ლიტერატურული კვირეული “ევროპულ სკოლაში“

“ევროპული სკოლის“ ლიტერატურულმა კვირეულმა ერთ სივრცეში მოუყარა თავი მოსწავლეებს, წიგნებს, მწერლებს, ილუსტრატორებს, გამომცემლებს და წიგნის ჯადოსნური ძალა შეაგრძნობინა მოზარდებს. პატარები შეხვდნენ “მართიკოს ვაშლის ხის“ ავტორს, საბავშვო მწერალ ლელა ცუცქირიძეს. შეხვედრის დასასრულს ბავშვებმა ხეზე FabLab -ში დამზადებული ვაშლები ჩამოკიდეს მშვიდობის სიმბოლოდ; გიორგი ლაპიაშვილმა მოსწავლეებს წაუკითხა ფრაგმენტები ზაირა არსენიშვილის წიგნიდან “მოკლე კატოს თავგადასავალი“, ჩაუტარა ვორქშოფი, თუ როგორ დაამზადონ მინიატურული წიგნი და კიდევ უფრო გააღვივა ბავშვური წარმოსახვა; ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეზე კი კოსტუმირებული წვეულება გაიმართა, სადაც პეპის, კარლსონისა და რონიას ფორმები მოირგეს პატარებმა; მოსწავლეებმა საყვარელი ავტორების უამრავი ახალი ნაწარმოები აღმოაჩინეს წიგნის ფესტივალზე მოწვეული “სულაკაურის გამომცემლობის“, “დიოგენეს“, English Book-ის, “შემეცნების“ და “ქარჩხაძის გამომცემლობის“ სტენდებზე. ლიტერატურული კვირეული ბავშვებში წიგნიერების, კითხვის წახალისების, ლიტერატურის სამყაროში მოგზაურობის საშუალებად იქცა.

Share on: