ახალი ამბები

"ტვინების ბრძოლა" - შიდა სასკოლო ჩემპიონატი

01 Nov 2018

ევროპულ სკოლაში ინტელექტუალური თამაში “ტვინების ბრძოლა“ გაიმართა. შიდა სასკოლო ტურში 5-კაციან გუნდებად დაკომპლექტებულმა მოსწავლეებმა 15 შეკითხვას გასცეს პასუხი. გუნდები 3 ასაკობრივ კატეგორიად იყვნენ დაყოფილი: მე-3-5 კლასელები, მე-6-8 კლასელები და მე-9-12 კლასელები. პირველ კატეგორიაში გაიმარჯვეს გუნდებმა “მებრძოლი ტვინები“(ქართული სექტორის მე-6ბ კლასი) და ტვინიკოსები(PYP, მე-4/მე 5 კლასები), მეორე კატეგორიაში გაიმარჯვა “ტესლამ“ (MYP, მე-8ა კლასი), ხოლო მესამე კატეგორიაში გამარჯვებული “ამერიკულის გუნდი“ (AHS მე-10 კლასი) გახდა. მომდევნო ეტაპზე, მონაწილე გუნდების საუკეთესო ნახევარი სხვა სკოლების გამარჯვებულ გუნდებს დაუპირისპირდება.

რობოტების რბოლა პირველკლასელებს შორის

30 Oct 2018

პირველკლასელებს შორის მოეწყო გუნდური შეჯიბრი - რობოტების რბოლა. გუნდების მიერ დაპროგრამებული რობოტები წინასწარ განსაზღვრულ გზაზე წარმატებით უნდა მისულიყვნენ დანიშნულების ადგილამდე. ბავშვები დიდი ინტერესითა და აზარტით ჩაერთნენ შეჯიბრში. პატარებს მათი მშობლები და გულშემატკივრები ამხნევებდნენ. გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ სერტიფიკატები და შოკოლადის მედლები.

საუბრები ფსიქოლოგთან - როგორ გავუმარტივოთ პირველკლასელებს სკოლასთან ადაპტაცია

30 Oct 2018

ევროპული სკოლის მოსწავლეთა მხარდაჭერის ცენტრი აგრძელებს შეხვედრებს ,,საუბრები ფსიქოლოგთან''. ამჯერად, სკოლის ფსიქოლოგი ქეთევან ოსიაშვილი ჩვენი პირველკლასელების მშობლებს შეხვდა სკოლასთან მათი შვილების ადაპტაციის თემაზე სასაუბროდ. შეხვედრაზე მშობლებს მიეწოდათ რეკომენდაციები სკოლასთან ბავშვის შეჩვევის პროცესის ხელშეწყობაზე. ამასთანავე, ფსიქოლოგმა მათ ასწავლა მეთოდები ბავშვებში შემეცნებითი პროცესების (აზროვნება, მეხსიერება, ყურადღება და წარმოსახვა) ეფექტური განვითარებისათვის.

ანიმაციის დღე ევროპულ სკოლაში

29 Oct 2018

29 ოქტომბერს ევროპული სკოლის ეზოში დიდი მხიარულება იყო - ჩვენი ქართული პროგრამის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა “ანიმაციის საერთაშორისო დღე“ აღნიშნეს. საყვარელი ანიმაციებისა და ზღაპრების გმირების კოსტუმებში გამოწყობილმა პატარებმა სკოლის შიდა ეზოში წითელ ხალიჩაზე პოდიუმი და მხიარული ფლეშმობი მოაწყვეს. ამის შემდეგ, ბავშვებმა უყურეს თოჯინების თეატრის სპექტაკლს და წარმოდგენის ბოლოს მთავარ გმირებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

ექსკურსია ყვარელში ღვინის გვირაბში

27 Oct 2018

ჩვენი სკოლის IB პროგრამის მე-7 კლასელები ყვარელში ძველ ღვინის გვირაბს ესტუმრნენ. მათ ჩაუტარდათ ტური ქართული ტრადიციული მეღვინეობის შესახებ და რეგიონის კულტურულ მიმოხილვასაც გაეცნენ. ამის შემდეგ, მათ საკუთარი ხელით ამოავლეს ჩურჩხელები და გამოაცხვეს თონის პური. ამ ვიზიტის მიზანი იყო ჩვენი მოსწავლეებისათვის პირადი და კულტურული გამოხატულების საშუალებების უკეთ გაცნობა.

ჩვენი მოსწავლეები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისათვის

27 Oct 2018

ჯანსაღი ცხოვრების წესი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა ჩვენი სკოლის IB-ს დაწყებითი სწავლების პროგრამაში. მოსწავლეები თავიდანვე ეჩვევიან ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვების ერთმანეთისაგან გარჩევას, ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობასა და ბუნებაში, სუფთა ჰაერზე ყოფნის აუცილებლობას. მათ მიერ მიღებული ცოდნა რომ მხოლოდ სკოლის კედლებში არ დარჩენილიყო, გადავწყვიტეთ საინფორმაციო მარათონი მოგვეწყო კუს ტბის გარშემო. პატარებმა თავისი წვლილი შეიტანეს ამ თემაზე ცნობიერების ამაღლებაში და კუს ტბის ვიზიტორები ხილთან ერთად, ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ რჩევებითა და საინფორმაციო ფლაერებით დაასაჩუქრეს.

გამოფენა "უცნობი თბილისი" და გასეირნება თბილისის ისტორიულ ნაწილში

26 Oct 2018

ამერიკული სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ინტეგრირებული (მათემატიკა-ლიტერატურა) გასვლითი გაკვეთილი. ისინი ესტუმრნენ ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიმდინარე ფოტოგამოფენას "უცნობი თბილისი" და გაეცნენ დედაქალაქის ღირსშესანიშნავი შენობების ისტორიულ-კულტურულ მნიშვნელობას. გამოფენაზე თითოეულმა მოსწავლემ შეარჩია მისთვის საინტერესო შენობა და დაგეგმა ობიექტთან მისასვლელი მარშრუტი (გაკვეთილის თემა: მარშრუტის ოპტიმიზაცია დროის ეკონომიის მიზნით.). მათ მიერვე შედგენილი გეგმის მიხედვით, გაკვეთილის ფინალურ ნაწილში მოსწავლეებმა გაისეირნეს თბილისის ულამაზეს ქუჩებში.

სახალისო ქიმიური ექსპერიმენტები ჩვენს ბაღში

26 Oct 2018

ჩვენი ბაღის ქართული სექტორის მოსამზადებელი ჯგუფის ბავშვებს დღეს ჯადოსნური დღე ჰქონდათ. პროფესიების თემასთან დაკავშირებით, ქიმიის გასაოცარ სამყაროში მათი მეგზურები იყვნენ ჩვენი მოსწავლის, ალექსანდრე ღლონტის დედა, სოფო ფაცაცია და თეა სიხარულიძე. მათ ნამდვილი ჯადოქრობები აჩვენეს ბავშვებს ქიმიური ექსპერიმენტების სახით: პატარებმა ნახეს, თუ როგორ დიდდება და იღებს სხვადასხვა ფორმას ციცქნა აბი, როგორ მზადდება ლიმონათი, როგორ იფრქვევა ვულკანი და იხილეს სხვადასხვა ფერის "სპილოს კბილის პასტა”. ბოლოს კი, დიდი სიხარულითა და მხიარულებით გაეხვივნენ მშრალი ყინულის კვამლში.

მათემატიკური ვიქტორინა

26 Oct 2018

25 ოქტომბერს შედგა მეოთხეკლასელების გაერთიანებული მათემატიკური ვიქტორინა. მოსწავლეები კლასების მიხედვით არ გაერთიანებულან, შედგა შერეული ჯგუფები. ბავშვები ძალიან მოტივირებულები და მიზანდასახულები თამაშობდნენ. პატარებმა გამოავლინეს ლოგიკური აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარები. ბოლოს კი, მათი მოწინააღმდეგეების წარმატება მეგობრულად აღიარეს და გამარჯვებული გუნდი ტაშითა და ოვაციებით დააჯილდოვეს.