100 გოგონა 4 ქვეყნიდან - ევროპულ სკოლაში სამეცნიერო STEAM ბანაკი ტარდება

12-დან 25 აგვისტოს ჩათვლით ევროპული სკოლა მასპინძლობს გოგონების საერთაშორისო STEAM ბანაკს WiSci(Women in Science), რომლის ფარგლებშიც 100 უფროსკლასელ გოგონას საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და აშშ-დან საშუალება მიეცემა გაიღრმავოს ცოდნა და უნარები მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიის, ხელოვნებისა და მათემატიკის (STEAM) კუთხით.

გუგლის, ინტელისა და მაიკროსოფტის წამყვანი ინჟინერები და მეცნიერები ბანაკის მონაწილეებს შეასწავლიან მობილური აპლიკაციების შექმნას, პროგრამული კოდის წერასა და რობოტიკას. ამასთანავე, გამოცდილი მენტორები დაეხმარებიან გოგონებს ლიდერული თვისებების შეძენასა და განვითარებაში.

2-კვირიანი WiSci(Women in Science) ბანაკი ტარდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, გუგლის, ინტელისა და Girl Up-ის ერთობლივი ძალისხმევით და მიზნად ისახავს ქალი ლიდერების მომავალი თაობის ჩამოყალიბებასა და ხელშეწყობას STEAM მიმართულებით.

ევროპული სკოლა აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდა თაობის მიერ უახლესი ტექნოლოგიების ათვისებას და მუდმივ მზადყოფნაშია მსგავს ინიციატივებში ჩართულობისათვის.

WiSci გოგონების STEAM ბანაკის შესახებ მეტი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ  girlup.org/wisci, მიყევით ჰეშთეგებს #WiSci2018 და #WiSciGeorgia სოციალურ მედიაში, ან დაეკონტაქტეთ ანიტა ოსტროვსკიას მისამართზე Ostrovskya@state.gov.

Share on: