მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდური კონფერენცია

 2014 წლის 22 თებერვალს ევროპულმა სკოლამ   მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან  ერთად უმასპინძლა მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდურ კონფერენციაზე-“საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლებისათვის“- მონაწილე  64 პედაგოგს  საქართველოს  თითქმის ყველა რეგიონიდან.

განათლების სისტემაში ერთ-ერთი მთავარი რესურსი მასწავლებელია, რომლის პროფესიული განვითარების უპირველესი გზა კოლეგებთან თანამშრომლობაა. სამწუხაროდ, მასწავლებელთა თანამშრომლობა არათუ სკოლებს შორის, უმრავლეს შემთხვევაში ერთი სკოლის ფარგლებშიც ვერ ხერხდება. ამიტომ ნებისმიერი შეხვედრა პროფესიულ საკითხებზე, როცა პედაგოგებს შესაძლებლობა ეძლევათ ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდური კონფერენცია “საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლებისათვის“, რომლის ინიციატორი იყო ევროპული სკოლა და რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა. კონფერენციის თემაც საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე შეირჩა. ოცდამეერთე საუკუნეში, როცა თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა ისეთივე აუცილებლობად განიხილება, როგორც წერა–კითხვისა, სწავლებაში მათი გამოყენება უალტერნატივო მოთხოვნად იქცა. საქართველოს მასწავლებელთა დიდმა ნაწილმა კარგად გააცნობიერა ახალი გამოწვევების მნიშვნელობა. ამით აიხსნება ის დიდი ინტერესი, რომელიც ამ კონფერენციის მიმართ გამოხატეს ჩვენმა პედაგოგებმა.    

კონფერენციაში მონაწილეობის სურვილი 250-მდე მასწავლებელმა გამოთქვა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანთა მიერ წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე კონფერენციისათვის შეირჩა 72 საუკეთესო მოხსენება. ფართო იყო კონფერენციის გეოგრაფიული არეალი. წარმოდგენილი იყო საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი. ექვს საგნობრივ სექციაში სხდომებს უძღვებოდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საგნობრივი კონსულტანტები და ევროპული სკოლის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის კათედრის გამგეები.

მასწავლებლებმა გაამდიდრეს ერთმანეთი საინტერესო იდეებით, ციფრული რესურსებით, სწავლების ეფექტიანი საშუალებებით, დაისახა სხვადასხვა რეგიონისა და თბილისის სკოლებს შორის მომავალი თანამშრომლობის გზები.  ასე რომ, კონფერენციამ მიზანს მიაღწია.

Share on: