ვულოცავთ ავტორებს წარმატებას!

4 ივლისს ევროპულ სკოლაში გაიმართა ინგლისური ენის პედაგოგების რუსუდან ბერიძის, ანა ხვედელიძისა და ანა სახაროვას წიგნის – “სახალისო აქტივობები“ – პრეზენტაცია. 

წიგნი წარმოადგენს დამხმარე მასალას უცხო ენის შემსწავლელთათვის და მოიცავს ყველა მნიშვნელოვან სასაუბრო თემას (საცხოვრებელი ადგილი, ცხოველები, დანაშაული და სასჯელი, მოდა, გარემო და ეკოლოგია, განათლება, კულტურა, მოდა და ა.შ.). მოცემული აქტივობები ნებისმიერი ენის (ქართული, რუსული, ფრანგული, გერმანული და ა.შ.) პედაგოგებს დაეხმარება მეთოდურად მრავალფეროვანი და სახალისო გახადოს საგაკვეთილო პროცესი დაწყებითი საფეხურიდან მაღალ საფეხურამდე. 

წარმოდგენილი მასალა მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით არის შედგენილი, საკმაოდ საინტერესოდ და ნათლად არის სტრუქტურირებული და შეიცავს სახალისო ელემენტებს. სავარჯიშოები და დავალებები მოსწავლეებში სხვადასხვა სააზროვნო  უნარის განვითარებას ემსახურება. განსაკუთრებით საინტერესოა ავტორების მიერ წიგნში შეტანილი ისეთი სამუშაო ფორმები, როგორიცაა პროექტი და როლური თამაშები, რომელთა გამოყენების გარეშეც დღეს სასწავლო პროცესი წარმოუდგენელია. 

წიგნის გარეკანი გააფორმა ირინა აბჟანდაძემ.

Share on: