ახალი ამბები

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები სტუმრად ქიმიისა და ბიოლოგიის კაბინეტში

25 Apr 2018

24 აპრილს ქართული პროგრამის 1-ელი და მე-3 კლასის მოსწავლეები “ევროპული სკოლის“ ბიოლოგიისა და ქიმიის კაბინეტს ესტუმრნენ. პატარები გაეცნენ მეორადი ქაღალდის გადამუშავების ტექნოლოგიას და მონაწილეობაც მიიღეს გადამუშავების პროცესში. ბიოლოგიის პედაგოგმა, მანანა ჟამურაშვილმა, ბავშვებს აუხსნა, რომ მავნე ბაქტერიების გარდა, არსებობენ ე.წ. “კეთილი“ ბაქტერიები, რომელთა მიღებაც ბუნებრივადაა შესაძლებელი ისეთი საკვებიდან, როგორიცაა მაწონი ან იოგურტი. ბავშვებმა “კეთილი ბაქტერიების“ შესახებ უყურეს ანიმაციურ ფილმს და შემდეგ ბაქტერიებს მიკროსკოპითაც დააკვირდნენ.

უცხოური ენების დღე “ევროპულ სკოლაში“

24 Apr 2018

2018 წლის 24 აპრილს, საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, “ევროპულ სკოლაში“ უცხოური ენების დღე ჩატარდა. დილა ხალისიანად და არატრადიციულად დაიწყო: მოსწავლეები პედაგოგებსა და მშობლებს ტკბილეულით უმასპინძლდებოდნენ, რამაც ყველას პოზიტიური და მხიარული განწყობა შეუქმნა. დღე გახსნეს ქართული პროგრამის მე-9-10 კლასის მოსწავლეებმა; მათ წარმოადგინეს ერთობლივი გაკვეთილი, სადაც გერმანული, ფრანგული და რუსული ენები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.

ICT დღე "ევროპულ სკოლაში"

23 Apr 2018

2018 წლის 23 აპრილს, საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, “ევროპულ სკოლაში“ ტექნოლოგიების დღე ჩატარდა. ღონისძიებები დაყოფილი იყო თემატურსექციებად: “რიცხვების შეკრება-გამოკლება 20-ის ფარგლებში,” “ქაღალდის რაკეტების შოუ,“ “ორგანზომილებიანი მასივები ყოფაცხოვრებაში,“ “მოციმციმე შუქდიოდის აგება არდუინოს გამოყენებით,” “როგორი უნდა იყოს ეფექტური პუბლიკაციები“ და ა.შ.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე “ევროპულ სკოლაში”

23 Apr 2018

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100 ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. მნიშვნელოვანია ასევე ღონისძიების მასშტაბურობა – ლოკალური დარეგიონული მასშტაბით წიგნის ავტორების, უნივერსიტეტების, სკოლების, წიგნის მაღაზიებისა და კულტურის ცენტრების ჩართულობა, რათა ხელი შეეწყოს საქართველოში წიგნის პოპულარიზაციას. წიგნის საჯაროდკითხვის მსოფლიო დღეს “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის ბავშვებიც შეუერთდნენ: მე-11 კლასის მოსწავლეები პატარებს ესტუმრნენ და წაუკითხეს ცნობილი ნაწარმოები, “ჰარი პოტერი.“

მოსწავლეთა კონფერენცია “ევროპულ სკოლაში“

23 Apr 2018

2018 წლის 21 აპრილს, საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, “ევროპულ სკოლაში“ მოსწავლეთა კონფერენცია ჩატარდა. კონფერენცია დაყოფილი იყო თემატურ სექციებად: უცხო ენები, მათემატიკა, ტექნოლოგიები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და საზოგადოებრივი მეცნიერებები. “ევროპული სკოლის“ სამივე პროგრამის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნაშრომები და კვლევები. კონფერენციას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები, რომლებმაც მოისმინეს და შეაფასეს ბავშვების ნაშრომები. კონფერენციის ბოლოს მონაწილეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დღე “ევროპულ სკოლაში”

23 Apr 2018

20 აპრილს, IB-ის 50 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, “ევროპულმა სკოლამ“ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დღეს უმასპინძლა. მეცნიერებათა დღე დილიდანვე აქტიურად და უჩვეულ გარემოში დაიწყო. ქიმიური ელემენტების ცნობილი სიმღერის ფონზე, მე-10 კლასის მოსწავლეები, დავით გრიგოლია, მიშა ფრუიძე, ანა ახალაია და ნინი დაგარგულია, ხელოვნური სისხლის ჭრილობის იმიტაციით ხვდებოდნენ მოსულ სტუმრებს, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ღია გაკვეთილები სხვადასხვა თემაზე: “დედამიწა და გარე სამყარო,“ “ნიოსი - მკვლელი ტბა,” “დნობა და დუღილი,“ “სამყაროს კლასიფიკაცია,“ “ქიმიური რეაქციის სიჩქარე,“ “აფრიკისა და ავსტრალიის ბინადრები” და ა.შ. გარდა ამისა, მოსწავლეებმა მოისმინეს ლექცია თემაზე: “ძილი და სიზმარი;“ ჩატარდა სადემონსტრაციო ცდები ფიზიკაში, რაც ემსახურებოდა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების დაინტერესებას საბუნებისმეტყველო საგნებით. სანახაობრივი იყო სკოლის შიდა ეზოც, სადაც მოეწყო ქიმიური შოუ; მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, მიერთვათ თხევად აზოტში გაყინული ბურბუშელები, დამწვრობის გარეშე ხელებზე ცეცხლი აეალებინათ, ენახათ სხვადასხვა ფერის გიგანტური ქაფების ამოფრქვევა და გამოეყენებინათ სხვადასხვა ფიზიკური ხელსაწყოები. დღე დაასრულა ქართული პროგრამის საბაზო და საშუალო საფეხურის ასამბლეამ. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტები, მუსიკალური ნომრები, სპექტაკლები.

“ევროპული ბაღი“ დედამიწის დღეს აღნიშნავს

20 Apr 2018

20 აპრილს, “ევროპულ ბაღში“ დედამიწის დღე აღინიშნა. ბავშვებმა იმუშავეს პროექტზე სახელწოდებით “დედამიწა.“ მათ ნარჩენებისა და მეორადი მასალისგან ხელნაკეთი ნამუშევრები მოამზადეს და შეეცადნენ, სუფთა და ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბებაში თავიანთი წვლილი შეეტანათ.

საერთაშორისო ბაკალავრიატის დაწყებითი პროგრამისა (IB PYP) და ქართული პროგრამის დაწყებითი საფეხურის დღე

19 Apr 2018

18 აპრილს საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, “ევროპული სკოლის“ IB PYP და ქართული პროგრამის დაწყებითი საფეხურიც შეუერთდნენ. პროგრამა შედგებოდა სხვადასხვა მრავალფეროვანი ღონისძიებისაგან: “ევროპული სკოლის“ სპორტულმა დარბაზმა მხიარულ სტარტებს უმასპინძლა: IB PYP-ის მეოთხე “ა,” “ბ “და “გ” კლასების გუნდები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში შეეჯიბრნენ. გარდა ამისა, ჩატარდა ღია გაკვეთილები და IB PYP-ის კონცერტი “ევროპული სკოლის“ ეზოში. ასამბლეაზე დაწყებითი კლასების მოსწავლეებმაც წარმოადგინეს ტრანსდისციპლინარული თემები სხვადასხვა ფორმით, რაზეც საგნობრივად მუშაობდნენ მთელი წლის განმავლობაში. ქართული პროგრამის I “ა“ კლასის მოსწავლეებმა ჩრდილების თეატრის სახით გადმოსცეს მოთხრობებში შესწავლილი ცხოველების ნირი. ქართული პროგრამის I “ბ“ კლასის მოსწავლეებმა ბაქტერიების გავრცელების პრობლემა განიხილეს. ქართული პროგრამის II კლასი მუშაობს თემაზე თუ რას ნიშნავს ნამდვილი მეგობრობა; მხოლოდ ადამიანს ახასიათებს ეს თვისება? შესაძლებელია თუ არა ადამიანებმა და ცხოველებმაც იმეგობრონ? მოსწავლეებმა მუსიკალური პერფომანსითა და პრეზენტაციით ძაღლების თავშესაფრის შესახებ ნაწილობრივ უპასუხეს დასმულ შეკითხვებს. ქართული პროგრამის III კლასის მოსწავლეებმა კომპოსტის დამზადებასა და მცენარეების ზრდა-განვითარებაში სასუქის დანიშნულების შესახებ წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია. ქართული პროგრამის IV კლასმა ისაუბრა თაობებს შორის ურთიერთობების საკითხებზე. ასამბლეა სხვადასხვა ნომინაციის დაჯილდოვებით დასრულდა.

“ევროპული სკოლა“ ბოტანიკურ ბაღს ესტუმრა

18 Apr 2018

18 აპრილს, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს “ევროპული სკოლის“ საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) მე-8 კლასის მოხალისე მოსწავლეები ესტუმრნენ. მოსწავლეებმა ზამბახების კოლექცია სარეველა ბალახებისგან გაათავისუფლეს და არბორეტუმის ტერიტორია დაასუფთავეს. დასუფთავების ეს აქცია მათ დედამიწის დღეს მიუძღვნეს, რომელსაც მსოფლიო ყოველწლიურად 22 აპრილს აღნიშნავს.