კლუბები

სასწავლო გარემოს გასაძლიერებლად და გასამდიდრებლად სკოლა სხვადასხვა კლასგარეშე აქტივობას სთავაზობს იმ მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ სიახლეების დაუფლების სურვილი. ინდივიდუალური თუ ჯგუფური სპორტის სახეობები, ცეკვები, ხელოვნების, უცხოური ენების, რობოტიქსისა და პროგრამირების წრეები – ამ კლუბებში აქტივობები განსხვავებულია მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით და დამოკიდებულია მოზარდთა ინტერესებზე. კლუბებს ხელმძღვანელობენ პროფესიონალი მწვრთნელები და პედაგოგები.
გარდა ამისა, ჩვენი მოსწავლეები მთელი წლის განმავლობაში მონაწილეობენ მოსწავლეთა თვითმმართველობისა და საზოგადოებრივი სამსახურის ღონისძიებებში.
ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ კლუბების სია.

ფეხბურთის კლუბში მიზნად ვისახავთ, მოსწავლეებს განვუვითაროთ საფეხბურთო უნარ-ჩვევები მხიარულ, არაკონკურენტულსა და საგანმანათლებლო გარემოში. ჩვენი მიდგომაა, გამოვიყენოთ სპორტის ეს სახეობა მოსწავლეთა თავდაჯერებულობის განსამტკიცებლად და გუნდური მუშაობის უნარის გამოსამუშავებლად ყველა კლასში. ჩვენი საგანგებოდ შედგენილი სასწავლო გეგმა ხორციელდება პოზიტიურ გარემოში, რათა ბავშვებმა შეძლონ უნარ-ჩვევების განვითარებაც და დროის მხიარულად გატარებაც.
საფეხბურთო კლუბის მწვრთნელი გახლავთ საქართველოში ცნობილი ფეხბურთელი იბრაჰიმ იდოუ. სკოლის სტადიონზე ხშირად ტარდება საფეხბურთო მატჩები. “ივერი ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი“ წარმოადგენს ყველაზე პოპულარულ ყოველწლიურ საფეხბურთო ჩემპიონატს. ტურნირი 2011 წელს დაარსდა.
კალათბურთის კლუბი გაკვეთილების შემდეგ ფუნქციონირებს. ვარჯიშთან ერთად მოზარდები ეცნობიან კალათბურთის თამაშის ძირითად პრინციპებს. კლუბში მოსახვედრად არ არის საჭირო არავითარი გამოცდილება კალათბურთში – თამაშისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს ბავშვებს პროფესიონალი კალათბურთელი, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ყოფილი მოთამაშე დავით ბერძენიშვილი შეასწავლის. მწვრთნელი სასწავლო პროცესში იყენებს თამაშის პრინციპებზე ორიენტირებულ მიდგომას და ეხმარება მოსწავლეებს შემდეგი უნარ-ჩვევების განვითარებაში: სროლა, ჩაწოდება, ბურთთან მუშაობა, დაცვა, კალათბურთისთვის დამახასიათებელი ღირებულებების გათავისება (ურთიერთნდობა, პატივისცემა, გუნდური მუშაობა).
ევროპულ სკოლას ჰყავს კალათბურთის გუნდი, რომელიც წარმატებით ასპარეზობს ყოველწლიურ ჩემპიონატებსა და ამხანაგურ მატჩებში საჯარო და კერძო სკოლების წინააღმდეგ.
ევროპული სკოლის კალათბურთის გუნდის ზოგიერთი მოთამაშე ამავდროულად საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ახალგაზრდული შემადგენლობის მოთამაშეცაა.
გაკვეთილების დასრულების შემდეგ ჩოგბურთის კლუბი 6-დან 12 წლამდე ბავშვებს ჩოგბურთის გაკვეთილებს სთავაზობს. ჩოგბურთის მწვრთნელის პოზიცია უჭირავს ცნობილ ჩოგბურთელს, საქართველოს ჩემპიონს, საბჭოთა კავშირის საუკეთესო ჩოგბურთელთა ხუთეულიდან ერთ-ერთს, საერთაშორისო შეჯიბრებების გამარჯვებულს, ნინო ნალბანდიანს. მწვრთნელი უზრუნველყოფს მოსწავლეებისთვის უსაფრთხო კლასგარეშე გარემოს შექმნას, რომელსაც ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მშობლები. აღსანიშნავია ისიც, რომ ნინო ნალბანდიანის რამდენიმე მოსწავლე ეროვნული და საერთაშორისო შეჯიბრებების გამარჯვებულიც გახდა.

ფრენბურთი გუნდური სპორტის სახეობა. ფრენბურთის მოედანზე მოწინააღმდეგე გუნდებს შორის გადაჭიმულია ბადე, მოთამაშეები ცდილობენ, ბურთი ბადის ზემოთ გადააგდონ ისე, რომ მოწინააღმდეგის მოედანზე დაეცეს და მეტოქემ მისი მოგერიება ვერ შეძლოს.

ფრენბურთი, როგორც ყველა გუნდური სპორტი, არა მარტო ბურთთან ურთიერთიბას გულისხმობს, არამედ ურთიერთობას გუნდის წევრებთან. გარდა ფიზიკური მზაობისა ამ სპორტში საჭიროა თანაგუნდელების ნდობა და პატივისცემა. ეს სპორტი გაძლევს საშუალებას ფიზიკურ დატვირთვასთან ერთად იყო იმ პატარა ,,ოჯახის” ნაწილი, რომელსაც ჰქვია გუნდი და გუნდთან ერთად გამოსცადო დიდი გამარჯვებების და ზოგჯერ არანაკლებ დიადი დამარცხებების გემო.

“ევროპული სკოლის“ ფრენბურთის კლუბში მოსწავლეებს ვუნერგავთ პოზიტიურ ღირებულებებს კონკურენტულ გარემოში, ვეხმარებით ხასიათის წვრთნაში და ლიდერული უნარების ჩამოყალიბებაში.

მაგიდის ჩოგბურთი პოპულარულია “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებში. ჩვენ გადავწყვიტეთ, სპორტის ეს ხალისიანი და ენერგიული სახეობა კლუბური აქტივობის სახით მიგვეწოდებინა ნებისმიერი ასაკისა და მომზადების დონის მქონე მოსწავლეებისთვის.  მაგიდის ჩოგბურთის კლუბი წევრებს სთავაზობს მაღალი ხარისხის წვრთნებს, მეგობრულ თამაშებსა და ტურნირებში მონაწილეობას, რაც მათი გაჯანსაღების, სოციალური უნარებისა და  თავდაჯერების გამომუშავების საუკეთესო შესაძლებლობა იქნება.

გორგოლაჭებით (როლიკებით) სრიალი ერთდროულად ფიზიკური აქტივობაც არის, ხელოვნებაც და გართობა-დასვენებაც. კლუბის მეცადინეობებს ატარებენ გამოცდილი, კვალიფიციური ინსტრუქტორები, რომლებიც სახალისო და უსაფრთხო გარემოს ქმნიან მოსწავლეებისთვის. თეორიული კომპონენტის სწავლებისა და ტექნიკური უნარების განსავითარებელად შემუშავებული ინტენსიური კურსის მსვლელობისას ისინი მიმართავენ ICP (Inline Certification Program) მეთოდოლოგიას. კლუბის მუშაობისას პრიორიტეტულია უსაფრთხოების დაცვა. თითოეული მოსწავლე ვალდებული იქნება დაიცვას წესები და უსაფრთხოების ნორმები, რომლებსაც ინსტრუქტორები გააცნობენ, ატარონ ჩაფხუტები, მაჯის, იდაყვის დამცავი ბალიშები და სამუხლეები.

