“ევროპული სკოლის“ სასწავლო გრანტი
მიზნები
“ევროპული სკოლის“ მიზანია, იპოვოს და ხელი შეუწყოს ნიჭიერ მოსწავლეებს, მიაღწიონ წარმატებას აკადემიური გამოწვევებით სავსე საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამასა და ამერიკულ უმაღლეს სკოლაში და სათანადოდ მოამზადოს ისინი მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისათვის. გვსურს, ამ ნაბიჯით დავრწმუნდეთ, რომ ფინანსური მდგომარეობა ნიჭიერ მოსწავლეებს აკადემიურ თუ კარიერულ წინსვლაში ხელს არ შეუშლის. “ევროპული სკოლა“ მზადაა 6 სტუდენტი, მათ მიერ კონკურსის ყველა პირობის დაკმაყოფილების, საკონკურსო ეტაპების წარმატებით გავლისა და საბოლოო შერჩევის შემდეგ, 100%-ით დააფინანსოს.
პირობები და დედლაინები
- ვის შეუძლია დაფინანსებაზე განაცხადის შემოტანა – მოსწავლეებს (საქართველოს მოქალაქეებს), რომლებმაც 1-დან მე-10 კლასის ჩათვლით სხვა საჯარო ან კერძო სკოლებში ისწავლეს და გადმოდიან “ევროპულ სკოლაში,“ მე-11 კლასში.
- დედლაინები – ელექტრონული აპლიკაცია ღიაა 15 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით. აპლიკანტები განაცხადის შევსებისას უნდა ამთავრებდნენ მე-10 კლასს.
აკადემიური მოთხოვნები
დაფინანსების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ მე-9 და მე-10 კლასის ნიშნები წინა სკოლებიდან.
ვითვალისწინებთ, რომ აპლიკანტები, რომლებიც “ევროპულ სკოლაში“ გადმოსვლას აპირებენ, შესაძლოა, სწავლობდნენ სხვადასხვა აკადემიურ პროგრამაზე. იხილეთ შერჩევის კრიტერიუმები სხვადასხვა აკადემიური პროგრამისთვის.
- აპლიკანტები, რომლებიც ამერიკული სკოლების პროგრამაზე სწავლობდნენ:
- მათი GPA უნდა იყოს მინიმუმ 3.9 (unweighted)
- აპლიკანტები, რომლებიც IB-ში სწავლობდნენ:
- ყველა საგანში 7 (შესაძლებელია ერთი 6)
- აპლიკანტები, რომლებიც ქართულ სკოლებში სწავლობდნენ:
- ყველა საგანში 10 (შესაძლებელია ერთი 9)
- აპლიკანტები, რომლებიც სხვა აკადემიურ პროგრამებზე სწავლობდნენ:
- აუცილებელია, ნიშნებთან ერთად, წარმოადგინონ მათი სკოლის მიერ გაცემული შეფასების სისტემა ნიშნების/ქულების აღწერით (რათა შესაძლებელი იყოს მათი აკადემიური მოსწრების ობიექტურად შეფასება)
- სარეკომენდაციო წერილები
- აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ ორი რეკომენდატორის ელექტრონული ფოსტის მისამართი (ერთი – სკოლის მასწავლებელი, მეორე კი – მენტორი/მწვრთნელი/სკოლის დირექტორი/ქაუნსელორი, რომელსაც სტუდენტის კლასგარეშე მიღწევებზე შეეძლება ყურადღების გამახვილება) აღნიშნულ ელექტრონულ ფოსტებზე რეკომენდატორები მიიღებენ სარეკომენდაციო ფორმას შესავსებად.
კანდიდატების შერჩევა
- შერჩეულ კანდიდატებს მოვიწვევთ სტანდარტიზებულ და ენის ტესტებზე:
- ლოგიკისა და მათემატიკის ტესტი
- ინგლისური ენის ტესტი – აპლიკანტებს ჩაუტარდებათ ტესტირება კითხვის, წერისა და მოსმენის უნარ-ჩვევების შესაფასებლად.
- წერითი დავალება
- ტესტები ჩატარდება “ევროპულ სკოლაში.“
ინტერვიუ მრჩეველთან საუნივერსიტეტო საკითხებში
- აპლიკანტები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ყველა კრიტერიუმს და მიიღებენ მაღალ შეფასებას სტანდარტიზებულ და ინგლისური ენის ტესტებზე, ინტერვიუს გაივლიან მრჩეველთან საუნივერსიტეტო საკითხებში. აპლიკანტებმა უნდა წარმოაჩინონ თავიანთი აკადემიური მისწრაფებები, აქტიური ჩართულობა კლასგარეშე აქტივობებში, ლიდერობის პოტენციალი და მზადყოფნა უნივერსიტეტის აპლიკაციებზე აქტიური მუშაობისთვის.
საბოლოო გადაწყვეტილება
საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს კომიტეტი, რომელშიც იქნებიან პროგრამების ხელმძღვანელები, სკოლის ხელმძღვანელი გუნდი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და მოწვეული ექსპერტები.
გამარჯვებული კანდიდატები საბოლოო პასუხს 20 ივნისს შეიტყობენ.
* * *
გთხოვთ, გადახედეთ ქვემოთ მოცემულ რჩევებს, რომლებიც აპლიკაციის შევსებისას დაგეხმარებათ.
აპლიკაცია დაყოფილია შემდეგ სექციებად: მოსწავლის პერსონალური ინფორმაცია (მოგვაწოდეთ საკონტაქტო ინფორმაცია, სკოლის მონაცემები და ა.შ.), დოკუმენტები (ატვირთეთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია), წერითი დავალებები (გაეცით პასუხი ხუთ წერით დავალებას), სარეკომენდაციო წერილები (მიუთითეთ თქვენი რეკომენდატორების სახელები და საკონტაქტო ინფორმაცია) და მშობლები/მეურვეები (მიუთითეთ ინფორმაცია თქვენი მშობლების/მეურვეების შესახებ).
გაითვალისწინეთ, რომ როცა აპლიკაციას შეავსებთ და გამოაგზავნით, შემდეგ ვეღარ შეძლებთ მასში ცვლილებების შეტანას. იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ არასრული აპლიკაციის გამოგზავნა, უმჯობესია, ჯერ კარგად გაეცნოთ შესავსებ ველებს, გაიაზროთ თითოეული შეკითხვა, წინასწარ მოამზადოთ პასუხები და შემდეგ სრულად შევსებული ფორმა გამოგვიგზავნოთ.
შეკითხვების დიდი ნაწილი თქვენგან ითხოვს ფაქტობრივ ინფორმაციას. რაც შეეხება წერით დავალებებს, აქ ფიქრი და მომზადება დაგჭირდებათ. თქვენი შეფასებისას, ყურადღება მიექცევა არა მხოლოდ თქვენს აკადემიურ მოსწრებასა და რეკომენდაციებს, არამედ თქვენს ნაწერს, შემოქმედებითობას და უნარს, იპოვოთ გზები საკუთარი თავის საინტერესო მხარეების წარმოსაჩენად.
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: scholarships@europeanschool.ge