სანამ ახალი სასწავლო წლის მოსალოცად მოგმართავდით, წინა წლების ჩემს მისალმებებს გადავხედე – თავიდან თქვენ ჩემთვის იყავით “პატივცემული კოლეგები, მშობლები, საყვარელი ბავშვები“, სამი წლის თავზე კი ასე მოგმართეთ – “ჩემო ძვირფასებო“.. ეს სიტყვები ყველაზე მეტად ერგება ჩემს დამოკიდებულებას თქვენდამი, ამიტომ ისევ ასე დავიწყებ:

  ჩემო ძვირფასებო!

  მეცხრე წელია ერთად ვართ! ეს უკვე ძალიან სერიოზული პერიოდია ადამიანური ურთიერთობების გამოსაცდელად და სკოლის განვლილი გზის შესაფასებლად. “ევროპული სკოლა“ წარმატებით ასრულებს იმ მისიას, რომელიც დაარსების  დღიდან აირჩია– აღზარდოს ჯანსაღი, განათლებული, პროფესიაზე ორიენტირებული, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით გამსჭვალული, ეროვნული ღირებულებების დამცველი, თანამედროვე ცივილიზებული მსოფლიოს ღირსეული თაობა. ამ მიზნის მისაღწევად კი “ევროპული სკოლა“ ეტაპობრივად გათვლილი სწორი გზით მიდის.

  წელს ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს –განახლებული და გაზრდილი სკოლის შენობა, გალამაზებული ინტერიერი, ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი ახალი ლაბორატორიები და კაბინეტები , საკონფერენციო და სპორტული დარბაზები და ბიბლიოთეკები.

  თქვენ უკვე იცით, რომ სკოლაში წარმატებით ხორციელდება 3 განსხვავებული საგანმანათლებლო პროგრამა –ეროვნული და საერთაშორისო. დიდი და სერიოზული წარმატებაა სკოლისთვის ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია. ამ აღიარებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებით “ევროპული სკოლა“ თანამედროვე გლობალური განათლების ქსელის სრულუფლებიანი წევრია. სწორედ ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ წელს პირველად სკოლა ჩაერთო გაცვლით პროგრამაში ამერიკის ერთ–ერთ პრესტიჟულ სკოლასთან (ამერიკული სკოლის 2 სტუდენტი უკვე გაემგზავრა აშშ–ში, ხოლო იანვრიდან კიდევ 2 გაივლის ერთ სემესტრიან კურსს ამავე სკოლაში). 

  “ევროპული სკოლის“ კურსდამთავრებულები უკვე მეოთხე წელია ასახელებენ სკოლას საქართველოში და მსოფლიოს 19 ქვეყანაში. 

  წელს განსაკუთრებული წელია ჩვენთვის, რადგან ჩვენი პირველი კურსდამთავრებულების დიდი ნაწილი უკვე ამთავრებს უმაღლეს სასწავლებლებს და დარწმუნებულნი ვართ, ცხოვრების ასპარეზზე გამოსულნი, კიდევ მრავალ გამარჯვებას  გვაზიარებენ.

  გილოცავთ ახალ სასწავლო წელს! 

  გისურვებთ სიხარულს, ბედნიერებას პირად ცხოვრებაში, პროფესიულ წინსვლას,  წარმატებას და , რაც მთავარია, გამძლეობას!  

თქვენი ნანა მოსიძე.

2015 წელი 7 სექტემბერი.

Share on: