ევროპული ფასეულობები შეხვედრა მწერლებთან
“ევროპულ სკოლაში“ წახალისებულია ევროპული ღირებულებები და მათი კიდევ უფრო მეტად გამტკიცება ხორციელდება განათლების გზით. ჩვენი მოსწავლეები სწავლობენ, ვითარდებიან და აქვთ სწრაფვა სწორედ ევროპული ღირებულებებისკენ.
15 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში სკოლას სტუმრობდნენ თანამედროვე მწერლები და მთარგმნელები: თეონა დოლენჯაშვილი, ბესო სოლომანაშვილი, პაატა შამუგია, ირაკლი შამათავა, გიორგი კეკელიძე, გიორგი კახიშვილი, რომლებიც ესაუბრნენ მოსწავლეებს ევროპულ ღირებულებებზე. ესეების კონკურსში გამარჯვებულმა მოსწავლეებმა სტუმრებს წაუკითხეს თავიანთი თხზულებები სათაურით “ჩემი სკოლა – ჩემი გზამკვლევი, ეროვნული ცნობიერებით ევროპული ღირებულებებისკენ“. შეხვედრაზე ისინი დაჯილდოვდნენ მწერლების ავტოგრაფიანი წიგნებითა და სერტიფიკატებით.
აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ევროპულ ღირებულებებზე აქცენტით: “გერმანიისა და საქართველოს კულტურული ურთიერთობები – ხიდი მდგრადი კულტურული განათლებისათვის“. პროექტში მონაწილეობდნენ “ევროპული სკოლის“ მოსწავლეები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მოწვეული ქართველი და გერმანელი პოეტები, მწერლები, მუსიკოსები, დიპლომატიური და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებების წარმომადგენლები. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა I კლასიკურ გიმნაზიასთან არსებული მოსწავლეთა გუნდი “უნისონი“.