ახალი ამბები
“ევროპული სკოლის“ მოსწავლეები გაეროს მოდელირების კონფერენციებზე
22 Mar 2018“ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა ჯგუფი უახლოეს წარსულში ორჯერ გაემგზავრა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაეროს მოდელირების კონფერენციებზე დასასწრებად. ჩვენი დელეგატები სულ ახლახან დაბრუნდნენ ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გამართული კონფერენციიდან. ეს გამოცდილება უსათუოდ დაეხმარება მათ, ჩამოყალიბდნენ თავდაჯერებულ, პასუხისმგებლიან მოქალაქეებად, მომავლის ლიდერებად.
"ევროპული ბაღი" დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
22 Mar 201821 მარტს “ევროპულმა ბაღმა“ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნა. ბავშვებმა განიხილეს წინდების სიმბოლურობა, შემდეგ კი საკუთარი ხელით დაამზადეს ფერადი წინდები და მოაწყვეს გამოფენა.
ტყის საერთაშორისო დღე
22 Mar 201821 მარტს “ევროპულმა ბაღმა“ ტყის საერთაშორისო დღე აღნიშნა. პატარები გაეცნენ ტყეების და მწვანე საფარის მნიშვნელობას, დამცველობით როლს. სხვადასხვა ჯგუფის აღსაზრდელებმა შექმნეს ნამუშევრები ტყის თემაზე და ბოლოს გამოფენაც მოაწყვეს.
ველოსიპედით მოგზაური სტუმრად “ევროპულ ბაღში“
21 Mar 201820 მარტს “ევროპულ ბაღს“ ესტუმრა ველოსიპედით მოგზაური, რომელმაც მოგზაურობა შვეიცარიიდან დაიწყო და გეზი დუბაისკენ უჭირავს. სტუმარმა პატარებს თავისი მოგზაურობის საინტერესო მომენტების, თავგადასავლების შესახებ მოუთხრო, აჩვენა სხვადასხვა ქვეყნის ლამაზი ხედები, უცნაური ცხოველებისა და მწერების ფოტოები. ბაღის აღსაზრდელებმა უამრავი შეკითხვა დაუსვეს მოგზაურს. პრეზენტაციით მიღებული შთაბეჭდილებები იმდენად დიდი იყო, რომ შთაგონებით აღსავსე პატარებმა გადაწყვიტეს, საკუთარი პატარა ველოსიპედებით დაძრულიყვნენ მსოფლიოს ირგვლივ სამოგზაუროდ.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე
21 Mar 201821 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში მთელი “ევროპული სკოლა“ ჩაერთო. ცნობიერების ამაღლება დაუნის სინდრომის შესახებ და ამ დაავადების მქონე პირთა ინტეგრაცია საზოგადოებაში - ეს ის ორი უმთავრესი მიზანია, რომელსაც სკოლაში ჩატარებული ღონისძიებები ემსახურებოდა. მოსწავლეები შეუერთდნენ “ფერადი წინდების“ აქციას; მოაწყვეს პრეზენტაციები და საინფორმაციო შეხვედრები ქართულ და საერთაშორისო პროგრამებში; უმასპინძლეს დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებს, მათთან ერთად დაესწრნენ “თითების თეატრის“ სპექტაკლს და მსახიობების მიერ შემოთავაზებულ მასტერკლაშიც მიიღეს მონაწილეობა; ერთობლივად შექმნეს ნახატები. ბოლოს კი “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა სამახსოვრო სუვენირებითა და ტკბილეულით დაასაჩუქრეს სტუმრები.
ბუნების გაკვეთილი თბილისის ზოოპარკში
20 Mar 2018ცხოველები, ბუნება, ეკოლოგია, ადაპტაციები- ეს ის საკითხებია, რომლებიც Vა კლასის მოსწავლეებმა, ბუნების მასწავლებელ მანანა ჟამურაშვილთან ერთად, განიხილეს თბილისის ზოოპარკში სტუმრობისას. მოზარდებმა დაკვირვებები აწარმოეს რამდენიმე მიმართულებით: შეისწავლეს ცხოველები სხვადასხვა გეოგრაფიული არეალიდან და გაეცნენ მათ ადგილსამყოფელს; დაინტერესდნენ ცხოველთა ქცევით; იმსჯელეს სახეობების განსხვავებაზე ძუძუმწოვრებში, თევზებსა და რეპტილიებში; დასვეს უამრავი შეკითხვა. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა ზოოპარკში ჩატარებული გაკვეთილის ფარგლებში.
ვიკი-კემპი “ევროპულ სკოლაში“
20 Mar 20182018 წლის 17 მარტს “ევროპულმა სკოლამ” “ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის“ ერთდღიან ვიკი-ბანაკს უმასპინძლა. რესპუბლიკის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან ერთად ბანაკის მუშაობაში ჩვენი სკოლის ოთხი მოსწავლეც მონაწილეობდა: თორნიკე ყუბანეიშვილი, ელენე ფანჯაკიძე, ელენე ჯოხაძე და ზაალ ჭუმბურიძე. ვიკი-ბანაკი ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის და მისი პრეზიდენტის, ევროპული სკოლის ისტორიის მასწავლებლის, მანანა შეყილაძის ორგანიზებით ჩატარდა. ერთ დღეში ჩვიდმეტმა მოსწავლემ ქართულ ვიკიპედიაში 334 სტატია ატვირთა ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ. ვიკი-ბანაკის მონაწილეებს სკოლის პედაგოგმა დავით ნოზაძემ ჩაუტარა ტრენინგი თემაზე, ,როგორ დავიტანოთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები “Google map“-ზე.
გიორგი დარჩიძის პერსონალური პროექტი “მდგრადი სკოლის მაკეტი“
20 Mar 2018“ევროპული სკოლის“ საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამის MYP 10 კლასის მოსწავლემ, გიორგი დარჩიძემ, პერსონალური პროექტის ფარგლებში შექმნა “მდგრადი სკოლის სადემონსტრაციო მაკეტი“. გიორგი აჭარიდანაა და პროექტის მიზნის შერჩევისა და თემის საჭიროების შესწავლისას გაითვალისწინა ორი ფაქტორი: არაჩვეულებრივი ლანდშაფტი არ უნდა მახინჯდებოდეს და ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილი ადგილობრივებისთვისაც სამაგალითო უნდა იყოს.
კინოფესტივალი “ოქროს პეპელა“
20 Mar 201815 მარტს, ESTV-ის ხელმძღვანელმა ირაკლი ჯაოშვილმა ჩაატარა პრეზენტაცია საბავშვო ფილმების მე-8 საერთაშორისო ფესტივალის “ოქროს პეპელა 2018“ შესახებ. მან კინოხელოვნებით დაინტერესებულ მოსწავლეებს გააცნო პროექტის მიზანი და არსი, აგრეთვე ფესტივალში მონაწილეობისათვის აუცილებელი პირობები და პროგრამა. პრეზენტაციის დასასრულს მოზარდებმა იხილეს ფესტივალის წინა წლებში გამარჯვებული ფილმები. ფესტივალი გაიმართება 29, 30, 31 მაისს და 1 ივნისს “ევროპულ სკოლასა“ და თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში.