ახალი ამბები

პირველადი სამედიცინო დახმარება

13 Mar 2019

WeSkiGeorgia-მ არაფორმალური განათლების პროექტის ფარგლებში “ევროპული სკოლის“ სხვადასხვა კლასებში პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ ტრენინგები ჩაატარა. ტრენერის დახმარებით ბავშვებმა შეისწავლეს: ჭრილობის პირველადი დამუშავება, ხელოვნური სუნთქვის მართვა, შოკური მდგომარეობის დამახასიათებელი ნიშნები და სხვ. პროექტი მიზნად ისახავს მოზარდებმა შეიძინონ ის უნარ-ჩვევები, რომელიც დაეხმარებათ სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში.

დედის დღე

07 Mar 2019

გაზაფხულის მოსვლა და დედის დღე ერთად აღნიშნეს I-ბ კლასის მოსწავლეებმა. პატარებმა სიმღერით, ცეკვით, და დედისადმი მიძღვნილი ლამაზი ფრაზებით გაუთბეს გული დამსწრე საზოგადოებას.

ვიზიტი ოკუპაციის ხაზთან!

01 Mar 2019

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეები და “ეროვნული ბიბლიოთეკის“ დირექტორი გიორგი კეკელიძე ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლების: მერეთის და კოშკის მოსწავლეებს ესტუმრნენ და საჩუქრად კომპიუტერები და წიგნები გადასცეს. თანხის შესაგროვებლად მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნილი ნივთებისა და ტკბილეულის გამოფენა-გაყიდვა მოაწყეს და საზღვრისპირა მცხოვრები თანატოლები გაახარეს.

სალაშქრო ინვენტარის გამოყენება

20 Feb 2019

ორგანიზაცია ” WeSki Georgia”-ს წარმომადგენლებმა ”ევროპული სკოლის” მე-6 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით გასულ კვირას გამართეს გუნდური თამაშები და თამაშის მონაწილეებს გააცნეს სალაშქრო ინვენტარის გამოყენების წესები: კარვის გაშლა, საძილე ტომრის, ქვეშაგების /"პარალონის", კომპასის გამოყენება.

ქართული პროგრამის მოსწავლეთა პროექტების პრეზენტაცია

12 Feb 2019

“ევროპულ სკოლაში“ პედაგოგ მარინე მელიქიძის მოსწავლეთა პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. ქართული პროგრამის საბაზო საფეხურის მე-6 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგებს და მშობლებს წარუდგინეს ინდივიდუალური და ჯგუფური პროექტები, რომლებზეც 2 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. მოსწავლეებმა თემები თავისი ინტერესებიდან გამომდინარე აირჩიეს და მეტად მნიშვნელოვან საკითხებს შეეხნენ: “ჩემი კლასის კალენდარი", "კომპიუტერული თამაშები კარგია თუ ცუდი?", "ჩემი საგვარეულოს ისტორია", "წიგნები გუშინ, დღეს, ხვალ", "მე და ჩემი სახელი", "კორეული კულტურა", "ჯანსაღი ცხოვრების წესი", "არ დაანაგვიანო!", "დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამოსი", "ტური კახეთში", "ჩქიმ სამარგალო". პროექტების პრეზენტაცია გაიმართა ბიბლიოთეკაში და მას ესწრებოდნენ: საფეხურის კოორდინატორი ინგა თოლორაია, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრები: მაია მელიქიშვილი , მაია წენგუაშვილი და სხვ.

თემა ”ბაქტერიები”

09 Feb 2019

7 თებერვალს 3 ბ კლასის დამრიგებელმა მარიკა მჭედლიძემ, კლასის სადამრიგებლო საათზე, თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, ისაუბრა ბაქტერიების შესახებ, ამასთან, რუსულის გაკვეთილი განავრცო შესაბამისი თემატიკით. მოგვიანებით შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა ბიოლოგიის ლაბორატორიაში პედაგოგ მანანა ჟამურაშვილთან და ასმათ ახვლედიანთან ერთად. გაკვეთილზე პედაგოგებმა მოსწავლეებს აჩვენეს თემის შესაბამისი ვიდეო მასალა, ჩაატარეს პრაქტიკული სამუშაოები, კითხვა-პასუხის რეჟიმში ისაუბრეს სასარგებლო და არასასარგებლო ბაქტერიების მნიშვნელობაზე, იმსჯელეს, თუ რამდენად აუცილებელია ჰიგიენის ნორმების დაცვა და რა პრევენციულ ზომებს უნდა მიმართონ ადამიანებმა, რომ არ დაავადდნენ მავნე ბაქტერიებით. ბოლოს მოსწავლეებმა მიკროსკოპის საშუალებით საკუთარი თვალით ნახეს ბაქტერიები.

დებატები ჯორჯ ორუელის “ცხოველების ფერმისა“ და ტოტალიტარიზმის შესახებ

01 Feb 2019

ამა წლის 31 იანვარს “ევროპული სკოლის” სააქტო დარბაზში მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები შეიკრიბნენ. მათი დებატების თემა ჯორჯ ორუელის “ცხოველების ფერმა“ და ტოტალიტარიზმი გახლდათ. მოსწავლეებმა იმსჯელეს და იკამათეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: ტოტალიტარიზმი და ძალადობა, იდეოლოგია და რეპრესიები, ძალაუფლება და ბედნიერი ცხოვრების ილუზია. დებატებს უძღვებოდნენ მე-7 კლასის მოსწავლეები: ქეთო გოთოშია და თემო თვაური, ასევე, მე-8 კლასის მოსწავლეები: გიგი კაკალაშვილი და ტასო გობიანიძე. დებატების დასასრულს მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, ტრადიციად აქციონ მსგავსი შეხვედრები და უფრო ხშირად შეიკრიბონ სხვადასხვა თემაზე სამსჯელოდ.

გარემოს გამწვანება

29 Jan 2019

მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე, გლობალური მოქალაქეების აღზრდა ”ევროპული სკოლის” ერთ-ერთი მისიაა. ჩვენი მოსწავლეები ადრეული ასაკიდან ეცნობიან გლობალურ პრობლემებს. 23 იანვარს 1გ კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ გაკვეთილი ჰაერის დაბინძურების შესახებ. ისინი გაეცვნენ პრობლემას და მისი გადაჭრის გზებს, მიიღეს ინფორმაცია გარემოს გამწვანების დადებითი როლის შესახებ. გაკვეთილის შემდეგ პატარები ეწვივნენ სკოლის ორანჟერეას, დარგეს ყვავილები და ისწავლეს მათი მოვლა.

საახალწლო არტ ვორქშოპი

26 Dec 2018

ევროპული სკოლის ხელოვნების დეპარტამენტმა სკოლის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციისათვის ჩაატარა საახალწლო ვორქშოპი. საახალწლო თემატიკის ნამუშევრების შექმნის პროცესში მონაწილეებმა გამოავლინეს მათი კრეატიული უნარები და მხიარულად გაატარეს დრო. ვორქშოპის მონაწილეები თავადაც სასიამოვნოდ გაკვირვებულები დარჩენენ მათი შრომის საბოლოო შედეგით და დიდი სურვილი გამოთქვეს, უახლოეს მომავალში კვლავ დაიგეგმოს მსგავსი აქტივობები.