თვითმმართველობის დღე “ევროპულ სკოლაში“

2018 წლის 11 მაისს, “ევროპულ სკოლაში” ჩატარდა თვითმმართველობის დღე. ერთი დღით, მოსწავლეები მასწავლებლებად იქცნენ. დღე მხიარულად დაიწყო. გაიმართა გასართობი და შემეცნებითი გაკვეთილები, ფლეშმობები, საქველმოქმედო აქციები. ბავშვებმა შეიძინეს წიგნები და საჩუქრად გადასცეს ასოციაციას “SOS ბავშვთა სოფელი საქართველო.“
მოსწავლეების ნაწილმა გადაწყვიტა, საკუთარი შესაძლებლობები საკლასო ოთახის გარეთ მოესინჯა – ბავშვებმა მოირგეს აკადემიური დირექტორის, კოორდინატორების, ფსიქოლოგის, ექიმის, PR მენეჯერის, დამლაგებლისა თუ დაცვის თანამშრომლების როლები. დღის ბოლოს, გამოკითხვის შემდეგ, მოსწავლეებმა განაცხადეს, რომ სკოლის თანამშრომლებს საკმაოდ რთული მოვალეობა და სერიოზული პასუხისმგებლობა აკისრიათ.
ნუცა კუბლაშვილი, მე-10 “ა“ კლასი, IB პროგრამა:
“დღეს ვარ MYP-ის SA კოორდინატორი. მეგონა, მსუბუქი დღე მექნებოდა, მაგრამ ყოველ წამს საქმე მიჩნდება. გამუდმებით უნდა ვადევნო თვალყური ელექტრონულ ფოსტას. ვიმედოვნებ, რომ დღევანდელ დღეს კარგად დავასრულებ.“
ნიკოლოზ სამუშია, მე-12 კლასი, ქართული პროგრამა:
“მე ვარ დაცვის უფროსი. ყველაფერი კარგად მიდის, მშვიდობაა სკოლაში. დაცვის თანამშრომლებიც კარგად ართმევენ თავს თავიანთ სამუშაოს.“
გიორგი მაჭარაშვილი, მე-12 კლასი, ქართული პროგრამა:
“დღეს ვარ ევროპული სკოლის აკადემიური დირექტორი. ვამოწმებთ სართულებს, ვაკონტროლებ ყველაფერს, რათა ინფორმირებული ვიყო. ვითარება სტაბილურია და ვიმედოვნებ, რომ დღე მშვიდობიანად დასრულდება.“
თამარ მანჯავიძე, მე-8 კლასი, ამერიკული უმაღლესი სკოლა:
“მე ვარ ექიმი. ბევრი პაციენტი გვყავს.“
ლიზა ლორია, მე-10 კლასი, IB პროგრამა:
“მე ვარ MYP-ის კოორდინატორი. დაფიქსირდა რამდენიმე ბავშვის დაგვიანება, აღირიცხა ჟურნალში. შევადგინეთ გამოცდების ცხრილი, არ არის არეულობა და ვიმედოვნებ, რომ მთელი დღის მანძილზე ასეთი ვითარება იქნება.“
ანუკა ყაფლანიშვილი, მე-9 კლასი, IB პროგრამა:
“მე ვარ ფსიქოლოგი. პაციენტებს რამდენიმე სავარჯიშო გავაკეთებინე. მაგალითად, ერთ-ერთს ვურჩიე, თვალები დაეხუჭა და თავი რომელიმე ლამაზ და მშვიდ კუნძულზე წარმოედგინა, რომ გონება ფიქრებისგან დაეწმინდა. ვფიქრობ, კარგად ვასრულებ მოვალეობას.“
მარიამ კაკოიშვილი, მე-9 კლასი, IB პროგრამა:
“დღეს PR მენეჯერის თანამდებობა დავიკავე. ძალიან ბევრი ინფორმაცია და გამოცდილება მივიღე. ვისწავლე, როგორ დავწერო სტატია. ბავშვებს ჩამოვართვი ინტერვიუ, რომ მოგვიანებით, დღევანდელი დღესთან დაკავშირებით სტატია დავწერო.“
ანა ბზიკაძე, მე-10 “ა“ კლასი, IB პროგრამა:
“მე ვარ კონტროლიორი, ვაკონტროლებ MYP-ის სართულს. აღვნუსხავ, ესწრებიან თუ არა ბავშვები გაკვეთილებს, თვალყურს ვადევნებ საგაკვეთილო პროცესს. აღნიშნულ ინფორმაციას ვაწვდი აკადემიურ დირექტორს.“

Share on: