ახალი ამბები
ანტიბულინგი-კიბერუსაფრთხოება
16 Nov 2022ძალადობა, ბულინგი, კიბერბულინგი მოზარდებში ფართოდაა გავრცელებული. სკოლაში ძალადობისა და ბულინგის, მათ შორის კიბერბულინგის, წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს “ევროპულმა სკოლამ“ გამართა რამდენიმე ღონისძიება, რომელიც მოსწავლეთა კეთილდღეობის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. სკოლამ უმასპინძლა ორგანიზაცია CASE-ის დამუძნებელსა და დირექტორს, ლაშა პატარაიას. სტუმარი მოზარდებს ციფრულ სამყაროში უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ესაუბრა და მისცა საჭირო რჩევები, თუ როგორ ამოიცნონ ონლაინ სივრცეში პოტენციური საფრთხე, ბულინგის ნიშნები და იმოქმედონ მის წინააღმდეგ. მოსწავლეთა კეთილდღეობის სამსახურის ხელშეწყობით, ამ დღეს MYP პროგრამის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა კონფერენციაში Reach Out.
ეკორჩევების წიგნის პრეზენტაცია
16 Nov 2022ეკოცნობიერების ამაღლების მიზნით “ევროპულ სკოლაში“ ორგანიზაცია “მწვანე პოლუსის“ წარმომადგენლებმა მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებს ეკორჩევები გაუზიარეს. გამოცდილმა ეკოლოგებმა მოსწავლეებთან ერთად სპეციალური ხელსაწყოებით გაზომეს ჰაერის დაბინძურების ხარისხი და შეაფასეს აკუსტიკური ხმაურის დონე. მოზარდებმა მიიღეს მონაწილეობა შემეცნებით ვიქტორინაშიც, დასასრულს კი მოეწყო პრეზენტაცია ეკორჩევების წიგნისა, რომელიც “ევროპული სკოლის“ ბიბლიოთეკებსა და ვიქტორინის გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ საჩუქრად.
სამივე პროგრამაშია დასადები
12 Nov 2022“ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა პარლამენტის თავჯდომარის არჩევნები “ევროპული სკოლის“ ყველა მოსწავლე მოუთმენლად ელოდა მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნების დღის, 10 ნოემბრის, დადგომას. მთელი საარჩევნო კამპანია და არჩევნების პროცესი მათთვის დემოკრატიის ერთგვარი გაკვეთილი იყო. ხმის მიცემის პროცესს, საარჩევნო ყუთის გახსნას და ხმის დათვლის პროცედურას სრული შემადგენლობით ესწრებოდნენ თავმჯდომარეობის კანდიდატების მხარდამჭერი გუნდები. და აი, დადგა ამაღელვებელი მომენტი, გამარჯვებული გამოვლენილია! მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარე გახდა თემურ თვაური.
ტრენინგი ინგლისური ენის პედაგოგებისთვის
10 Nov 20223 ნოემბერს “ევროპულ სკოლაში“ National Geographic Learning-ის წარმომადგენლებმა: ალექს ვორენმა (ELT უფროსი აკადემიური კონსულტანტი), ბეატრიქს მელონერმა ( EdTech გამომცელობის გაყიდვების უფროსი) და ტიმ პირსმა (EdTech გამომცელობის გაყიდვების უფროსი მენეჯერი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში) ინგლისურის ენისა და ლიტერატურის პედაგოგებისთვის ტრენინგი ჩაატარეს. ტრენინგის მთავარი თემა იყო “ახალი სიტყვების სწავლება კონტექსტში“. პედაგოგები აქტიურად ჩაერთნენ ინტერაქტიულ ტრენინგში და ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიიღეს სწავლების თანამედროვე მეთოდების კუთხით.
პარტნიორობა Les Roshes უნივერსიტეტთან
07 Nov 2022Les Roshes უნივერსიტეტთან პარტნიორობა აფართოებს ჩვენი მოსწავლეების კარიერულ შესაძლებლობებს. Sommet Education ჯგუფი, რომელიც აერთიანებს Les Roshes და Glion უნივერსიტეტებს, “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს, რომლებიც უმაღლესი განათლების მიღებას სტუმარმასპინძლობის სფეროში აპირებენ, სთავაზობს უნიკალურ და ექსკლუზიურ შესაძლებლობას: გახდნენ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) Students’ League- ის წევრები და საქართველოს სახელით საერთაშორისო ინოვაციურ გამოფენებში მიიღონ მონაწილეობა და გაიარონ სტაჟირება InterContinental Group - ში.
საგანმანათლებლო თამაშის პრეზენტაცია
03 Nov 2022ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა, ამერიკის შეერთებული შტატებისა და შვედეთის საელჩოებთან თანამშრომლობით, 2 ნოემბერს “ევროპულ სკოლაში“ წარადგინა საგანმანათლებლო თამაში “არჩევნეთი“. თამაში ადგილობრივი თვითმართველობის, დემოკრატიისა და ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის თემებზე ახდენს ფოკუსირებას. პრეზენტაციას ესწრებოდნენ: შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი, საქართველოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე რაიან ჰარკერ ჰარისი და სხვა ოფიციალური სტუმრები. ღონისძიებაზე “ევროპული სკოლის“ მოსწავლეები, საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ერთად, რომლებმაც თამაშის ტესტირებაში მიიღეს მონაწილეობა წარსულში, დასაჩუქრდნენ “არჩევნეთით“.
მოსწავლეთა პარლამენტის თავჯდომარის კანდიდატის საარჩევნო დებატები
03 Nov 2022“ევროპულ სკოლაში“ ყოველწლიურად ტარდება წინასაარჩევნო დებატები მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის. დებატები 2022, რომელიც 1 ნოემბერს გაიმართა, იყო საუკეთესო შესაძლებლობა კანდიდატებისთვის, წარმოეჩინათ საკუთარი პიროვნება, საარჩევნო პროგრამა, დაესვათ შეკითხვები მოწინააღმდეგისთვის და გამოევლინათ ოპონენეტის გამოცდილება და კომპეტენციები. დებატებზე ამომრჩევლებმა თავმჯდომარეობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამების დეტალური ცოდნის დემონსტრირება მოახდინეს, რაც მათ დაეხმარება საარჩევნო ყუთთან გააზრებული გადაწყვეტილების მიღებაში, არჩეულ თავმჯდომარეს კი ანგარიშვალდებულებას გაუზრდის ამომრჩევლის წინაშე.
ჰელოუინი - 2022
31 Oct 202231 ოქტომბერს “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა ჰელოუინი განსაკუთრებული განწყობით აღნიშნეს: სკოლაში ნაირფეროვან კოსტიუმებში გამოწყობილები მოვიდნენ, მოხატეს გოგრები, სადღესასწაულოდ მორთეს დერეფნები და საკლასო ოთახები, ითამაშეს სახალისო თამაშები და ტრადიციისამებრ, ტკბილეული აჩუქეს ერთმანეთს. სკოლის ეზოში მოეწყო: თექის ნამუშევრების გამოფენა, ტკბილეულის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, სკოლის კაფეტერიის გუნდისა და მსოფლიო კულინარიის კლუბის მიერ მომზადებული ჰელოუინის თემატური ტკბილეულის დეგუსტაცია. წვეულება სადღესასწაულო კოსტიუმების ჩვენებით დასრულდა. ხალისიანმა განწყობამ სრულად მოიცვა სკოლის შენობა, დიდი თუ პატარა.
“ART ფესტივალის“ გამარჯვებულები
29 Oct 2022“ევროპული სკოლის“ ჰიპ-ჰოპის კლუბის მოცეკვავეებმა “ახალგაზრდა შემოქმედთა ფედერაციის“ ორგანიზებით გამართულ “ART ფესტივალზე" წლის საუკეთესო მოცეკვავეებისა და ლაურეატის წოდება მოიპოვეს. კონცერტი 23 ოქტომბერს “პროფკავშირების კულტურის ცენტრში“ გაიმართა და ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ორი საცეკვაო ნომერი განსაკუთრებული ოსტატობით წარმოადგინა. თანამედროვე ცეკვის სტუდიას კ. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი და დამდგმელი ქორეოგრაფი თემურ ქამხაძე ხელმძღვანელობდა.