სკოლის შინაგანაწესი

დამტკიცებულია შპს “ევროპული სკოლის“

დირექტორის 2017 წლის  6 აპრილის N40 ბრძანებით

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების

 “ევროპული სკოლა”

შინაგანაწესი

2017 წელი

თბილისი

 

თავი I. ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. შინაგანაწესის რეგულირების სფერო

  1. წინამდებარე შინაგანაწესი შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, “ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 ოქტომბრის #84 დადგენილებისა და შპს “ევროპული სკოლის” (შემდგომში “სკოლა”) წესდების შესაბამისად.
  2. შინაგანაწესი ადგენს სკოლაში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ორგანიზაციას, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრავს ამ პროცესის მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს, ასევე სკოლასა და მოსწავლეთა მშობლებს (კანონიერ წარმომადგენლებს) შორის ურთიერთობათა პირობებს.
  3. წინამდებარე შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა სკოლის ყველა თანამშრომლის, მოსწავლისა და მშობლის (კანონიერ წარმომადგენლის) მიერ.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ა) სკოლა – შპს “ევროპული სკოლა”.

ბ) სკოლის ადმინისტრაცია – სკოლის დირექტორი, სკოლაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე დასაქმებული პირები.

გ) სკოლის დირექტორი – შპს “ევროპული სკოლის” დირექტორი.

დ) სკოლის თანამშრომელი – სკოლის მასწავლებელი, სკოლის ადმინისტრაციის შემადგენლობა, გარდა სკოლის დირექტორისა, ასევე სკოლაში დასაქმებული ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც სკოლასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებს გარკვეულ სამუშაოს.

ე) მასწავლებელი – პირი, რომელიც სერტიფიცირებულია საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

ვ) მოსწავლე – პირი, რომელიც სწავლობს სკოლაში და რომლის მიზანია ზოგადი განათლების მიღება.

ზ) მშობელი – მოსწავლის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი.

თ) სასწავლო პროცესი – სასწავლო წლის განმავლობაში სკოლის ადმინისტრაციის, სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების საქმიანობის ერთობლიობა.

ი) შიდა აქტები – სკოლის დირექტორის ბრძანებები, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად სკოლის ადმინისტრაციის, სკოლაში დასაქმებული პირების, ასევე მოსწავლეების/მშობლების (კანონიერი წარმომადგენლების) მიერ და როგორც წესი ატარებს არაერთჯერად ხასიათს.

კ) სამუშაო აღწერილობა – სკოლის დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმა, დადგენილი სკოლაში დასაქმებული ნებისმიერი პირისათვის, რომელიც თან ერთვის დასაქმებულთან გაფორმებულ შრომის ხელშეკრულებას.

 

მუხლი 3. სკოლის მისია და საქმიანობა

  1. სკოლის მისიას წარმოადგენს განავითაროს მოსწავლეების გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები, მისცეს მოსწავლეებს ცოდნა, ასწავლოს მათ ჯანსაღი ცხოვრების წესი და ჩამოუყალიბოს ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება, ასევე დაეხმაროს მოსწავლეებს საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.
  2. ზემოთხსენებული მისიის განორციელების მიზნით, სკოლის საქმიანობას წარმოადგენს “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება.

 

მუხლი 4. დისკრიმინაციის აკრძალვა

  1. სკოლაში იკრძალება ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო;
  2. დისკრიმინაციად ჩაითვლება მოსწავლის/თანამშრომლის პირდაპირი ან არაპირდაპირი შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახავი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ან/და მოსწავლის/თანამშრომლისათვის ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან/პირებთან შედარებით.
  3. დისკრიმინაციად არ ჩაითვლება პირთა განსხვავების აუცილებლობა, რომელიც გამომდინარეობს სკოლის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის არსიდან, სპეციფიკიდან ან მისი შესრულების პირობებიდან.

 

მუხლი 5. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

  1. მოსწავლის/მშობლის და მასწავლებლის/თანამშრომლის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია. მათ არ შეიძლება მოეთხოვოთ გაამჟღავნონ ინფორმაცია თავიანთ პირად ცხოვრებაზე.
  2. მოსწავლის/მშობლის და მასწავლებლის/თანამშრომლის პერსონალური მონაცემების შეგროვებისას და შენახვისას სკოლა ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით.
  3. სკოლას უფლება აქვს მოსთხოვოს მოსწავლესა და მასწავლებელს/თანამშრომელს, გაიარონ სამედიცინო შემოწმება დაავადებებზე, ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე.
  4. დაუშვებელია მოსწავლისა და მასწავლებლის/თანამშრომლის პირადი ცხოვრების, კერძო კომუნიკაციის, აგრეთვე მოსწავლისა და მასწავლებლის/დასაქმებულის პირად სარგებლობაში გადაცემული, სკოლის საკუთრებაში არსებული ქონების ხელშეუხებლობის უფლების თვითნებური შეზღუდვა.
  5. დაუშვებელია მოსწავლის პირადი გასინჯვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულებები მიუთითებს კონკრეტულ პირზე და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირადი გასინჯვის შედეგად გამოვლინდება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული გადაცდომა. მოსწავლის პირადი გასინჯვა შეუძლია მხოლოდ სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრულ საამისოდ უფლებამოსილ პირს ან მანდატურს სკოლის დირექტორის ან სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ნებართვით ან ზედამხედველობით. დაუშვებელია მოსწავლეთა კოლექტიური პირადი გასინჯვა. პირად გასინჯვას წინ უნდა უსწრებდეს სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის ან მანდატურის მიერ მოსწავლის გაფრთხილება პირადი გასინჯვის შესახებ.

 

  1. კონფიდენციალურობის დაცვა
  2. სკოლის თანამშრომელი ვალდებულია არ გაახმაუროს სამუშაოსთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი კონფიდენციალური ინფორმაცია, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს სკოლას ან/და მის კონტრაჰენტებს (იმ შემთხვევაში, თუ ხელი მიუწვდება, ან მისთვის ცნობილი გახდა ამგვარი ინფორმაცია), მასწავლებელს/თანამშრომელს და მოსწავლეს, გარდა კანონით პირდაპირ მითითებული შემთხვევებისა. ეს ვალდებულება ძალაში რჩება თანამშრომლის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგაც. კონფიდენციალური ინფორმაცია ისეთი სახის ინფორმაციაა, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, ეკონომიკურ, კომერციულ, ფინანსურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, ტექნოლოგიურ და სხვა სახის ინფორმაციას, რომელიც თანამშრომლისათვის ცნობილი გახდა მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და რომლის გამჟღავნებაც ზიანის მომტანი იქნება სკოლის თანამშრომლებისა და მოსწავლეებისათვის.
  3. კონფიდენციალურობის დარღვევად ითვლება კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა, როგორც დოკუმენტალურად (ნაბეჭდი და ელექტრონული), ასევე ზეპირი ფორმით, როგორც განზრახ, ასევე გაუფრთხილებლობით.
  4. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ან მისი ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში თანამშრომელი ვალდებულია გადასცეს მის უშუალო ხელმძღვანელს ყველა ის მასალა (დოკუმენტები, ხელნაწერები, კომპიუტერული ფაილები ან დისკები და სხვ.), რომელიც შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში თანამშრომლის განკარგულებაში იმყოფებოდა, ასევე სკოლისთვის შექმნილი ნებისმიერი ინფორმაცია ან მასალა (ნაბეჭდი და ელექტრონული სახით) დარჩება სკოლის ექსკლუზიურ საკუთრებაში;

 

თავი II. სკოლის ადმინისტრაცია; მასწავლებლები

 

მუხლი 7. ადმინისტრაციის უფლებამოსილებები

  1. სკოლის დირექტორი მართავს სკოლის საქმიანობას ადმინისტრაციასთან ერთად და დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში.
  2. სკოლის ადმინისტრაციის წევრების ფუნქციები განისაზღვრება სკოლის დირექტორის ბრძანებით.
  3. სკოლის დირექტორი უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს თანამშრომლისგან შრომითი ხელშეკრულებითა და სამუშო აღწერილობით გათვალისწინებული სამუშაო ვალდებულებების შესრულება;

ბ) დანერგოს მოტივაციის სისტემა წარმატებული სასწავლო პროცესისათვის, მიმართოს დისციპლინარულ პასუხისმგებლობის ღონისძიებებს მოსწავლეთა/თანამშრომელთა მიერ შრომითი დისციპლინის/სასწავლო პროცესისა და შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში;

გ) მოითხოვოს თანამშრომლების/მოსწავლეებისაგან სკოლის მიერ დადგენილი წესების, ბრძანებებისა და მოთხოვნების შესრულება.

  1. სკოლის დირექტორი ვალდებულია:

ა) იმოქმედოს წინამდებარე შინაგანაწესისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;

ბ) მიიღოს სათანადო ზომები, რათა სკოლის ყველა თანამშრომელმა, ასევე სკოლის ყველა მოსწავლემ მიიღოს მონაწილეობა სკოლის წინსვლასა და განვითარებაში;

გ) ხელშეკრულების გაფორმებამდე მოსწავლეს/მშობელს/მეურვეს და ახალ თანამშრომელს გააცნოს სკოლის შინაგანაწესი და სკოლაში მოქმედი წესები;

დ) უზრუნველყოს თანამშრომელთათვის შრომის ანაზღაურების  დროულად გადახდა;

ე) უზრუნველყოს შრომითი და სასწავლო პროცესის დისციპლინის განუხრელი დაცვა;

ვ) დისციპლინის დამრღვევთათვის უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებებისა და ზომების გატარება.

 

მუხლი 8. მასწავლებლები

  1. სკოლის მასწავლებელი უფლებამოსილია:

ა) თავისი საქმიანობის წარმატებულად წარმართვისათვის მოითხოვოს ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და შრომის უსაფრთხო პირობების შექმნა;

ბ) მოითხოვოს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება;

გ) დაკისრებული ვალდებულებების განხორციელების პროცესში მიმართოს მოსწავლეთა წახალისების ღონისძიებებს, მოსწავლეთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გატარების ზომებს;

  1. სკოლის მასწავლებელი ვალდებულია:

ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს შრომითი ვალდებულებები სამუშაო აღწერილობის, სპეციალობის, კვალიფიკაციის შესაბამისად; დაიცვას შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები; დაემორჩილოს სკოლაში მოქმედ ბრძანებებს, შეასრულოს დირექტორისა და უშუალო ხელმძღვანელის მითითებები. სამუშაო დრო გამოიყენოს სასწავლო პროცესისათვის, თავი შეიკავოს იმ საქმიანობისაგან, რომელიც ხელს შეუშლის სხვა თანამშრომლებს შეასრულონ თავიანთი შრომითი ვალდებულებები;

ბ) დროულად შეატყობინოს უშუალო ხელმძღვანელს თავისი სამუშაოს შესაძლო შეუსრულებლობის შესახებ;

გ) დაიცვას სკოლის შინაგანაწესი, დირექტორის შიდა სამართლებრივი ბრძანებები;

დ) გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას, მიიღოს ზომები არასაწარმოო ხარჯების შესამცირებლად;

ე) მართებულად და მკაცრად დაიცვას სკოლაში მოქმედი მოსწავლეთა წახალისებისა და მოსწავლეთა მიმართ დისციპლინური სასჯელის გამოყენების ღონისძიებები;

ვ) მოსთხოვოს მოსწავლეებს სკოლაში მოქმედი დისციპლინის დაცვა, ასევე სასკოლო ინვენტარის, სკოლის ქონების, სკოლაში არსებული ტექნიკური მოწყობილობების დაცვა, პასუხი აგოს გაკვეთილის მიმდინარეობის პროცესში მოსწავლეთა მიერ სკოლის ქონების დაზიანების გამო. თავად დაიცვან სკოლის მატერიალური ფასეულობები და დოკუმენტაციის შენახვისათვის დადგენილი წესები;

ზ) მუდამ იზრუნოს სკოლის საქმიანი რეპუტაციის ამაღლებაზე, ღირსებასა და პრესტიჟზე;

თ) დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოს მშობლის ინფორმირება ელექტრონული დღიურის საშუალებით;

ი) მუდმივად იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე და კვალიფიკაცის ამაღლებაზე; სრულად გამოიყენოს ყველა ის რესურსი და საშუალება, რასაც სკოლა სთავაზობს მასწავლებელს მისი პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის;

კ) თითოეულ მოსწავლეს მისცეს თანაბარი შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში ჩართულობისათვის;

ლ) თითოეულ მოსწავლეს მისცეს თანაბარი შესაძლებლობა გამოთქვას გაკვეთილზე საკუთარი აზრი გაკვეთილის თემასთან დაკავშირებით, რათა მოსწავლეებმა სრულად მოახდინონ თვითრეალიზაცია;

მ) თვალყური ადევნოს მოსწავლეთა დისციპლინას გაკვეთილებს შორის პერიოდში;

ნ) მოსწავლეთა დახმარებით წესრიგში იქონიოს საკლასო ოთახი;

ო) აანაზღაურონ ზიანი, რომელიც მისი ბრალით (ან მიზეზით) მიადგა სკოლას;

პ) განახორციელოს ვალდებულებები, რომელიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობითა და ამ შინაგანაწესის სხვა პუნქტებით;

  1. მასწავლებელს ეკრძალება ჯინსებში ან სპორტულ ტანსაცმელში სკოლაში გამოცხადება.

 

 

 

 

 

 

თავი III. მოსწავლის/მშობლის ვალდებულებები

სკოლაში ქცევის სტანდარტები

 

 

მუხლი 9.  მოსწავლეთა/მშობელთა უფლებამოვალეობები

  1. მოსწავლეს უფლება აქვს:

ა)  მიიღოს სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისი ზოგადი განათლება;

ბ) ტესტირების დამაკმაყოფილებლად გავლის შემთხვევაში ჩარიცხული იქნას შესაბამის კლასში;

გ) იცნობდეს სკოლის ადმინისტრაციის მიერ დადგენილ ნუსხას მოსწავლის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ;

დ)  სრულად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში და ხელმისაწვდომი იყოს მისთვის სკოლაში არსებული ყველა სახის ღონისძიება;

ე) ისარგებლოს სკოლის კაბინეტ-ლაბორატორიებით, საკლასო ოთახებით, ბიბლიოთეკით, სპორტული დარბაზითა და მოედნებით;

ვ) ისარგებლოს სკოლის სამედიცინო, ფსიქოლოგიური, ლოგოპედიური და სასადილოს მომსახურებით;

ზ) მოითხოვოს სწავლების მაღალი დონე და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება;

თ) უფასოდ ისარგებლოს სკოლის ბიბლიოთეკაში დაცული წიგნის ფონდით;

ი) გამოთქვას საკუთარი აზრები და შეხედულებები, დაიცვას პიროვნული ღირსება, სინდისისა და ინფორმაციის თავისუფლება;

კ) სკოლაში მოსვლა-წასვლისას ისარგებლოს სკოლის სატრანსპორტო მომსახურებით სკოლის ადმინისტრაციასთან წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად;

  1. მოსწავლე ვალდებულია:

ა) სასკოლო ფორმით და სასკოლო ნივთებით დროულად გამოცხადდეს სკოლაში და გაკვეთილის დაწყებამდე დაიკავოს თავის ადგილი საკლასო ოთახში;

ბ) არ დაიგვიანოს გაკვეთილზე და არ გააცდინოს გაკვეთილი (გაკვეთილები) არასაპატიო მიზეზით. ასევე, არ დატოვოს სასწავლო პროცესის მიმდინარეობა არასაპატიო მიზეზით;

გ) გაკვეთილის მსვლელობისას სრულად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში დასვას შეკითხვები, გამოთქვას საკუთარი აზრები გაკვეთილის თემასთან დაკავშირებით;

დ) დაემორჩილოს მასწავლებლის მითითებებს და გაითვალისწინოს მისთვის მიცემული შენიშვნები;

ე) დაემორჩილოს სკოლის დაცვის სამსახურის მითითებებს;

ვ) არ დატოვოს სკოლის ტერიტორია სასკოლო დროის დამთავრებამდე;

თ) გაუფრთხილდეს და დაიცვას საკლასო ოთახის ინვენტარი, სკოლის ქონება და ტექნიკური აღჭურვილობა;

ი) პატივი სცეს თანაკლასელებს, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციას, სკოლაში მყოფ დაცვის სამსახურს;

  1. მოსწავლეს ეკრძალება სკოლაში შემდეგი ნივთების შემოტანა:

ა) თამბაქოს ნაწარმი, ნარკოტიკული საშუალებები და სხვა ტოქსიკური ნივთიერებები; ფსიქოტროპული ნივთიერებები ექიმის შესაბამისი დანიშნულების გარეშე;

ბ) ყველანაირი სახის იარაღი და ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად. ასევე, სანთებელა და ასანთი;

გ) ალკოჰოლური სასმელები;

დ) ძვირადღირებული ნივთები  (სამკაულები და სხვა, გარდა მობილური ტელეფონისა, რომელიც საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას ინახება მოსწავლის კარადაში) და დიდი ოდენობის ფული;

ე) აზარტული თამაშის საშუალებები და ასევე, უხამსობის ამსახველი ნივთები;

  1. მშობელი უფლებამოსილია:

მუდმივი კავშირი ჰქონდეს სკოლასთან და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია მოსწავლის ყოფაქცევისა, აკადემიური მოსწრების და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ;

  1. მშობელი ვალდებულია უზრუნველყოს მოსწავლის დროული გამოცხადება სკოლაში და არ დაუშვას მოსწავლის სკოლაში გამოცხადება სკოლის მიერ დადგენილი ფორმის გარეშე, ასევე უზრუნველყოს მოსწავლის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;
  2. თუ მშობელს სურვილი აქვს შეხვდეს ადმინისტრაციის წარმომადგენელს ან მასწავლებელს აუცილებელია ამის შესახებ წინასწარ ეცნობოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს ან/და კლასის ხელმძღვანელს ელექტრონული დღიურის ან ტელეფონის საშუალებით და მოხდეს შეთანხმება შეხვედრის დროზე.

 

მუხლი 10. მოსწავლის პირადი საქმე

  1. სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლის პირადი საქმის წარმოებას;
  2. პირადი საქმე შეიცავს მონაცემებს მოსწავლის ჯანმრთელობის, მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებ; ასევე ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ;
  3. სკოლა უზრუნველყოფს აღრიცხოს და შეინახოს ინფორმაცია მოსწავლის დისციპლინური გადაცდომის შესახებ;
  4. მოსწავლის შესახებ სკოლაში დაცული პირადი ინფორმაცია არ შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს მესამე პირთათვის, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

მუხლი 11. ელექტრონული დღიური

  1. მოსწავლის ყოფაქცევისა და მისი სასწავლო პროგარმის დაძლევის, აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაცია მშობელს მიეწოდება ყოველდღიურად ელექტრონული დღიურის საშუალებით;
  2. ელექტრონული დღიურით მშობელს შესაძლებლობა აქვს მუდმივი კავშირი ჰქონდეს მასწავლებლებთან, დაუსვას შეკითხვები და მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართულობის შესახებ.

 

 

მუხლი 12. სასკოლო დრო

  1. სასკოლო დრო მოიცავს პერიოდს დილის 8.45 საათიდან საღამოს 17.00 საათამდე;
  2. სასკოლო დრო შედგება:
  • სასწავლო პროგრამა;
  • სადილი-დასვენება;
  • საშინაო დავალების მომზადება;
  • სპორტული/სახელოვნებო წრე.

 

მუხლი 13. პრივილეგიების დაუშვებლობა

სკოლის არცერთი მოსწავლე არ სარგებლობს არანაირი განსაკუთრებული პრივილეგიით (მაგალითად, გაკვეთილზე დაშვება, სასწავლო პროცესის გაცდენისას სკოლის მიერ დადგენილი სანქციების გამოყენება, სასკოლო ღონისძიებებში ჩართულობის ხელმისაწვდომობა, სკოლაში მოსვლა-წასვლის რეჟიმი, სკოლაში დადგენილი წესის – ფორმის ტარების დაცვა და ა.შ.).

 

 

თავი IV. სასკოლო დისციპლინა და დისციპლინური პასუხისმგებლობა

 

მუხლი 14. სასკოლო დისციპლინის პრინციპები

  1. სასკოლო დისციპლინა დაცულ უნდა იქნეს იმ მეთოდების მეშვეობით, რომლებიც ეფუძნება მოსწავლის და მასწავლებლის თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას.
  2. სკოლის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, დისციპლინური დევნა და სახდელი უნდა იყოს გონივრული, დასაბუთებული და თანაზომადი.
  3. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით.
  4. დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომელიც ლახავს პირის პატივსა და ღირსებას.
  5. დაუშვებელია სკოლის მიერ მოსწავლის ან სკოლის თანამშრომლის დისციპლინური დევნა იმ ქმედებისთვის, რომელიც მან სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ ჩაიდინა.
  6. მოსწავლეს და თანამშრომელს უფლება აქვთ დისციპლინური დევნისას ისარგებლონ დუმილის უფლებით. დუმილის უფლება არ ათავისუფლებს მოსწავლეს და თანამშრომელს დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან.
  7. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება დაკისრებულ იქნეს დისციპლინური სახდელის მხოლოდ ერთი სახე.
  8. დისციპლინური სახდელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმის ხარისხი და ის შედეგი, რაც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომასთან.

 

მუხლი 15. მოსწავლის დისციპლინური გადაცდომა

  1. მოსწავლის მიერ წინამდებარე შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, შესაძლებელია მის მიმართ გამოყენებულ იქნეს დისციპლინური სახდელის შემდეგი სახეები:

ა) გაფრთხილება;

ბ) მკაცრი გაფრთხილება;

გ) ზიანის ანაზღაურება;

დ) სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება;

ე) გაკვეთილიდან გაძევება;

ვ) სკოლიდან დროებით დათხოვნა;

ზ) სკოლიდან გარიცხვა.

  1. სკოლის ადმინისტრაციის მიერ ყოველი კვირის ბოლოს წარმოებს მოსწავლის მიმართ განხორციელებული დისციპლინარული დევნის შესახებ მონაცემების შეფასება, რაც აისახება მოსწავლის ყოველკვირეულ რეიტინგში;

 

მუხლი 16. მოსწავლის მიმართ დისციპლინური წარმოება

  1. დისციპლინური დევნისას სკოლა ვალდებულია განუმარტოს მოსწავლეს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი.
  2. მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების, აგრეთვე დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს. მოსწავლეს უფლება აქვს მასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მშობელთან ერთად წარდგეს.
  3. სკოლა ვალდებულია მიიღოს ზომები, რათა დისციპლინურმა სახდელმა არ გამოიწვიოს მოსწავლის არსებითი ჩამორჩენა სასწავლო პროცესისგან.
  4. მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მასწავლებელს, სკოლიდან 5 დღემდე ვადით დათხოვნის გადაწყვეტილების მიღების უფლება – სკოლის დირექტორს, ხოლო 5-10 დღემდე ვადით დათხოვნის ან სკოლიდან გარიცხვის გადაწყვეტილების მიღების უფლება – დისციპლინურ კომიტეტს ფარული კენჭისყრით.
  5. მოსწავლისთვის სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრებისას უნდა განისაზღვროს: სასარგებლო საქმიანობის შინაარსი; მისი განხორციელების წესი და პირობები; სასარგებლო საქმიანობის განხორციელების ადგილი სკოლის ტერიტორიის ფარგლებში; მისი ხანგრძლივობა, რომელიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლისათვის არ უნდა აღემატებოდეს დღეში 1 საათს, საბაზო საფეხურის მოსწავლისათვის – დღეში 2 საათს და საშუალო საფეხურის მოსწავლისათვის – დღეში 3 საათს; უფლებამოსილი პირის ვინაობა, რომელიც უშუალო ზედამხედველობას გაუწევს მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებას. სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობა მოსწავლეს შეიძლება დაეკისროს მშობლის თანხმობით. მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება სკოლის ადმინისტრაციას.

 

მუხლი 17. მასწავლებლის დისციპლინური გადაცდომა

  1. მასწავლებლის დისციპლინური გადაცდომის სახეებია:

ა) მასწავლებლის ეთიკის კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა;

ბ) სკოლის შინაგანაწესის ან/და სკოლის წესდების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;

გ) სამსახურში გამოცხადება არაფხიზელ მდგომარეობაში, ასევე ნარკოტიკული ან ტოქსიკური საშუალებების ზემოქმედების ქვეშ;

დ) სკოლის ტერიტორიაზე/სასკოლო დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა;

ე) მოსწავლის ან სკოლის თანამშრომლის მიმართ არაეთიკური ან ამორალური ქმედება.

  1. დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში გამოიყენება შემდეგი სახდელები:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) სასტიკი საყვედური;

დ) სამსახურიდან გათავისუფლება.

  1. მასწავლებლისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შეიტანება მის პირად საქმეში.

 

მუხლი 18. მასწავლებლის მიმართ დისციპლინური წარმოება

  1. მასწავლებლის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებაზე უფლებამოსილია სკოლის დირექტორის ბრძანებით შექმნილი 5 წევრისგან შემდგარი დისციპლინური კომიტეტი.
  2. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) მოსწავლის, მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის, შესაბამის სკოლაში დასაქმებული პირის, აგრეთვე, იმ პირის წერილობითი მიმართვა ან ინფორმაცია, რომლის სამსახურებრივ მოვალეობასაც წარმოადგენს სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;

ბ) დისციპლინური გადაცდომის ფაქტის აღმოჩენა ან სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს, რომ ადგილი აქვს მასწავლებლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, მასწავლებლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს.

  1. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დისციპლინური წარმოება იწყება სკოლის დირექტორის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
  2. ამ მუხლის მე-2 პუნქტის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები დისციპლინური წარმოების დაწყების მიზნით წერილობით მიმართავენ დისციპლინურ კომიტეტს.

 

 

მუხლი 19. დისციპლინური კომიტეტის საქმის წარმოება

  1. დისციპლინური კომიტეტი ვალდებულია დისციპლინური წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
  2. დაინტერესებული მხარე ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლოს დისციპლინურ კომიტეტთან დისციპლინური წარმოებისას.
  3. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე დისციპლინური კომიტეტი უფლებამოსილია:

ა) გამოითხოვოს დოკუმენტები;

ბ) შეაგროვოს ცნობები;

გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს;

დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი;

ე) დანიშნოს ექსპერტიზა;

ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები;

ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

  1. დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით.
  2. შუამდგომლობასთან დაკავშირებით დისციპლინური კომიტეტი 2 დღის ვადაში იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ;

ბ) შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

  1. დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს დისციპლინურ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების ასლები. დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს, კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციის შემცველი საქმის მასალების ასლები გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 20. დისციპლინურ წარმოებაში

მონაწილეობის დაუშვებლობა

  1. დისციპლინურ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს დისციპლინური კომიტეტის ის წევრი, რომელიც:

ა) თვითონ არის დაინტერესებული მხარე საქმეში;

ბ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია;

გ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია;

დ) იყო ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით;

ე) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრია

  1. დისციპლინური წარმოების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება:

ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;

ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;

გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;

დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.

  1. დისციპლინური კომიტეტის წევრი ვალდებულია დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარეს აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ.

 

მუხლი 21. დისციპლინური კომიტეტის მიერ

გადაწყვეტილების მიღება

  1. დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი.
  2. დისციპლინური კომიტეტი გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების ან დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ, ასევე დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის თაობაზე იღებს მიმართვის წარდგენიდან 3 კვირის ვადაში.
  3. დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება მიიღება დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმით.
  4. დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმში აისახება: დისციპლინური კომიტეტის დასახელება დისციპლინური კომიტეტის სხდომის ადგილი, თარიღი, მისი დაწყების დრო, განხილვის საგანი, სხდომის მიმდინარეობა, დისციპლინური კომიტეტის შემადგენლობა, დამსწრეთა ვინაობა, მათი პოზიციები, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისი არგუმენტაცია, მათ მიერ დაყენებული შუამდგომლობების არსი და მათი განხილვის შედეგები, სხდომაზე მიწვეულ პირთა ვინაობა და მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციები, კენჭისყრის შედეგები, დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების შინაარსი, სხდომის დამთავრების დრო.
  5. დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმს ხელს აწერენ დისციპლინური კომიტეტის სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.
  6. მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების, ასევე დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის შესახებ დისციპლინური კომიტეტის ოქმი, შედგენიდან 3 დღის ვადაში ეგზავნება სკოლის დირექტორს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

 

მუხლი 22. დისციპლინური სახდელის მოქმედების

პერიოდი და ხანდაზმულობა

  1. დისციპლინური სახდელის (გარდა მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის “დ” და “ე”ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელისა) მოქმედების მაქსიმალური ვადაა 1 წელი.
  2. დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში მასწავლებლის მიმართ არ გამოიყენება წახალისების ფორმები. გამონაკლისი შეიძლება დადგინდეს სკოლის დირექტორის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.
  3. მასწავლებლის მიმართ დისციპლინური წარმოება შეიძლება დაიწყოს დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან ან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის გამოვლენიდან არაუგვიანეს ერთი წლისა.
  4. დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ან დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის შემთხვევაში ჩაითვლება, რომ მასწავლებელს არ ჰქონია დაკისრებული დისციპლინური სახდელი.
  5. წინამდებარე შინაგაწესის 17-22-ე მუხლებით დადგენილი დისციპლუნური გადაცდომის, სახდელისა და წარმოების დებულებები გამოიყენება ასევე, სკოლის ყველა თანამშრომლის მიმართ.

 

 

თავი V. სკოლის თანამშრომელთა სამსახურში მიღების,

ანაზღაურებისა და გათავისუფლების წესი

 

მუხლი 23. სკოლაში თანამშრომლის მიღება

  1. სკოლაში თანამშრომლის მიღება ხდება კონკურსის საფუძველზე ან სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით კონკურსის გარეშე, ხელშეკრულების ან დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
  2. სამუშაოზე მიღება, როგორც წესი, ხორციელდება შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ფორმდება წერილობითი ფორმით. შრომითი ხელშეკრულება დგება ორ თანაბარი იურდიული ძალის მქონე ეგზემპლიარად ხელმოწერილი ორივე მხარის მიერ. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა დასაქმებულს, მეორე ინახება ადმინისტრაციაში. შრომითი ხელშეკრულების ფორმას ადგენს სკოლის ადმინისტრაცია;
  3. შრომით ხელშეკრულებაზე ხელის მოწერამდე, სკოლაში კონკრეტულ თანამდებობაზე მისაღები კანდიდატი უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს შრომით ხელშეკრულებას, სკოლის შინაგანაწესს და შესაბამის სამუშაო აღწერილობას;
  4. შრომით ხელშეკრულებაზე დასაქმებულის ხელმოწერა ადასტურებს წინამდებარე შინაგანაწესისა და შესაბამისი სამუშაო აღწერილობის დასაქმებულის მიერ გაცნობისა და მათში ასახული პირობების შესრულებაზე დათანხმების ფაქტს;
  5. შრომით ხელშეკრულებებს სკოლის სახელით ხელს აწერს სკოლის დირექტორი;
  6. დაკავებული თანამდებობისათვის გათვალისწინებული სამუშაოს დაწყების თარიღი აღინიშნება შრომით ხელშეკრულებაში;
  7. შრომითი ხელშეკრულება თანამშრომელთან იდება განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით, თუ მხარეთა შეთანხმებით შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სხვა ვადა არ არის განსაზღვრული;

 

მუხლი 24. სამსახურში მიღებისას წარმოსადგენ

დოკუმენტთა ნუსხა

  1. სკოლაში სამუშაოდ მიღებისას თანამშრომელმა უნდა წარმოადგინოს:

– პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი;  უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიზე კანონიერად ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

– ცნობები წინა სამუშაო ადგილებიდან ან შრომის წიგნაკი (გამონაკლისს წარმოადგენენ ის პირები, რომლებიც პირველად იწყებენ სამსახურს);

– სამხედრო ბილეთი (სამხედროვალდებულებმა) მოთხოვნის შემთხვევაში;

– განათლების დამადასტურებებლი დოკუმენტები (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, სერთიფიკატი);

– ავტობიოგრაფია (CV);

– ფოტოსურათი დისკზე;

–  ნასამართლეობის შესახებ ცნობა შსს მომსახურების სააგენტოდან;

– ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;

  1. სკოლის ადმინისტრაციას უფლება აქვს მოთხოვოს თანამშრომელს წარმოადგინოს დახასიათება-რეკომენდაცია უკანასკნელი სამუშაო ადგილიდან და სხვა სახის დოკუმენტები სკოლის დირექტორის შეხედულებისამებრ.

 

მუხლი 25. შრომითი ანაზღაურება, პრემია,

ფულადი დახმარება

  1. თანამშრომლის შრომის ანაზღაურება ხდება შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით.
  2. თანამშრომელთა პრემირება ხდება სკოლის დირექტორის შეხედულებისამებრ დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
  3. ფულადი დახმარება შესაძლებელია გაიცეს სკოლის თანამშრომლებზე ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ შემდეგ შემთხვევებში:
  • შვილის შეძენა;
  • ქორწინება;
  • ავადმყოფობა;
  • ოჯახის წევრის გარდაცვალება.
  1. დახმარება ასევე შეიძლება გაიცეს სხვა შემთხვევებშიც დირექტორის გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

 

თავი VI. სამუშაო და დასვენების დრო, მივლინება, შვებულება

 

მუხლი 26. სამუშაო დრო და ზეგანაკვეთური სამუშაო

  1. სტანდარტულ სამუშაო კვირად ითვლება 8 საათიანი სამუშაო დღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. სამუშაო საათები: 8.45–დან 17.00–მდე შესვენების ჩათვლით. ყველა თანამშრომელი ვალდებულია დროულად გამოცხადდეს და დარჩეს სკოლაში სამუშაო საათების დამთავრებამდე.
  2. სამუშაო დრო, რომელიც კვირაში 40 (ორმოცი) საათს აღემატება, ითვლება ზეგანაკვეთურად და იგი კომპენსირდება შრომის კოდექსის მოთხოვნათა მიხედვით მხოლოდ იმ პირობით, თუკი სკოლის დირექტორის თხოვნით ან თანხმობით იქნა გამომუშავებული;

 

მუხლი 27. თანამშრომელთა მივლინება

  1. სკოლის თანამშრომელთა საზღვარგარეთ ან საქართველოში მივლინების პერიოდის ანაზღაურება ხდება იმ შემთხვევაში, თუ მივლინება დაკავშირებულია სკოლის საქმიანობასთან და არსებობს სკოლის დირექტორის ბრძანება მივლინების შესახებ;
  2. მივლინებაში წასვლის მიზნით თანამშრომელი წერს განცხადებას სკოლის დირექტორის სახელზე, სადაც გასაგებად უნდა იქნეს აღწერილი მივლინების მიზანი, ხანგძლივობა და, საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომლის მოვალეობების გადაბარების გრაფიკი;
  3. განცხადებაზე აუცილებელია სკოლის დირექტორის რეზოლუცია. სკოლის დირექტორი განსაზღვრავს სამივლინებო ავანსის ოდენობას, გარდა კანონით დადგენილი სამივლინებო ხარჯებისა. სკოლის დირექტორის მიერ დამოწმებული განცხადება და ბრძანება სათანადო ავანსის მოთხოვნით, გადაეცემა სკოლის ბუღალტერიას ასანაზღაურებლად.

 

მუხლი 28. შვებულება

  1. სკოლის ყველა თანამშრომელს ეძლევა ყოველწლიური კუთვნილი ფასიანი შვებულება 24 სამუშაო დღით, სამუშაო ადგილის და შრომის ანაზღაურების შენარჩუნებით;
  2. ძირითად მასწავლებლებს 24 დღიანი (სამუშაო) ანაზღურებადი შვებულების გარდა, დირექტორის ბრძანებით შესაძლოა მიეცეთ დამატებით ანაზღაურებადი შვებულება, რომლის ვადები განისაზღვრება  დირექტორის მიერ გამოცემული შიდა სამართლებრივი აქტით.
  3. სკოლის მოწვეულ პედაგოგებს საახალწლო და საზაფხულო არდადეგებზე მიეცემათ ანაზღაურების გარეშე (უხელფასო) შვებულება ან აუნაზღაურდებათ დირექციის შეხედულებისამებრ, დირექტორის მიერ გამოცემული შიდა სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
  4. შვებულებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 29. შრომითი ხელშეკრულების

შეწყვეტის საფუძვლები

  1. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:

– შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;

– შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს  შესრულება;

– ერთ-ერთი მხარის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობის დარღვევა;

– მხარეთა შეთანხმება;

– შრომითი ხელშეკრულების მოშლა სკოლის (დამსაქმებლის) ადმინისტრაციის ან დასაქმებულის/თანამშრომლის ინიციატივით.

 

მუხლი 30. შრომითი ხელშეკრულების მოშლა

სკოლის ინიციატივით

სკოლა უფლებამოსილია შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება ვადამდე შემდეგ შემთხვევებში:

ა) თანამშრომელი დაარღვევს შრომითი ხელშეკრულებით, ანდა წინამდებარე შინაგანაწესით, ან/და სკოლაში მოქმედი აქტებით გათვალისწინებულ პირობებს;

ბ) სკოლის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან თანამშრომელთა რიცხოვნობის შემცირებისას;

გ) თანამშრომელი ჩაიდენს ბრალეულ ქმედებას, რომელიც პასუხისმგებელია ფულადი ან სასაქონლო ფასეულობებზე, თუ ეს ქმედება სკოლის  მხრიდან ქმნის მის მიმართ ნდობის დაკარგვის საფუძველს;

დ) თანამშრომლის მიერ სამუშაო არ შესრულდა ან/და არაჯეროვანად  შესრულდა; ე) შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

 

მუხლი 31. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა

თანამშრომლის ინიციატივით

  1. სკოლის თანამშრომელს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება, მაგრამ იგი ვალდებულია ამის შესახებ გააფრთხილოს სკოლა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით ადრე წერილობითი შეტყობინებით, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
  2. წინამდებარე შინაგანაწესის 29-ე მუხლით დადგენილი გაფრთხილების ვადის განმავლობაში თანამშრომელი ვალდებულია, უზრუნველყოს მისი საქმეებისა და მისთვის მიბარებული მატერიალური ფასეულობების სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული პირისათვის გადაბარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სკოლა უფლებას იტოვებს თანამშრომელს დააკისროს აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

მუხლი 32. გათავისუფლების პროცედურა

  1. თანამშრომლის გათავისუფლება უნდა მოხდეს შრომის კანონმდებლობითა და წინამდებარე შინაგანაწესით დადგენილი წესით.
  2. თანამსრომლის მოთხოვნით ადმინისტრაცია ვალდებულია გასცეს დათხოვნის ბრძანების ასლი ან/და ცნობა სკოლაში მუშაობის პერიოდისა და დაკავებული თანამდებობის შესახებ;

 

თავი VII. დასკვნითი დებულებები

 

მუხლი 33. სხვადასხვა

  1. შინაგანაწესი მტკიცდება და მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება სკოლის დირექტორის ბრძანებით;
  2. წინამდებარე შინაგანაწესის შესრულება სავალდებულოა სკოლის ყველა თანამშრომლისათვის;
  3. შრომითი ურთიერთობის გაფორმებამდე, თანამშრომელს გასაცნობად გადაეცემა წინამდებარე შინაგანაწესი.
  4. შინაგანაწესის დაცვაზე ზედამხედველობა ახორციელებს სკოლის დირექტორი.
  5. წინამდებარე შინაგანაწესი წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.