დეპარტამენტები

ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტის საქმიანობა ეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმისა და საერთაშორისო ბაკალავრიატის პრიორიტეტებს.

ენების ცოდნა ფუნდამენტს ქმნის კრიტიკული აზროვნების, საკომუნიკაციო და სწავლის უნარების განვითარებისათვის, რაც აუცილებელია კულტურათაშორისი აღქმისა და საერთაშორისო თვალსაწიერის მქონე ლოკალური, ეროვნული და გლობალური საზოგადოებების წევრთა ღსაზრდელად.

ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტს აქვს შემდეგი მიზნები:

  • კითხვისადმი ძლიერი ინტერესის აღძვრა მოსწავლეებში, რომელიც მათ მთელი შეგნებული ცხოვრების მანძილზე გაყვებათ.
  • ბავშვებისათვის ენების შესწავლისადმი ცნობისმოყვარეობისა და ინტერესის ჩანერგვა.
  • მოსწავლეთა წახალისება, რათა მათ გამოიყენონ ენა აზროვნების, კრეატიულობის, თვითგამორკვევის, სწავლის, გამოხატვის, ანალიზისა და სოციალური ჩართულობისათვის.
  • მოსწავლეებში მოსმენის, საუბრის, კითხვის, წერითი, ვიზუალური აღქმისა და საპრეზენტაციო უნარების განვითარება
  • ლიტერატურული და კლასგარეშე საკითხავის შესწავლისა და ანალიზისათვის კრიტიკული, კრეატიული და ინდივიდუალური მიდგომის განვითარების ხელშეწყობა.

ენისა და ლიტერატურის დეპარტამენის მოიცავს ასევე უცხოური ენების მიმართულებას, რომლის მთავარ მიზანს მოსწავლეებში პლურილინგვური კომპეტენციის განვითარება წარმოადგენს, უცხოური ენების მიმართულების პრიორიტეტებია:

  • მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ დადებითი დამოკიდებულება შესასწავლი ენებისადმი (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული, ესპანური);
  • მათთვის ადვილად აღსაქმელი გახდეს განსხვავებულ ენებს შორის არსებული კანონზომიერებები და კულტურათაშორისი მსგავსება – განსხვავებები, რომელთა გაანალიზების საფუძველზე შეიქმნიან სწორ დამოკიდებულებას;

უცხოური ენა მოსწავლეთა მიერ გააზრებულ იქნას, როგორც შემეცნების, თვითგამოხატვისა და სხვა კულტურის წარმომადგენლებთან წარმატებული კომუნიკაციის საშუალება.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტი აერთიანებს სამ მიმართულებას: ფიზიკას, ბიოლოგიასა და ქიმიას. ის უზრუნველყოფს დინამიურ, მოსწავლეზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო პროცესს, ხელს უწყობს სწავლის ხარისხის ამაღლებას თანამედროვე პედაგოგიური მიდგომებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. უახლესი სტანდარტების შესაბამის ლაბორატორიებში მოსწავლეეებს საშუალება ეძლევათ, ჩაერთონ ინდივიდუალურ სამეცნიერო კვლევებში და შექმნან საკუთარი პროექტები, რომლებიც გაუადვილებთ მათ ღირსეულად გაართვან თავი სწრაფად ცვალებადი სამყაროს გამოწვევებს, იყვნენ პასუხისმგებლიანი, ინტელექტუალური ადამიანები.
დეპარტამენტისმიზანია:
ა) გამოუმუშავოს მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების უნარი;
ბ)ასწავლოს სამეცნიერო მონაცემების მოძიება, ჰიპოთეზის ჩამოყალიბება, ექსპერიმენტის დაგეგმვა და ჩატარება;
გ) განუვითაროს სამეცნიერო ინფორმაციის ანალიზისა და შეფასების უნარი;
დ)შესძინოს მიღებული ცოდნის გამოყენებისა და თანამშრომლობის უნარ-ჩვევები;
ე)ჩამოუყალიბოს თვითშეფასების, თვითკონტროლისა და განსხვავებული აზრის მოსმენის უნარი, რათა შეძლოს საზოგადოებაში ინტეგრირება.

საზოგადოებრივი მეცნიერებების დეპარტამენტის საქმიანობა ეფუძნება ეროვნული და საერთაშორისო ბაკალავრიატის განათლების პრიორიტეტებს და ემსახურება საერთაშორისო ცნობიერების ამაღლებას მოსწავლეებში.
მულტიკულტურულ გარემოში სწავლა-სწავლება უნდა შეესაბამებოდეს, როგორც იმ კულტურას, რომელშიც მოსწავლე ცხოვრობს, ასევე გარემომცველი სამყაროს მრავალფეროვან, განსხვავებულ კულტურასაც. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ სწრაფად ცვალებად გარემოში დიდი მნიშვნელობა აქვს ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღებას, რადგან სამეცნიერო აღმოჩენების, ეკონომიკური სიახლეებისა და კულტურის განვითარების კვალდაკვალ იცვლება თავად მიდგომა ცოდნის მიღებისა და მისი გამოყენებისადმი. თანამედროვე ადამიანი მზად უნდა იყოს განაახლოს თავისი ცოდნა იმ გამოწვევების ფონზე, რომლებსაც მსოფლიო პროგრესი განაპირობებს.
საზოგადოებრივი მეცნიერებების დეპარტამენტი ხელს უწყობს მოსწავლეს იმ ცოდნისა და უნარების შეძენაში, რომლებიც აუცილებელია თავისუფალ პიროვნებად და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებისათვის. დეპარტამენტის საქმიანობა მთლიანად ორიენტირებულია სწავლა-სწავლების მაღალი დონის უზრუნველყოფაზე, სამოქალაქო ცნობიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის განვითარებაზე.
ისტორიისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება მოსწავლეს უვითარებს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრების უნარს. მოსწავლეები ეჩვევიან კრიტიკულ აზროვნებას, სწავლობენ და აკვირდებიან ადამიანების გამოცდილებასა და ქცევას მათი ფიზიკური, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური გარემოს გათვალისწინებით. ისინი ეცნობიან სოციალური და კულტურული ინსტიტუტების ისტორიასა და განვითარებას.
ისტორიისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების დეპარტამენტის მიზანია, მოსწავლეს ხელი შეუწყოს საკუთარი შესაძლებლობების უწყვეტ განვითარებასა და მათ მაქსიმალურ რეალიზებაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთაც. ის უნდა იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე.

მათემატიკის სწავლება, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, მიმართულია განავითაროს მოსწავლეში ის თვისებები, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე ადამიანისათვის. ის უნდა იყოს მაძიებელი, მცოდნე, მოაზროვნე, კომუნიკაბელური, პრინციპული, გონებაგახსნილი, მზრუნველი, რისკიანი, დაბალანსებული და გონიერი.
ეფექტური სწავლებისთვის აუცილებელი პირობაა პრობლემის წარმოჩენა, სიღრმისეულად გაანალიზება, გონივრული დაგეგმვა და შემდეგ ქმედითი ნაბიჯების განხორციელება. შესაბამისად, მათემატიკის სწავლების მიზანია, ვასწავლოთ არა მათემატიკა მათემატიკისათვის, არამედ მათემატიკა, როგორც ინსტრუმენტი, რომელიც საჭიროა ყველგან, ყველა სიტუაციაში, ნებისმიერი რეალური პრობლემის გადასაწყვეტად.
ზემოთქმულის განსახორციელებლად გამოიყენება პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების მეთოდები, რაც ერთგვარი ინოვაციაა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში და მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, გახდნენ 21-ე საუკუნის სრულფასოვანი მოქალაქეები.
მათემატიკის დეპარტამენტის სამოქმედო გეგმის განხორციელება ემყარება მაღალკვალიფიციური გუნდის თანამშრომლობას. გუნდი ზრუნავს სკოლის მოსწავლეების წარმატებულ შედეგებზე, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე; ავლენს ნიჭიერ ახალგაზრდებს; ხელს უწყობს მოსწავლეებს, წარმატებით იასპარეზონ სხვადასხვა კონფერენციასა და ოლიმპიადაზე, რაც, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანი ნაბიჯია მათი მომავალი ცხოვრებისთვის და, ამავდროულად, კიდევ უფრო მეტად ამაღლებს სკოლის პრესტიჟს მათემატიკის სწავლების კუთხით.

უახლესი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელი იქნება მაღალი ხარისხის განათლების მიღება ყველასთვის, ყოველთვის და ყველგან. სწორედ ამიტომ ინოვაციური ტექნოლოგიების დეპარტამენტი ორიენტირებულია უზრუნველყოს სწავლების ხარისხის ამაღლება, სკოლაში არსებული განსხვავებული საგანმანათლებლო პროგრამების შერწყმა. ისტ-ის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და რობოტიქსის სწავლების შედეგად მოსწავლეები:
ა) გაიღრმავებენ ცოდნას მეცნიერების სხვადასხვა დარგსა და ტექნოლოგიებში;
ბ) შეძლებენ თეორიული ცოდნის გამოყენებას სხვადასხვა რეალური, ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრისას;
გ) გაუმკლავდებიან იმ გამოწვევებს, რომლებსაც სწრაფად ცვალებადი, ტექნოლოგიური XXI საუკუნე სთავაზობს მათ.
მოსწავლეები სწავლობენ ტექნოლოგიების გამოყენებას არა მხოლოდ უსაფრთხოდ და გონივრულად, არამედ აცნობიერებენ ტექნოლოგიების გამოყენების მორალურ, ეთიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ მნიშვნელობას.
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიზანია ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანად გამოყენების უნარის მქონე პიროვნების აღზრდა, რომელიც იქნება კანონმორჩილი, როგორც რეალურ, ისე ციფრულ სამყაროში და შეძლებს ინფორმაციის მოძიებას, შენახვას, მართვას, დამუშავებას, გაანალიზებას, შეფასებას და მათზე დაყრდნობით გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას, რეალური პრობლემის გადაჭრისთვის საკუთარი ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნას.
სწორედ ამ მიზნების მიღწევას დამატებით ემსახურება სკოლაში არსებული პროგრამირებისა და რობოტიქსის კლუბები. დაინტერესებული მოსწავლეებისთვის მეცადინეობები ამ კლუბებში ტარდება სასწავლო პროცესის დასრულებისას, გაკვეთილების შემდეგ.

ხელოვნების დეპარტამენტის მიზანია, შექმნას მოსწავლეებისათვის საინტერესო და კომფორტული გარემო ხელოვნების შესასწავლად.
ჩვენი მისიაა, მოვახდინოთ მოსწავლეების მოტივირება და აქტიურად გამოვიყენოთ ხელოვნება მათი ინტელექტუალური და პიროვნული განვითარებისათვის. მოქნილი პროგრამითა და თანამედროვე სასწავლო მიდგომებით, ჩვენი დეპარტამენტი უზრუნველყოფს ნაყოფიერი საგანმანათლებლო გარემოს შექმნას.

ჩვენი კურიკულუმი საშუალებას აძლევს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, წამოიწყონ ინოვაციური პროექტები და წარმატებით განახორციელონ ისინი კრეატიული ექსპერიმენტების, აქტიური კომუნიკაციისა და კრიტიკული აზროვნების საშუალებით.

ხელოვნების დეპარტამენტის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევას წარმოადგენს მოსწავლეებში ვიზუალური წიგნიერების განვითარება, რომელიც მათ დაეხმარება გაიაზრონ ვიზუალური ხელოვნების ისტორიული მნიშვნელობა და მისი მომავალი კულტურულ ჭრილში.

ხელოვნების დეპარტამენტის მიზანია, მოამზადოს სტუდენტები იმისათვის, რომ:

• შეისწავლონ ხელოვნების ისტორიული, ინტელექტუალური და კულტურული კონტექსტი.
• შეხედონ ხელოვნებას სხვადასხვა სოციო-ეკონომიკური კონტექსტებიდან.
• გაიაზრონ ხელოვანთა გავლენა კულტურის ჩამოყალიბებაზე.
• შეიძინონ ინტერდისციპლინარული კავშირების აღქმა და განივითარონ აზროვნება.
• კრეატიული პრაქტიკით დააბალანსონ თეორიული და კონტექსტუალური კვლევა.
• გამოიმუშავონ ექსპერიმენტების ჩატარების, ნამუშევრების სრულყოფის, კრიტიკისა და პრეზენტაციის უნარები.
• გაიფართოვონ თვალსაწიერი სხვადასხვა კულტურებისა და ტრადიციების გაცნობის საშუალებით.

სპორტი ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდების განვითარებისთვის, ის გვთავაზობს ცვლილებას ყოველდღიური ცხოვრების ერთფეროვნებისაგან. ეს არის გასართობი და ფიზიკური დატვირთვების სასარგებლო საშუალება, რომელიც ადამიანს ჩამოყალიბებაში ეხმარება. ის ენერგიასა და ძალას გვაძლევს.

სპორტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის, რომელთაც ხელს უწყობს  ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში, აყალიბებს  გუნდურ სულისკვეთებას, სწრაფვას გამარჯვებისკენ. ჯანსაღი ცხოვრება აძლიერებს სხეულს, მოსწავლეს ხდის უფრო აქტიურს და ენერგიულს.

სპორტის დეპარტამენტის მიზნები:

  • ყველას ჩართულობა
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია
  • ფიზიკური უნარების ჩამოყალიბება
  • ყველასთვის შესაფერისი და სასურველი აქტივობის შერჩევა