ახალი ამბები

პარტნიორობა Les Roshes უნივერსიტეტთან

07 Nov 2022

Les Roshes უნივერსიტეტთან პარტნიორობა აფართოებს ჩვენი მოსწავლეების კარიერულ შესაძლებლობებს. Sommet Education ჯგუფი, რომელიც აერთიანებს Les Roshes და Glion უნივერსიტეტებს, “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს, რომლებიც უმაღლესი განათლების მიღებას სტუმარმასპინძლობის სფეროში აპირებენ, სთავაზობს უნიკალურ და ექსკლუზიურ შესაძლებლობას: გახდნენ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) Students’ League- ის წევრები და საქართველოს სახელით საერთაშორისო ინოვაციურ გამოფენებში მიიღონ მონაწილეობა და გაიარონ სტაჟირება InterContinental Group - ში.

საგანმანათლებლო თამაშის პრეზენტაცია

03 Nov 2022

ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა, ამერიკის შეერთებული შტატებისა და შვედეთის საელჩოებთან თანამშრომლობით, 2 ნოემბერს “ევროპულ სკოლაში“ წარადგინა საგანმანათლებლო თამაში “არჩევნეთი“. თამაში ადგილობრივი თვითმართველობის, დემოკრატიისა და ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის თემებზე ახდენს ფოკუსირებას. პრეზენტაციას ესწრებოდნენ: შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი, საქართველოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე რაიან ჰარკერ ჰარისი და სხვა ოფიციალური სტუმრები. ღონისძიებაზე “ევროპული სკოლის“ მოსწავლეები, საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ერთად, რომლებმაც თამაშის ტესტირებაში მიიღეს მონაწილეობა წარსულში, დასაჩუქრდნენ “არჩევნეთით“.

მოსწავლეთა პარლამენტის თავჯდომარის კანდიდატის საარჩევნო დებატები

03 Nov 2022

“ევროპულ სკოლაში“ ყოველწლიურად ტარდება წინასაარჩევნო დებატები მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის. დებატები 2022, რომელიც 1 ნოემბერს გაიმართა, იყო საუკეთესო შესაძლებლობა კანდიდატებისთვის, წარმოეჩინათ საკუთარი პიროვნება, საარჩევნო პროგრამა, დაესვათ შეკითხვები მოწინააღმდეგისთვის და გამოევლინათ ოპონენეტის გამოცდილება და კომპეტენციები. დებატებზე ამომრჩევლებმა თავმჯდომარეობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამების დეტალური ცოდნის დემონსტრირება მოახდინეს, რაც მათ დაეხმარება საარჩევნო ყუთთან გააზრებული გადაწყვეტილების მიღებაში, არჩეულ თავმჯდომარეს კი ანგარიშვალდებულებას გაუზრდის ამომრჩევლის წინაშე.

ჰელოუინი - 2022

31 Oct 2022

31 ოქტომბერს “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა ჰელოუინი განსაკუთრებული განწყობით აღნიშნეს: სკოლაში ნაირფეროვან კოსტიუმებში გამოწყობილები მოვიდნენ, მოხატეს გოგრები, სადღესასწაულოდ მორთეს დერეფნები და საკლასო ოთახები, ითამაშეს სახალისო თამაშები და ტრადიციისამებრ, ტკბილეული აჩუქეს ერთმანეთს. სკოლის ეზოში მოეწყო: თექის ნამუშევრების გამოფენა, ტკბილეულის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, სკოლის კაფეტერიის გუნდისა და მსოფლიო კულინარიის კლუბის მიერ მომზადებული ჰელოუინის თემატური ტკბილეულის დეგუსტაცია. წვეულება სადღესასწაულო კოსტიუმების ჩვენებით დასრულდა. ხალისიანმა განწყობამ სრულად მოიცვა სკოლის შენობა, დიდი თუ პატარა.

“ART ფესტივალის“ გამარჯვებულები

29 Oct 2022

“ევროპული სკოლის“ ჰიპ-ჰოპის კლუბის მოცეკვავეებმა “ახალგაზრდა შემოქმედთა ფედერაციის“ ორგანიზებით გამართულ “ART ფესტივალზე" წლის საუკეთესო მოცეკვავეებისა და ლაურეატის წოდება მოიპოვეს. კონცერტი 23 ოქტომბერს “პროფკავშირების კულტურის ცენტრში“ გაიმართა და ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ორი საცეკვაო ნომერი განსაკუთრებული ოსტატობით წარმოადგინა. თანამედროვე ცეკვის სტუდიას კ. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი და დამდგმელი ქორეოგრაფი თემურ ქამხაძე ხელმძღვანელობდა. 

იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე

28 Oct 2022

27 ოქტომბერი “დედა ენის“ავტორის, საბავშვო მწერლის, პუბლიცისტის, მეცენატისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით მოსწავლეებმა უმასპინძლეს თანამედროვე “დედა ენის“ შემდგენელსა და საბავშვო მწერალს ნესტან კუპრავას, რომელმაც ისაუბრა მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, გააცნო მოსწავლეებს ფერადი მარცვლებით კითხვის შესწავლის მეთოდიკა. მოსწავლეებმა “დედა ენის“ ილუსტრაციების მიხედვით გამოძერწეს ფიგურები, განასახიერეს პერსონაჟები მისი მოთხრობებიდან: “თხა და გიგო,“ “მკვეხარა ქოთანი,“ “უსუნო ყვავილი“, პირეველკლასელებს კი საჩუქრად გადაეცათ “დედა ენა“ სამუშაო რვეულებთან ერთად.

კონფერენცია - კლიმატის ცვლილება

24 Oct 2022

კლიმატის ცვლილება თანამედროვეობის უდიდესი გამოწვევაა. პლანეტის თითოეული ადამიანი უნდა ჩაებას გარემოსდაცვით მოძრაობაში ბუნების გადასარჩენად და უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა 22-23 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღეს ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის მიერ გამართულ, კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილ  კონფერენციაში: #EYPinAction, რომლის მეორე დღეც გარემოსდაცვით,“მწვანე“ აქტივობებს დაეთმო.

მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციის შეხვედრა “ევროპულ სკოლაში“

19 Oct 2022

“ევროპული სკოლის“ მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაცია არის დამატებითი შესაძლებლობა მშობლებისთვის, ითანამშრომლონ სკოლასთან  და მიაღწიონ საერთო მიზანს, რომელიც მოსწავლეთა წარმატების ხელშეწყობასა და საუკეთესო სასკოლო გამოცდილების შეთავაზებას ემსახურება.

სუფთა ხელები - ჯანმთელი მომავალი!

13 Oct 2022

ხელების დაბანის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით : ევროპული სკოლის" მოსწავლეებს “ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის" ინფექციის კონტროლისა და პრევენციის დირექტორი ირმა კენჭიაშვილი შეხვდა და ხელების საპნით დაბანის, როგორც დაავადებისგან თავდაცვის ეფექტური საშუალების, შესახებ ესაუბრა. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სახალისო აქტივობებში და საინფორმაციო ბუკლეტების გაცნობით გაიმდიდრეს ცოდნა ჰიგიენის დაცვის შესახებ. ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლის ექიმის ჩართულობით, ინფორმაციული ხასიათის შეხვედრები და ფილმების ჩვენება გაიმართა დაწყებით კლასებში.