ახალი ამბები

გასვლითი ვიზიტი იპოდრომზე

20 Oct 2018

პარასკევს, 10 ოქტომბერს, ჩვენი IB საბაზო პროგრამის მე-8 კლასელები იპოდრომს ესტუმრნენ. ეს ვიზიტი მათთვის ახალი შთაბეჭდილებებითა და გამოცდილებით დატვირთული აღმოჩნდა: ბავშვები ახლოს გაეცნენ ცხენების მოვლის პროცესს, მიიღეს ინფორმაცია ცხენით ჯირითის დადებით გავლენაზე ჯანმრთელობაზე და თავადაც მიიღეს მონაწილეობა ცხენებისა და თავლის მოწესრიგებაში. პროფესიონალმა ინსტრუქტორმა მათ პრაქტიკაში შეასწავლა ცხენის შეკაზმვის, სწორად ჯდომისა და უსაფრთხო ჯირითის წესები. დასასრულს, მოსწავლეები დაემშვიდობნენ ახალშეძენილ ოთხფეხა მეგობრებს და გადაწყვიტეს, რომ აუცილებლად დაბრუნდებიან მათ სანახავად უახლოეს მომავალში.

ახლებურად დანახული "ვეფხისტყოსანი" - გიორგი კახიშვილის ლექცია

19 Oct 2018

19 ოქტომბერს ევროპულ სკოლას პერსპექტიული ახალგაზრდა მკვლევარი, გიორგი კახიშვილი ესტუმრა ვეფხისტყაოსანზე სასაუბროდ და მოსწავლეებს გააცნო მისი ორიგინალური მიგნებები, რომლებიც უკვე აღიარებულია წამყვანი მეცნიერების მიერ. შეხვედრის მონაწილეებისათვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა გიორგის მიერ წარმოდგენილი არაორდინალური ხედვა ვეფხისტყოსანში მითოსურ სამყაროსთან არსებულ კავშირებსა და ალეგორიებზე. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა თავადაც გამოთქვეს მოსაზრებები ამ თემაზე და სტუმართან ერთად გაავლეს პარალელები ვეფხისტყაოსანსა და მსოფლიო ლიტერატურის სხვა შედევრებს შორის.

მსოფლიო ჩემპიონი და ევროპული სკოლის მოსწავლეები - ბულინგის წინააღმდეგ

18 Oct 2018

17 ოქტომბერს ჩვენს სკოლას პროექტ "სპორტი ბულინგის წინააღმდეგ" ფარგლებში სტუმრობდნენ მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში გურამ თუშიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე და ცნობილი ფოტოგრაფი და მოგზაური გოგა ჩანადირი. სტუმრებმა მოსწავლეებს გაუზიარეს მათი დამოკიდებულება ბულინგისადმი და ისაუბრეს სპორტზე, როგორც ძალადობისა და ბულინგის წინააღმდეგ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტზე.

ექსკურსია ტაო-კლარჯეთში - უძველესი ქართული ძეგლების კვალდაკვალ

18 Oct 2018

11-14 ოქტომბერს ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები ტაო-კლარჯეთში გაემგზავრნენ ექსკურსიაზე. მათ მოინახულეს შავშეთის, კლარჯეთისა და ტაოს კულტურული ძეგლები. მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, საკუთარი თვალით ენახათ ის მნიშვნელოვანი ადგილები, რომელთა შესახებაც საქართველოს ისტორიისა და ქართული ჰაგიოგრაფიის კურსის შესწავლისას იღებენ ინფორმაციას. ოთხდღიანი ტურის განმავლობაში მათ მრავალი ისტორიულ-კულტურული ძეგლი მოინახულეს, მათ შორის: მერეს ციხე, ქაჯეთის ციხე, არტაანი, შავშეთი, სათლეს ციხე, ტბეთი, დოლისყანა, ართვინი, არტანუჯი, ჯოჯოხეთის კანიონი, ახიზას ციხე, იუსუფელი, ოთხთა ეკლესია, კავკასიძეების ციხე, ვეჟანგეთის ციხე, იშხანი, ოშკი, ხახული, თორთუმის ჩანჩქერი, თორუმის ციხე და ბანის ტაძარი.

მე-2 კლასელები სტუმრად გარდენიაში

18 Oct 2018

17 ოქტომბერს, ევროპული სკოლის ქართული სექტორის მე-2 ბ კლასელები “გარდენიას“ ესტუმრნენ. მასპინძლებმა პატარებს დაათვალიერებინეს გარემო და მცენარეებზე უამრავი საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს. სახალისო მწვანე გაკვეთილზე მოსწავლეებმა თიხის ქოთნები ბუნებრივი საღებავით შეღებეს, მოხატეს და ბოლოს, უფროსების დახმარებით ყვავილებიც ჩარგეს. ექსკურსიით ნასიამოვნები მეორეკლასელები სკოლაში დაბრუნების შემდეგ კიდევ დიდხანს უზიარებდნენ ერთმანეთს “გარდენიაში“ მიღებულ შთაბეჭდილებებს.

ხელების დაბანის საერთაშორისო დღე - ვსწავლობთ სუფთა ხელების მნიშვნელობას

16 Oct 2018

15 ოქტომბერს, ევროპული ბაღი შეუერთდა ხელების დაბანის საერთაშორისო დღეს. ჩვენმა ბავშვებმა კიდევ ერთხელ მიიღეს ინფორმაცია ხელების დაბანის მნიშვნელობაზე და ამ თემაზე შექმნილი საინტერესო ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს. ბაღს სტუმრად ეწვია თოჯინა"წყლის წვეთი", რომელმაც კიდევ უფრო გაახალისა ეს დღე. ბოლოს, პატარები ერთმანეთს შეეჯიბრნენ ხელების სწრაფად დაბანაში და გამარჯვებული ჯგუფიც გამოვავლინეთ.

გასვლითი გაკვეთილი მთაწმინდაზე

16 Oct 2018

ამერიკული სექტორის მე-11 კლასის მოსწავლეებს ქართული ენის გასვლითი გაკვეთილი მთაწმინდაზე, მამა დავითზე ჩაუტარდათ. მოსწავლეებმა ლიტერატურის მასწავლებელ თეკლა ბერაძესთან და კლასის დამრიგებელ ანა ხუციძესთან ერთად დაათვალიერეს ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი. ისინი ეწვივნენ ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავს, სადაც წაიკითხეს და განიხილეს ლექსი ”შემოღამება მთაწმინდაზე“.

გასვლითი გაკვეთილი დმანისში

16 Oct 2018

ამერიკული სექტორის მე-8 კლასის მოსწავლეებს გასვლითი გაკვეთილი დმანისში ჩაუტარდათ. მათ იხილეს ადგილები სადაც არქოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. მოწვეული სტუმარი იყო არქეოლოგი სოფიო ფანჩულიძე, რომელიც 25 წლის განმავლობაში დმანისის არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობდა, მან ისაუბრა დმანისის ჰომინინების, ჰომო გეორგიკუსების ცხოვრების შესახებ, ასევე უამბო მოსწავლეებს იმ პერიოდში არსებულ მცენარეებსა და ცხოველებზე. მოსწავლეებმა ნახეს ფილმი არქოლოგიური გათხრებისა და 1937 წლიდან დღემდე დმანისის აღმოჩენების შესახებ. მათ ასევე დმანისის შუა საუკუნეების ნაქალაქარი დაათვალიერეს.

ევროპული სკოლის მოსწავლე საფრანგეთის ელჩმა დააჯილდოვა

14 Oct 2018

ჩვენი მოსწავლეების კიდევ ერთი წარმატება - საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, ბატონმა პასკალ მენიემ, ევროპული სკოლის მე-10 კლასელი სალომე ზედგენიძე დააჯილდოვა. სალომე ფრანგულენოვანი ესსების კონკურსში, "ადამიანი და კანონი", ერთ-ერთი საუკეთესო ნაშრომის ავტორად დასახელდა და როგორც კონკურსის გამარჯვებული მონაწილე, მისი ფრანგული ენის მასწავლებელ თინათინ მაჭარაშვილთან ერთად გაემგზავრება ყვარელში, იუსტიციის სახლში კიბერ უსაფრთხოების ვორქშოფზე.