ჩვენი ჭადრაკის კლუბი მოქმედებს სკოლის შემდეგ, 5-დან 13 წლამდე მოსწავლეებისთვის. პროგრამა განკუთვნილია როგორც დამწყებთათვის, ასევე ეროვნული ჩემპიონებისთვისაც. კლუბს ხელმძღვანელობს ცნობილი მოჭადრაკე გიული ალიხანაშვილი, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება, შეისწავლონ როგორც ძირითადი წესები, ასევე მაღალი დონის სტრატეგიები, განივითარონ კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაწყვეტის უნარები; გიული ალიხანაშვილი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, ეთამაშონ თანატოლებს სკოლაში და საქალაქო შეჯიბრებებზე, შეიძინონ ცოდნა ჭადრაკის ექსპერტებისა და ოსტატებისაგან საჩვენებელ თამაშებზე, რომლის დროსაც ისინი სკოლის კლუბის მოსწავლეებს ეთამაშებიან.

ჩვენი პროგრამა, რომელიც ტარდება გაკვეთილების შემდეგ, საშუალებას აძლევს ბავშვებს, მიაღწიონ წარმატებას საბრძოლო ხელოვნების დაუფლებაში. კარატე ეხმარება ბავშვებს, განივითარონ დისციპლინის, კონცენტრაციის, ყურადღების, თავდაჯერების, ძალისა და თავდაცვის უნარები და ა.შ. კარატეს გაკვეთილებზე ცნობილი კარატისტი გრიგოლ დარჩიაშვილი თქვენს შვილს შეასწავლის სხვადასხვა ილეთს, თავდაცვის ტექნიკებს, ასევე კატასა და კარატეს ტერმინოლოგიას (იაპონური ტერმინოლოგია) და ჩაატარებს ტრადიციული კარატეს გაკვეთილებს. გრიგოლ დარჩიაშვილის მოსწავლეები არიან ეროვნული და მსოფლიო ჩემპიონატების გამარჯვებულები.

ჩვენს თეატრალურ სტუდიაში მოსწავლეები გადიან რეპეტიციებსა და დგამენ წარმოდგენებს, რათა მიიღონ სახალისო საგანმანათლებლო გამოცდილება და გაეცნონ თეატრის ცხოვრების თავისებურებებს. მიგვაჩნია, რომ ახალგაზრდა მსახიობების განვითარების ერთ-ერთი საშუალება წარმოდგენებში მონაწილეობაა. სწორედ ამიტომ ვდგამთ წარმოდგენებს. ყოველ აკადემიურ წელს მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ განსხვავებულ სპექტაკლებში, რათა მრავალჯერ შეძლონ თეატრალურ სტუდიაში გაწევრება და ყოველ ჯერზე ისიამოვნონ ახალი გამოცდილებით.
ჩვენი კლასგარეშე თეატრალური სტუდია მხოლოდ დრამატურგიას როდი ასწავლის; სტუდია ასევე ახერხებს, მოსწავლეებს განუვითაროს თავდაჯერებულობის, შემოქმედებითობის, გუნდურობის, თვითდისციპლინისა და პრეზენტაციის ჩატარების უნარ-ჩვევები.
ჩვენი მაღალი ხარისხის სცენარები შექმნილია (ან ადაპტირებულია საბავშვო ლიტერატურიდან) თეატრალური სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელის, ლიკა ქობულაძის მიერ; ლიკა თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის მსახიობია.
სტუდიამ წარმატებით დადგა მიუზიკლი: “შობა სხვენში;“ რამდენიმე წარმოდგენა, მათ შორის: ქართული ზღაპარი “წიქარა,“ ალექსეი ტოლსტოის “ბურატინო,“ შარლ პეროს “წითელქუდა,“ ჰანს ქრისტიან ანდერსენის “ყინულის დედოფალი,“ უილიამ შექსპირის “ზაფხულის ღამის სიზმარი,“ კომპოზიცია “სიყვარული, სიყვარული, სიყვარული“ (ცნობილი ადამიანების სასიყვარულო წერილების მიხედვით), “საშობაო სიმღერა,“და ა.შ.
საუკეთესო წარმოდგენები დაიდგა არა მხოლოდ ჩვენს სკოლაში, არამედ თბილისის თეატრების სცენებზეც, მათ შორის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში, თავისუფალ თეატრში.
2012 წელს თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ ფესტივალზე “ევროპული სკოლის“ წარმოდგენამ “ყინულის დედოფალი“ მიიღო პრიზი საუკეთესო შემოქმედებითი ჯგუფის კატეგორიაში.
2014 წელს “ოქროს საწმისის“ ფესტივალზე “ევროპული სკოლა“ დაჯილდოვდა “ყველაზე კრეატიული შემოქმედებითი ჯგუფის“ კატეგორიაში და გადაეცა დიპლომი შემდეგი წარმოდგენისთვის: “21-ე საუკუნეში დანახული მითოლოგია.“
2016 წელს, თეატრალური სტუდიის მიერ “ბურატინოს“ დადგმის შემდეგ, სამხატვრო ხელმძღვანელი და მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სპეციალური დიპლომებით შესანიშნავი სამუშაოს ჩატარებისთვის.

თექის კლუბი მიზნად ისახავს მოსწავლეებში განავითაროს ფანტაზია, წარმოსახვის უნარი, მხატვრული აზროვნება, კომპოზიციის შეგრძნება, წვრილი მოტორიკა და სხვ.

კლუბში გაწევრიანებული მოსწავლეები სწავლობენ თექის ხელნაკეთი ნამუშევრების დამზადებას. ქართული მატყლის გამოყენებით ქმნიან ქსოვილებს, თოჯინებს, მძივებს, ოსტატდებიან  ქართული ხალხური რეწვის ნიმუშების შექმნაში. კლუბის წევრები მართავენ სააღდგომო, საშობაო  და შემაჯამებელ გამოფენებს, მონაწილეობას იღებენ ფესტივალებში, ატარებენ ვორქშოფებს და აქტიურად არიან ჩართულნი სასკოლო ღონისძიებებში.

თექის კლუბის უმთავრესი დანიშნულებაა, მოზარდებმა შეიყვარონ ხელოვნება და ხელსაქმე.

“ევროპული სკოლის“ სატელევიზიო სტუდია (” ES TV“) 2007 წლის 17 სექტემბრიდან მაუწყებლობს “ევროპული სკოლის”  შიდა ეთერში და ინტერნეტ გვერდზე www.europeanschool.ge
ES TV –ს ხელმძღვანელობს რეჟისორი, პროდიუსერი, საბავშვო ფილმების  საერთაშორისო ფესტივალ “ოქროს პეპელას“ დირექტორი ირაკლი ჯაოშვილი.
ES TV  საბავშვო სატელევიზიო სტუდიაა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ციფრული ტექნიკით. სკოლის შენობასა და ტერიტორიაზე შექმნილია საკაბელო ქსელი, რომლის საშუალებითაც სატელევიზიო სიგნალი მიეწოდება 220 მონიტორს.  ES TV- ს გადაცემების ხილვა შესაძლებელია საკლასო ოთახებსა და კაბინეტებში, საკონფერენციო  და ადმინისტრაციულ ოთახებში, დერეფნებში, სასადილოში, კაფეტერიასა და სკოლამდელი აღზრდის ცენტრში.
ES TV- ს აქვს საკუთარი სიმბოლოები: ლოგო, ქუდი;  მაუწყებლობს
სკოლის საკაბელო ქსელში დილის 8:30 საათიდან საღამოს 17:30 საათამდე.
ES TV  სასწავლო–შემოქმედებითი ლაბორატორიაა, რომელიც მოიცავს:  საეთერო სტუდიას, სააპარატოსა და სამონტაჟოს, ასევე, გახმოვანების სტუდიას. აქ მოსწავლეები სწავლობენ ტელეჟურნალისტიკის საფუძვლებს, ეუფლებიან სატელევიზიო ტექნიკას და პრაქტიკულად ახორციელებენ თავიანთ იდეებს.
სტუდიის მოსწავლეები 4 ვიდეო კამერით სრულფასოვნად ახორციელებენ პირდაპირ ტრანსლაციებს სკოლის ტერიტორიაზე და გადასცემენ რეპორტაჟებს სპორტული მოედნებიდან, საკონფერენციო, საგამოფენო და სააქტო დარბაზებიდან, ხოლო საინფორმაციო გადაცემის კორესპონდენტები რეგულარულად ერთვებიან პირდაპირ ეთერში სხვადასხვა ოპერატიული ინფორმაციით.
ES TV- ს მოსწავლეები პერიოდულად სტუმრობენ ცნობილ სატელევიზიო არხებს და ეცნობიან პროფესიონალ ტელეხელოვანთა საქმიანობას, იზიარებენ მათ გამოცდილებას.
ES TV-ს ძირითადი ამოცანა სასწავლო პროცესში მონაწილეობაა: ES TV-ს აქვს საეთერო ბადე, რომლის დაგეგმვა ხორციელდება წინასწარი განაცხადების საფუძველზე, მაგალითად: პედაგოგი აკეთებს განაცხადს, თუ რომელ დღეს, რომელ გაკვეთილზე სურს აჩვენოს მოსწავლეებს წინასწარ მომზადებული ვიდეომასალა. გაკვეთილებზე სამეცნიერო, დოკუმენტური თუ მხატვრული ვიდეომასალის ჩვენება ხელს უწყობს მოსწავლეებს უფრო საფუძვლიანად და ღრმად გაიაზრონ შესასწავლი საგანი.
ES TV-ს  პროგრამების ნუსხაშია ყოველკვირეული საინფორმაციო გადაცემა – “ეს სიახლენი” ანუ “ES News” ქართულ და ინგლისურ ენებზე,  საავტორო გადაცემები: “დიდი შესვენება მარისთან ერთად”, “ლიზას ათეული”, “პაწაწინა ანცობები ფარული კამერით”, “იკას ლანჩი”, “ვინ პირველი“, “ზუკას შოუ“, “დეტექტივი მარიკუშა“, “ანას შოუ“, “მხიარული ანა-ლიზები“ , “კულინარიული ანალიზი“, ტელესერიალი “ჩოჩოს თავგადასავალი”, ასევე დოკუმენტური ფილმები სკოლის ცხოვრების მნიშვნელოვან ფაქტებსა და მოვლენებზე. 2016 წლიდან ES TV–ს სატელევიზიო გადაცემებს დაემატა ახალი საიმიჯო პროექტი “ევროპული სკოლის  პროფილი“, რომელშიც მაყურებელი ეცნობა წარჩინებულ მოსწავლეებსა და სკოლის პედაგოგებს.
ES TV–ს  ჟურნალისტები ყოველი თვის ბოლოს ამზადებენ თოქ-შოუს – “შეხვედრა სკოლის დირექტორთან“,     რომელიც   გადაიცემა პირდაპირ  ეთერში.
ES TV  ყოველი წლის ოქტომბრის ბოლო ოთხშაბათს აწყობს სატელევიზიო სიუჟეტების კონკურსს თემაზე – “ჩემი კლასი“ და ავლენს გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო რეპორტიორი, საუკეთესო წამყვანი და საუკეთესო რეჟისორი. 2016 წლიდან ES TV მონაწილეობს ინტეგრირებულ გაკვეთილებში “ქართული ლიტერატურა და მისი ეკრანიზაცია“,  მოსწავლეები ეცნობიან ქართული ლიტერატურისა და კინოს შედევრებს.
ES TV–ს ბაზაზე 2011 წლის 1 ივნისიდან ჩამოყალიბდა საბავშვო კინოსტუდია და საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “ოქროს პეპელა“, რომელშიც მონაწილეობენ 18 წლამდე ასაკის მოზარდები. ფესტივალის პროგრამაშია: მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი, მასტერკლასები, ვორქშოპები და დაჯილდოების საზეიმო ცერემონია. ფესტივალი ყოველწლიურია და ავლენს გამარჯვებულებს 10 ნომინაციაში. კონკურსს აფასებს კომპენტენტური ჟიური და ბავშვთა ჟიური.
ES TV–ს მოსწავლეთა ნამუშევრები ხშირად იგზავნება საერთაშორისო ფესტივალებზე,  საიდანაც ისინი ყოველთვის გამარჯვებულები ბრუნდებიან.

გიტარის სტუდიაში მოსწავლეები ხალისით სწავლობენ გიტარის ძირითად ტექნიკებსა და გიტარაზე სხვადასხვა სიმღერის აწყობას. გიტარის გაკვეთილებს ატარებს კვალიფიციური მასწავლებელი მეგი კახნიაშვილი. მასწავლებელი მთელ ყურადღებას უთმობს მოსწავლეებს, მოსწავლეები კი სარგებლობენ გაკვეთილების სერიებით, რომლებიც იგეგმება და სათითაოდ ერგება მოსწავლეების სპეციფიკურ საჭიროებებსა და მათივე სწავლის სტილს. პროგრესი შედარებით მსუბუქად და ადვილად მიიღწევა. სტუდიაში, გაკვეთილებთან ერთად, მოსწავლეებს ეძლევათ კონცერტებისა და ღონისძიებების მოწყობის საშუალება.
ცეკვის კლუბს უძღვება პროფესიონალი მოცეკვავე: დავით დარასელია. ცეკვის კლუბის პროგრამა განკუთვნილია სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებისთვის, გაკვეთილების შემდეგ. მოსწავლეები შეისწავლიან ქართულ ეროვნულ და საზღვარგარეთულ პოპულარულ ცეკვებს. კლუბის ყველა წევრს საშუალება ეძლევა, მიიღოს სიამოვნება ცეკვისაგან, მათაც კი, ვისაც არ გააჩნია ცეკვის გამოცდილება. ცეკვის კლუბის ყველა მონაწილე ერთვება სკოლის სხვადასხვა ღონისძიებაში. ცეკვის კლუბი მოითხოვს დიდ შრომას, მონდომებასა და ყურადღებას.
ეკოკლუბს კოორდინირებას უწევს სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი, მანანა ჟამურაშვილი. მისი ხელმძღვანელობით კლუბის წევრები ახორციელებენ გამწვანების ღონისძიებებს, მათ შორის: მონაწილეობას იღებენ ხეებისა და სამკურნალო მცენარეების გაზრდაში და სკოლის მოსწავლეებში ამაღლებენ ცნობიერებას ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და გარემოს დაცვის ადგილობრივ საკითხებთან დაკავშირებით. “ევროპული სკოლის“ სათბური წარმოადგენს ადგილს, სადაც კლუბის წევრები რწყავენ ყვავილებს, აწესრიგებენ მცენარეების ქოთნებს, აკვირდებიან მცენარეთა ზრდას და ატარებენ საინტერესო ექსპერიმენტებს.
რობოტიქსის კლასგარეშე კლუბი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოსწავლის ჩართულობას STEM საგნებში. რთული კონსტრუქციის რობოტების აწყობის, დიზაინის შექმნისა და პროგრამირების უშუალო გამოცდილება აუმჯობესებს გუნდური მუშაობისა და პრობლემების გადაწყვეტის უნარებს და ეხმარება ბავშვებს, გააცნობიერონ, როგორ არის ერთმანეთთან პრაქტიკულად დაკავშირებული ისეთი დისციპლინები, როგორებიცაა: მათემატიკა, ინჟინერია და კომპიუტერული მეცნიერებები. კლუბის ხელმძღვანელები, ლაშა გეწაძე და დავით ნოზაძე, ამზადებენ მოსწავლეებს რობოტიქსის კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად, სადაც მათ პირდაპირი შეხება აქვთ ამაღელვებელ, შემოქმედებითსა და პრაქტიკული გამოწვევებით სავსე სამყაროსთან.
ონლაინ თამაშების პროგრამირების კლუბი იწვევს 7-11 წლის მოზარდებს და გააცნობს მათ ონალინ თამაშების შექმნის საფუძვლებს პროგრამირების საშუალებით, Scratch, Minecraft Education, და CodeHS პლატფორმების გამოყენებით. კლუბის სახალისო აქტივობები მოიცავს: თამაშების შექმნას  კოდირების ჩამოთვლილი ინტერაქციული პლატფორმების გამოყენებით, კრეატიული კოდირების ტექნიკის დაუფლებას, ნასწავლის პრაქტიკაში განხორციელებას, იდეების დანერგვასა და ექსპერიმენტირებას.  მოსწავლეები შეისწავლიან კომპიუტერული მეცნიერების საფუძვლებს, მიიღებენ მონაწილეობას სასკოლო კონფერენციებსა და საერთაშორისო კონკურსებში:  World Scratch შეჯიბრები, Scratch ოლიმპიადები, Minecraft Global Challenges.
Java პროგრამირებისა და თამაშის დიზაინის კლუბი განკუთვნილია სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის. კლუბის მეცადინეობის ხანგრძლივობა 90 წუთია და ტარდება კვირაში ერთჯერადად. ჯგუფში დაახლოებით 10 მოსწავლეა, რომლებიც სწავლობენ პროგრამირებას Java OOP-ის გამოყენებით, თამაშების, ანიმაციების და აპლიკაციების შექმნით.
Java პროგრამირების და თამაშის დიზაინის კლუბის მიზანია, მოსწავლეებს განუვითაროს პროგრამირების უნარები და დაეხმაროს მათ მომავალში ისეთი პროფესიების დაუფლებაში, როგორიცაა პროგრამირება, კომპიუტერული ინჟინერია, თამაშების ინჟინერია და სხვა ციფრული კარიერები.

ბალეტი – კლასიკური საცეკვაო ხელოვნების განვითარების უმაღლესი საფეხურია. ბალეტი მუდამ პოპულარულია. ბალეტის სწავლება იწყება ადრეული ასაკიდან , როცა ბავშვის ორგანიზმი მოქნილობით გამოირჩევა. ევროპული სკოლის საბალეტო კლუბს ხელმძღვანელობს საბალეტო სტუდია Art Ballet L N-ის ხელმძღვანელი, ვ. ჭაბუკიანის საბალეტო სასწავლებლის და ოპერისა და ბალეტის თეატრის დასის ყოფილი პედაგოგი, ე. ხალვაში.

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ თანამედროვე ცეკვის სტუდიაში შეისწავლონ ჰიპ-ჰოპი. 6-დან 16-წლამე მოზარდებს შეასწავლიან თანამედროვე ცეკვის ილეთებს. სტუდიას კ. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, უამრავი სპექტაკლის დამდგმელი ქორეოგრაფი, ქართულ-ფრანგული, ოსკარზე ნომინირებული ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი თემურ ქამხაძე ხელმძღვანელობს.

“ევროპულ სკოლაში“ ხელოვნების სტუდიის ხატვის გაკვეთილები მოსწავლეს ავსებს შემოქმედებით, შთაგონებითა და ხალისით. ყველა მოსწავლე იღებს ინდივიდუალურ, მისთვის რელევანტურ ინსტრუქციებს კვალიფიციური და პროფესიონალი მხატვრისგან, ანა მინდიაშვილისგან. ანა ენთუზიაზმით ეკიდება თქვენი შვილის განათლებას ხელოვნებაში. ხატვის ყოველ გაკვეთილზე მოსწავლეები სწავლობენ ხატვის სხვადასხვა ტექნიკას და ამასთანავე, ენიჭებათ თავისუფლება, გამოხატონ საკუთარი თავი მათივე ნამუშევრების მეშვეობით. ხატვის გაკვეთილებზე განიხილება შემდეგი ასპექტები: ჩრდილებზე მუშაობა, სივრცე, კომპოზიცია, პორტრეტი, პეიზაჟი,რეალიზმი, აბსტრაქციონიზმი და სხვა.

მითოლოგიის კლუბის მეცადინეობებზე მოსწავლეები სამყაროს შესახებ არსებულ უამრავ ისტორიას,ლეგენდას, თქმულებასა და ზღაპარს გაეცნობიან. გაკვეთილების უმეტესობა ბერძნულ მითოლოგიის შესწავლას დაეთმობა, თუმცა, მუდმივად გაევლება პარალელები შუმერულ, ეგვიპტურ, სკანდინავიურ,ქართულ მითოლოგიასთან; მოსწავლეეები გაეცნობიან დღეს მეცნიერებაში დამკვიდრებული ძალიან ბევრი სიტყვის მნიშვნელობას, მათი გაჩენის ისტორიას, ფრთიან გამონათქვამებს და მითოლოგიის თემაზე შექმნილ ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს.

ზღაპრით თერაპია არის მეთოდი, რომელიც ბავშვებში ემოციური ინტელექტის განვითარებას, შემოქმედებითი შესაძლებლობების გაფართოებასა და სოციალური უნარების სრულყოფას უწყობს ხელს. ამ მეთოდის მიხედვით ზღაპარი არამარტო წარმოსახვის, ფანტაზიის განვითარების, კითხვით დაინტერესების, ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების, მორალური ღირებულებების გადმოღების საშუალებაა, არამედ   მისი დახმარებით ხდება კონფლიქტების მოგვარების ტექნიკების შესწავლა, შიშების მართვა, აგრესიული და ჩაკეტილი ქცევის კორექტირება, ასერტული ქცევის უნარების განვითარება.
კლუბის მუშაობისას ხდება ზღაპრის წაკითხვა, განხილვა, მოსწავლეთა მიერ საკუთარი შეხედულებების გამოხატვა, გაანალიზება-მსჯელობა.  კლუბის მეცადინეობებში ჩაშენებულია არტ-თერაპიის ელემენტები. ბავშვები ხატავენ ზღაპრის იმ ნაწილს, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანია, შემდეგ კი მსჯელობენ ნამუშევრის ირვლივ.
რუსული ენის კლუბში ჩვენი მიზანია, ბავშვებს მივცეთ შესაძლებლობა, წყნარ გარემოში თან იხალისონ, თან შეისწავლონ რუსული ენა რუსულად მეტყველების პროცესში. კლუბის ხელმძღვანელებს: ნელი ხომერიკს და  ნატა მიქელაძეს აქვთ მცირეწლოვანი ბავშვებისთვის რუსული ენის სწავლების ხანგრძლივი გამოცდილება და კვალიფიკაცია; კერძოდ, ისინი ატარებენ მასტიმულირებელ აქტივობებს, რომლებიც მოიცავს თამაშებს, მუსიკას, ხელოვნებასა თუ როლურ თამაშს. ამ დროს ყველა ბავშვი ჩართულია სწავლის პროცესში და ისინი ცოდნას თავისდაუნებურადაც კი იძენენ!

ჩინური ენის კლუბში მოსწავლეები ჩინური ენის საფუძვლებს დაეუფლებიან, ამავდროულად განივითარებენ სმენის, მეტყველების, კითხვის და წერის უნარ-ჩვევებს. ჩინური ენის კლუბის მასწავლებელია ეკრინ იაგმურ კურტი, რომელიც შეეცდება, მოსწავლეები ჩინური კულტურითა და ისტორიით დააინტერესოს.

“ევროპული სკოლის“ ფრანგული ენის კლუბი ბავშვებს საშუალებას აძლევს უცხო ენას ადრეული ასაკიდან დაეუფლონ. ენის შესწავლასთან ერთად მოსწავლე ეცნობა ფრანგულ კულტურას, ლიტერატურასა და ქვეყნის ცივილიზაციას.  კლუბის აქტივობები სახალისოგასართობ ხასიათს ატარებს, რათა ენის ათვისება მსუბუქი და თავშესაქცევი ფორმით მოხდეს.