიკული უმაღლესი სკოლის პროგრამებს. იმედი მაქვს, არჩევანის მრავალფეროვნება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ერთი საერთო მიზნისკენ სწრაფვას -ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული გზით XXI საუკუნის განათლებისაკენ!

…და ბოლოს, როგორც იქნა, მივადექი სათქმელს – გილოცავთ ახალ სასწავლო წელს! გისურვებთ სიხარულს, ბედნიერებას პირად ცხოვრებაში და, რაც ჩვენთვის – ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პროფესიულ წინსვლას და წარმატებას;  ჩვენს მოსწავლეებს კი -მონდომებას, სიბეჯითეს, გამძლეობას, ცოდნის შეძენის დაუოკებელ წყურვილს და გამარჯვებას!

თქვენი ნანა მოსიძე

Share on: