“ევროპულ სკოლას“ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი ესტუმრა

23 აპრილს, “ევროპულ სკოლას“ ძიუდოისტი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი ესტუმრა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა სკოლის მოსწავლეებს თავისი სპორტული კარიერის მნიშვნელოვანი დეტალები მოუყვა, გამოცდილება გაუზიარა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრას სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე მაისურაძე უძღვებოდა, ლიპარტელიანთან ერთად კი “ევროპული სკოლის“ შეკითხვებს უპასუხა, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დიქტორმა გიორგი ჭანიშვილმა, რომელიც ჩვენი ნაკრების ბოლო ათწლუელის გამარჯვებების მონაწილეა დიქტორის რანგში.
ეთერ ლიპარტელიანთან შეხვედრაზე, ცხადია ყველაზე დიდი დრო დაეთმო ახლახანს თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატს, რომელზეც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ისტორიული შედეგი აჩვენა და 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მათ შორის, ერთი ოქრო ეთერ ლიპარტელიანს ეკუთვნის, რომელმაც შეხვედრის მონაწილე სკოლის მოსწავლეებს, რომელთაგან უმრავლესობა სპორტის სხვადასხვა სახეობაზე ასპარეზობს, გამარჯვებამდე მისასვლელად აუცილებელი რჩევა-დარიგებები მისცა და მომავალ შეჯიბრებებში წარმატებები უსურვა.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დიქტორმა, ოლიმპიური თამაშებიდან, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებიდან ტატამს მიღმა მომხადარი არაერთი საინტერესო ამბავი გაიხსენა და მოსწავლეებს მისი პროფესიის მნიშვნელოვანი ასპექტებიც გაუზიარა.
მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონთან შეხვედრა ტრადიცული ავტოგრაფებით და საერთო ფოტოთი დასრულდა.

Share on: