ახალი ამბები

უსაფრთხო ინტერნეტის დღე 2023

06 Feb 2023

“ევროპულმა სკოლამ“, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს უსაფრთხო ციფრული გარემო მოსწავლეებისთვის, გასულ კვირას უსაფრთხო ინტერნეტის დღე აღნიშნა. საერთაშორისო ბაკალავრიატის, ამერიკული უმაღლესი სკოლისა და ქართული პროგრამის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ჩაატარეს ღონისძიებები თემაზე: კიბერ ჰიგიენა, ინტერნეტი და უსაფრთხოება, კიბერბულინგი, კიბერუსაფრთხოება, იმსჯელეს ონლაინ საფრთხეების თავიდან აცილების გზებზე, რაც ყველასთვის აქტუალურია, შექმნეს ელექტრონული წიგნი, ჩაატარეს აქტივობები Bookcreator-ის აპლიკაციის გამოყენებით და სხვ. უსაფრთხო ინტერნეტის კვირეულმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის, ისწავლონ, შექმნან და იქონიონ კომუნიკაცია უსაფრთხო ციფრულ გარემოში.

მენტალური მათემატიკის კონკურსის გამარჯვებულები

05 Feb 2023

“ევროპული სკოლაში“ უკვე ერთი წელია წარმატებით ამოქმედდა საშაბათო სკოლა, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში მათემატიკური აზროვნების მყარი საფუძვლის შექმნას. საშაბათო სკოლა I-VI კლასის მოსწავლეებს სთავაზობს ორ კურსს: მენტალური მათემატიკა და მათემატიკა და ლოგიკა. UCMAS Georgia-სთან პარტნიორობის ფარგლებში 100-მდე მოსწავლემ გაიარა მენტალური მათემატიკის პროგრამა, 8 მოსწავლეს კი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში 20 იანვარს გამართულ #UCMASGEORGIA საერთაშორისო ონლაინ კონკურსისა და საერთაშორისო გამოცდების გამარჯვებულთა დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონიაზე სერთიფიკატები გადაეცა.

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე

01 Feb 2023

თებერვალის პირველ ოთხშაბათს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში LitWorld-ის ინიციატივით წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება. “ევროპული სკოლის“ მოსწავლეები, “წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის“ მხარდაჭერით, წელსაც შუერთდნენ ამ საინტერესო ინიციატივას და ხმამაღლა წაიკითხეს ფრაგმენტები წიგნებიდან, წიგნიერების გაკვეთილზე მწერალ გიორგი კეკელიძესთან ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, შეხვდნენ მწერალსა და ილუსტრატორს, მაკა ლდოკონენს, რომელმაც მოსწავლეებს წაუკითხა ზაზა თვარაძის “მონტებუსლუ“.

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეების ვიზიტი ევროსტრუქტურებში

30 Jan 2023

7-13 იანვარს “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს “ევროპული ალიანსი საქართველოსთვის“ და “საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატების“ მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პროგრამაში: “ქართველი ახალგაზრდები გლობალურ საკითხებში“. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივების განსახილველად ევროპარლამენტის ინტერკულტურული ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, რომან შტრასეს მიერ გამართულ სემინარზე დასწრება, ევროკომისიაში პრეზენტაციების წარდგენა, ევროპარლამენტის, რეგიონების ევროპული კომიტეტის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრები, ვიზიტები ბელგიის პარლამენტსა და სენატში, პარლამენტარიუმში, ევროპარლამენტის ვიზიტორების ცენტრსა და ევროპის ისტორიის სახლში იყო შესანიშნავი შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, შეებიჯებინათ ევროპულ ინსტიტუციებში და ადგილზე გაცნობოდნენ ევროსტრუქტურების საქმიანობის დეტალებს.

ჰიპ-ჰოპის მოცეკვავეების საახალწლო კონცერტი

01 Jan 2023

“ევროპული სკოლის“ ჰიპ-ჰოპის მოცეკვავეების ჯგუფმა საახალწლო კონცერტი გამართეს სასტუმრო ,,ბილტმორში“, სადაც თანამედროვე ცეკვები და საახალწლო მუსიკაზე დადგმული ნომრები წარმოადგინეს. საახალწლო განწყობის შესაქმნელად მოცეკვავეებმა სანახაობრივი შოუ მოაწყეს და კონცერტზე მოსულ სტუმრებს განსხვავებული ნომრები აჩვენეს. ჯგუფის სამხატვრო ხელმძღვანელია  თეიმურაზ ქამხაძე, ქორეოგრაფი მირანდა ჭყონია.

“ევროპული სკოლის“ საახალწლო ღონისძიებები

01 Jan 2023

გადაავლეთ თვალი “ევროპული სკოლის“ საახალწლო ღონისძიებებს და შეიქმენით სადღესასწაულო განწყობა! შობის ზეიმი სანტა კლაუსთან ერთად, თეატრალური წარმოდგენები, საახალწლო მეჯლისი, ზამთრის ცეკვები 2022 - ეს მხოლოდ ნაწილია იმ ღონისძიებების, რომელსაც სკოლამ უმასპინძლა ბოლო დღეებში.

“ევროპული სკოლა“ წლის ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლაა!!!

25 Dec 2022

ნატოს სახალხო დიპლომატიის ოფისის მხარდაჭერით, მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ წლის ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის გამოსავლენად გამართულ კონკურსში ჩვენი სკოლის ორი გუნდი გახდა პირველი ადგილის მფლობელი. გუნდებს ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის პრიზი, ლეპტოპი და პლანშეტი გადაეცათ.  ჩვენი გამარჯვებული პროექტებია: ონლაინ თმაში SmartOwl2023 და სამაგიდო თამაში “ტროლების ღამე“,   რომლებიც მოსწავლეთა მედია  და ინფორმაციული წიგნიერების უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს. გამარჯვებული გუნდები კი არიან: ამერიკული უმაღლესი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეთა გუნდი: ეკატერინე გორგაძე, ალექსანდრე შონია, სინა აბდოლაჰზადე, ნიკოლოზ ფანიაშვილი, კომპიუტერული მეცნიერების მასწავლებლის შორენა აბესაძის ხელმძღვანელობით და საერთაშორისო ბაკლავრიატის საბაზო პროგრამის მე-10 კლასის მოსწავლეთა გუნდი: ანა გელენიძე, ელენე გამყრელიძე, მარიამ ბეჟუაშვილი, ციფრული დიზაინის პედაგოგების გურანდა გოგალაძისა და ნელი ბობოხიძის ხელმძღვანელობით.

ჰიპ-ჰოპის კლუბის მოსწავლეთა საახალწლო წვეულება

22 Dec 2022

“ევროპული სკოლის“ ჰიპ-ჰოპის კლუბის მოსწავლეებმა საახალწლო  განწყობის შესაქმნელად წვეულება მოაწყეს. მშობლებისა და პედაგოგების წინაშე წარმოადგინეს საახალწლო თემაზე დადგმული თანამედროვე ცეკვები. მოცეკვავეებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღეს და მათი ხალისიანი განწყობა მოსულ სტუმრებსაც გაუზიარეს.

თექის ხელნაკეთი ნივთების საშობაო გამოფენა

21 Dec 2022

14 დეკემბერს “ევროპულ სკოლაში“ “თექის კლუბის“ მოსწავლეთა ხელნაკეთი ნამუშევრების საშობაო გამოფენა მოეწყო. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა მიერ დამზადებული თექის ნაძვისხეები, თოვლის პაპები, ნაძვისხის სათამაშოები და საშობაო სახლები. მოსწავლეებმა ქართული მატყლის გამოყენებით მოთელეს თექა და გამორჩეული დიზაინისა და ორიგინალური ნამუშევრები წარუდგინეს დამთვალიერებელს. საკუთარი ნამუშევრებით გამოფენაზე მოსულ სტუმრებს ნამდვილად შეუქმნეს საახალწლო და საშობაო განწყობა.