“ევროპული სკოლის“ საშაბათო სკოლა

“ევროპულ სკოლაში“ დაწყებითი და საბაზო საფეხურის I- VI კლასის მოსწავლეებისთვის წარმატებით დაინერგა საშაბათო აკადემიური პროგრამა, რომელიც ორ კურსს აერთიანებს: მენტალური მათემატიკა და მათემატიკა და ლოგიკა. ამ და სხვა მსგავსი საგანმანათლებლო სიახლეების დანერგვის მიზნით, ორგანიზაცია “სმარტ მენ“- სა და “ევროპულ სკოლას“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს “სმარტ მენ“-ის დირექტორის წარმომადგენელმა საჰარ ჰარბმა და “ევროპული სკოლის“ დირექტორმა სოფიო ბაზაძემ.

მათემატიკა და ლოგიკის კურსზე დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები ჩართულნი არიან საინტერესო მათემატიკურ თამაშებსა და აქტივობებში. მოსწავლეები ინტენსიურად ამუშავებენ მათემატიკის საინტერესო ამოცანებსა და განტოლებებს და მნიშვნელოვნად იღრმავებენ მათემატიკურ ცოდნასა და უნარებს.

მენტალური მათემატიკის პროგრამა წარმოადგენს არითმეტიკული მოქმედებების შესრულებაზე დაფუძნებულ გონებრივი განვითარების მეცნიერულ მეთოდს. მისი თითოეული სავარჯიშოს შესრულება კი მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას, რამდენიმე უნარის ერთდროულად გამოყენებას, რაც თავისთავად განაპირობებს თავის ტვინის ორივე ჰემისფეროს თანაბარ, სინქრონულ განვითარებას. “ევროპული სკოლის“ მოსწავლეები არითმეტიკული გამოთვლებისთვის სპეციალურ საანგარიშო ინსტრუმენტ აბაკუსს იყენებენ.

Share on: