ახალი ამბები
სიახლე! გადაიხადე დაბადების დღე ევროპულ სკოლაში
05 Dec 2018ჩვენი სკოლის კაფეტერია უზრუნველყოფს დაბადების დღის მენიუს თქვენი შვილისა და მისი მეგობრებისათვის. შეკვეთის გაკეთება შესაძლებელია ქვემოთ მოცემული ელექტრონული განაცხადის ფორმის საშუალებით ან მიღების სამსახურში აპლიკაციის შევსებით.
პროექტი “ევროპული სკოლა - ათენი - ევროპული სკოლა“
04 Dec 20182012 წლიდან ევროპული სკოლა აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო ფესტივალ ,,ოქროს საწმისში“, რომელიც ეძღვნება ბერძნულ-ქართულ ურთიერთობებს. აღნიშნული ღონისძიების მხარდამჭერები არიან თსუ კლასიკური ფილოლოგიის ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი, საბერძნეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და საქართველოს ეროვნული არქივი. წლების განმავლობაში ევროპული სკოლის მოსწავლეები წარჩინებით მონაწილეობდნენ სხვადასხვა აქტივობაში, კერძოდ, 2012-2013 სასწავლო წელს მე-6 ა კლასის მოსწავლეებმა, რომელთა ჯგუფის კაპიტანი გახლდათ ირაკლი ბეჟუაშვილი, 1-ლი ადგილი აიღეს ვიქტორინაში: ,,რა? სად? როდის?“; 2013-2014 სასწავლო წელს კვლავ პრიზიორები გახდნენ და შესაბამისი დიპლომებით დაჯილდოვდნენ მე-7 და მე-10 კლასის მოსწავლეები კონკურსზე, რომელიც ეძღვნებოდა მელინა მერკურის იუბილეს, მათი ნაშრომები წიგნად გამოსცა უნივერსიტეტის გამომცემლობამ. ამ ფესტივალში აქტიურად გახლდნენ ჩართულები დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, რომლებიც დგამდნენ სპექტაკლებს ბერძნული მითოლოგიის თემაზე. აღნიშნულ პროექტს ევროპულ სკოლაში ხელმძღვანელობს ისტორიის პედაგოგი - მაია წენგუაშვილი.
მასწავლებლებისა და ფსიქოლოგის შეხვედრა - სასკოლო შფოთიანობის კონტროლი
04 Dec 2018ევროპული სკოლის მოსწავლეთა მხარდაჭერის ცენტრის ინიციატივით, გრძელდება შეხვედრების ციკლი “საუბრები ფსიქოლოგთან“. 4 დეკემბერს ჩატარდა შეხვედრა მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მასწავლებლებთან სასკოლო შფოთიანობის კვლევის შედეგების გასაცნობად. შეხვედრის დროს მოხდა სასკოლო შფოთიანობის გამომწვევი მიზეზების განხილვა და მასწავლებლებს მიეცათ დეტალური რეკომენდაციები, თუ როგორ დაამყარონ კონსტრუქციული ურთიერთობები შფოთიანობის მაღალი დონის მქონე მოსწავლეებთან.
მხიარული სტარტები
01 Dec 2018პარასკევს, 30 ნოემბერს, ჩვენს ბაღში გავაცილეთ შემოდგომა და მხიარული სტარტებით შევეგებეთ ზამთარს. ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში და ძალიან იმხიარულეს. პატარებმა კარგი სპორტული მზაობა აჩვენეს და თავი არ დაუზოგავთ გამარჯვებისათვის.
ესტონეთის ელჩის სტუმრობა
01 Dec 20182018 წლის 30 ნოემბერს ევროპულმა სკოლამ უმასპინძლა ესტონეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ქალბატონ კაი კაარელსონს. ჩვენი სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრაზე ელჩმა ისაუბრა ესტონეთის მიღწევებზე საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და სახელმწიფო სერვისებში და განიხილა ამ მიმართულებით საქართველოს განვითარების სამომავლო შესაძლებლობები. ამის შემდეგ, ევროპული სკოლის მოსწავლეებმა სტუმარს ჩაუტარეს სკოლის ტური და დაათვალიერებინეს უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ინფრასტრუქტურა, მათ შორის ახლადგახსნილი ინოვაციების ლაბორატორია ფაბლაბი. ფაბლაბის არსებობა სკოლის სივრცეში უპრეცედენტო სწავლების მოდელია ქართული განათლების სფეროსათვის და შესაძლებლობას მისცემს მოსწავლეებს, თანამედროვე ტექნოლოგიებთან ყოველდღიური შეხებით მიიღონ STEM ცოდნა ჯერ კიდევ დაწყებითი კლასებიდან. ევროპულ სკოლაში დანერგილი სწავლების მეთოდოლოგიის გაცნობის შემდეგ, ელჩმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მსგავსი პროექტების მნიშვნელობას ინოვატორების მომავალი თაობის აღზრდისა და ქვეყნის განვითარებისათვის. გვსურს, დიდი მადლობა გადავუხადოთ ქალბატონ კაი კაარელსონს და ვიმედოვნებთ, ეს ვიზიტი გააძლიერებს საქართველოში ესტონურ სათვისტომოსა და ევროპულ სკოლას შორის ურთიერთობებს.
შეხვედრა საქართველოს ელჩთან საბერძნეთში
01 Dec 201830 ნოემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში, იოსებ ნანობაშვილი, შეხვდა “ევროპული სკოლის“ ქართული სექტორის მოსწავლეებს, რომლებიც ათენს თემატური კონფერენციის ჩატარებისა და სხვადასხვა პრეზენტაციების გამართვის მიზნით ეწვივნენ. შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცნენ საქართველო-საბერძნეთის და საქართველო-სერბეთის ორმხრივ ურთიერთობებს, მიიღეს ინფორმაცია საბერძნეთში ქართული დიასპორის შესახებ, საქართველოს ელჩს დაუსვეს კითხვები საქართველოს საგარეო უწყების ფუნქციონირებისა და საქართველოს მიერ წარმოებული საგარეო პოლიტიკის შესახებ.
პრეზენტაციები ბულინგის თემაზე
29 Nov 201829 ნოემბერს, ანტი-ბულინგის კვირეულის ფარგლებში, ევროპული სკოლის საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამის მე-10 კლასელებმა წარმოადგინეს დამოუკიდებელი პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ბულინგზე ცნობიერების ამაღლებას. ღონისძიება ჩატარდა მთავარ დარბაზში და მას ესწრებოდნენ ინგლისურის მასწავლებლები და მე-10 კლასის მოსწავლეები. გამომსვლელებმა დამსწრეებს გაუზიარეს მათი იდეები და ხედვა ბულინგთან ბრძოლის ეფექტურ მეთოდებსა და საშუალებებზე.
საქველმოქმედო აქცია სოფელ აქთაქლის ბიბლიოთეკის დასახმარებლად
22 Nov 2018ევროპული სკოლის ქართული პროგრამის მე-10 და მე-12 კლასების მოსწავლეებმა დამრიგებლებთან ერთად გადაწყვიტეს მოეწყოთ საგანმანათლებლო-საქველმოქმედო აქცია და დახმარებოდნენ რომელიმე სკოლას ბიბლიოთეკის შექმნასა და წიგნებით გამდიდრებაში. ჩვენდა სასიხარულოდ, საქველმოქმედო აქციაში მთელი სკოლა ჩაერთო და ერთი კვირის განმავლობაში აქტიურად ვაგროვებდით წიგნებსა და საკანცელარიო ნივთებს.
ვორქშოპი PYP პროგრამის მშობლებისათვის
22 Nov 201821 ნოემბერს ევროპული სკოლის IB-ს დაწყებითი პროგრამის მშობლებისათვის გაიმართა ვორქშოპი “PYP პროგრამის საფუძვლები”. ვორქშოპი მიზნად ისახავდა უკეთ გაეცნო მშობლებისათვის საერთაშორისო ბაკალავრიატის დაწყებითი საფეხურის (IB PYP) სასწავლო მეთოდოლოგია, ფილოსოფია და მიდგომები. სესია ინტერაქტიული ფორმატის იყო და მისი მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულები დისკუსიაში. სკოლისათვის სასარგებლო იყო მშობლებისაგან უკუკავშირის მიღება. მათ მიერ PYP-ში სასწავლო მეთოდიკის ძირითად უპირატესობებად დასახელდა მოსწავლეთა და მასწავლებელთა მაღალი ჩართულობა და იდეების გაზიარების კულტურა. მსგავსი შეხვედრები ყოველ სემესტრში ჩატარდება და დაეხმარება მშობლებს, უფრო ღრმად გაეცნონ PYP-ში დანერგილ სწავლების მიდგომას.