პატივცემულო კოლეგებო, მშობლებო, საყვარელო ბავშვებო!

ჩემო ძვირფასებო!

კიდევ ერთი წელი ემატება ჩვენი ურთიერთობის ისტორიას; ისტორიას, რომელიც სკოლის ცხოვრებისათვის არც თუ ისე ბევრია, მაგრამ საკმარისია ადამიანური ურთიერთობის გამოსაცდელად! მერვე წელიწადია ერთად მოვდივართ, ერთად ვაშენებთ, ერთად ვიმარჯვებთ და ერთად განვიცდით  წარუმატებლობის ტკივილსაც.

ყოველ ახალ სასწავლო წელს ახალი იმედები მოაქვს. გვინდა, რომ წლევანდელი წელი კიდევ უფრო უკეთესი იყოს წინაზე, წლევანდელი კურსდამთავრებულნი – უფრო წარმატებულნი, “ევროპული სკოლის’ მოსწავლეები ყველაზე მონდომებული და მოწესრიგებულნი, ჩვენი მასწავლებლები პროფესიონალურად გამორჩეულნი და მატერიალურად უზრუნველყოფილნი -ერთი სიტყვით, ყველაფერი საუკეთესო გვინდა! დამერწმუნეთ, ჩვენი საფიქრალი ნამდვილად არის თითოეული თქვენგანის – მოსწავლისა თუ პედაგოგის კეთილდღეობა. სწორედ ამიტომ “ევროპული სკოლის“ ადმინისტრცია ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ შესაბამისი პირობები შექმნას ამისთვის. თქვენ გელოდებათ გაზრდილი და გალამაზებული ახალი საწავლო კორპუსი, ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი ლაბორატორიები და კაბინეტები თანამედროვე ინტერიერით, საკონფერენციო დარბაზები და ბიბლიოთეკები.

წლევანდელ წელსაც თამამად ვამბობთ, რომ “ევროპულმა სკოლამ“ თავისი  სიტყვა თქვა:  ჩვენი კურსდამთავრებულები კვლავ ასახელებენ “ევროპულ სკოლას“ საქართველოშიც და ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. გვჯერა, ისინი ღირსეულად გააგრძელებენ გზას ცხოვრების ვრცელ ასპარეზზე!

სკოლაში წარმატებულად ხორციელდება 3 განსხვავებული საგანმანათლებლო პროგრამა -ეროვნული და საერთაშორისო. მიღწეულმა შედეგებმა გვაჩვენა, რომ სწორი გეზი გვაქვს აღებული. თქვენი თანადგომითა და ხელშეწყობით ევროპული სკოლა ამ გზას არასოდეს გადაუხვევს!

გილოცავთ ახალ სასწავლო წელს! გისურვებთ სიხარულს, ბედნიერებას პირად ცხოვრებაში, პროფესიულ წინსვლას და წარმატებას;  ჩვენს მოსწავლეებს კი -მონდომებას, სიბეჯითეს, გამძლეობას, ცოდნის შეძენის დაუოკებელ წყურვილს და გამარჯვებას!

თქვენი ნანა მოსიძე

Share on: