ჟესტების ენა - კიდევ ერთი ახალი ენა PYP-ის მოსწავლეებისთვის

კომუნიკაცია სმენადაქვეითებულ ადამიანებთან ყოველთვის რთულ ამოცანას წარმოადგენდა. კომუნიკაციის საკითხებისადმი მიძღვნილი საძიებო თემის ფარგლებში, PYP მე-4 კლასის მოსწავლეებმა ჟესტების ენის მასწავლებელი და მისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები “ევროპულ სკოლაში“ მოიწვიეს.
პროექტის მიზანი იყო, ბავშვებს წარმოდგენა შექმნოდათ ჟესტების ენაზე დაფუძნებული კომუნიკაციის სისტემის შესახებ. ჩვენმა მოსწავლეებმა შეისწავლეს აღნიშნული ენის საფუძვლები და მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახალისო აქტივობაში. საკმაოდ ემოციური სანახავი იყო მოზარდების მცდელობა, თანატოლებთან კომუნიკაციისას თავიანთი ფიქრები და აზრები გამოეხატათ ჟესტების ენაზე. მე-4 კლასის ერთ-ერთმა მოსწავლემ აღნიშნა: “ვერც კი წარმოვიდგენდი, თუკი ამდენი ემოციის გამოხატვა შესაძლებელი იქნებოდა ერთი სიტყვის წარმოთქმის გარეშეც კი. ახლა გაცილებით უფრო მეტად ვაფასებ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც დაბადებიდანვე გვაქვს, ზოგიერთები კი ამ შესაძლებლობებს მოკლებულნი არიან.“
აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებს დაეხმარათ, გამხდარიყვნენ მეტად ჰუმანურნი, განევითარებინათ არავერბალური კომუნიკაციის უნარები და ჩაღრმავებოდნენ საძიებო თემას.

Share on: