არა ძალადობას, ძალა უფლებას!
საზოგადოება, მშობელი და ბავშვთა მიმართ ძალადობა
ბავშვთა მიმართ ძალადობა შეიძლება მოხდეს ყველგან: დიდსა თუ პატარა ქვეყნებში, სოფლებსა და ქალაქებში, მდიდარ თუ ღარიბ ოჯახებში. ბავშვთა უფლებების დაცვა პირდაპირ კავშირშია ბავშვთა მიმართ ძალადობასთან და დიდი ყურადღება გვმართებს საზოგადოებას და განსაკუთრებით მშობლებს. მნიშვნელოვანია მშობელთა ინფორმირება, განათლების ხარისხის ამაღლება, როგორც ბავშვთა უფლებების შესახებ, აგრეთვე ძალადობის მიმართ.
მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ ბავშვის აღზრდის ძალადობრივი მეთოდები გამოუსწორებელ უარყოფით კვალს ტოვებს ბავშვზე და მოქმედებს მის შემდგომ განვითარებაზე. ყველა მშობლისთვის საოცნებო წარმატებული, ხალისიანი, ჯანმრთელი ბავშვების ნაცვლად ძალადობის შედეგად ყალიბდებიან ახალგაზრდები, რომლებსაც უჭირთ ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავება და წარმატებასაც ძნელად აღწევენ. მასწავლებლების, აღმზრდელების, ფსიქოლოგების, პოლიციელებისა თუ სოციალური მუშაკების მოვალეობაა დროულად ამოიცნონ ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევები და იმოქმედონ კანონით გათვალისწინებული წესების შესაბამისად, რათა დაიცვან ბავშვის ინტერესები, მათი უფლებები. მხოლოდ სწორი მეთოდებით აღზრდა მისცემს ბავშვს საშუალებას, სრულიად გამოავლინოს თავისი პოტენციალი და გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.
საზოგადოება უმეტესწილად მიიჩნევს, რომ ბავშვის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობა ოჯახის შიდა საქმეა და ამ საქმეში ჩარევის წინააღმდეგია. იმ შემთხვევებში კი, როცა მოქალაქე ჩარევას გადაწყვეტს, მან ხშირად არც კი იცის, ვის მიმართოს. განვითარებულ ქვეყნებში მიიჩნევენ, რომ ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში საზოგადოების გულგრილობა დანაშაულის ტოლფასია. დუმილი, ეს მე არ მეხება, მისი შვილია და თვითონ მიხედოს მიუღებელია განვითარებული ადამიანებისთვის.
ძალიან მნიშვნელოვანია ძალადობის მიმართ რიგითი მოქალაქეების დამოკიდებულება. ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა არ შეაქციონ ზურგი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს სამეზობლოში, სანათესაოსა თუ ქუჩაში. ბავშვებს უჭირთ საკუთარი უფლებების დაცვა და მათ სჭირდებათ გვერდში მდგომი, პასუხისმგებლობით განმსჭვალული ზრდასრული პიროვნება, რომელიც თავს მოვალედ ჩათვლის, დაიცვას ბავშვის უფლებები. იმისთვის, რომ ამაღლდეს ცნობადობა ამ საკითხების მიმართ აუცილებელია გაძლიერდეს სახელმწიფოსა და საზოგადეობის კომუნიკაცია.
ოჯახში ბავშვების აღზრდის პოზიტიური მეთოდების ნაკლებობა მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც უნდა მოგვარდეს მშობელთა შორის ცოდნის გავრცელების, გათვითცნობიერების გაზრდის და უნარ–ჩვევების განვითარების გზით.
განათლება მნიშვნელოვან როლს თამაშობს. რაც უფრო მაღალია პიროვნების განათლების დონე, მით უფრო ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ მან ბავშვთა მიმართ ძალადობა დასაშვებად მიიჩნიოს.
უაღრესად მნიშვნელოვანია სკოლის როლი მოზარდების განვითარებაში, ყველა სკოლის სასწავლო გეგმა უნდა ითვალისწინებდეს ძალადობის წინააღმდეგ კამპანიებს, რათა ადრეული ასაკიდან გააცნობიერონ ახალგაზრდებმა ძალადობის არსი და შედეგები.
“ევროპულ სკოლაში“ არსებობს მოსწავლეთა კეთილდღეობის სამსახური, რომელის მიზანია მოსწავლეთა უფლებების დაცვა, მათ ფიზიკურ და ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე ზრუნვა, რათა ახალგაზრდებმა შეძლონ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენა. სკოლის ბავშვთა უფლებების დაცვის ოფიცერი, ფსიქოლოგთა გუნდთან ერთად უზრუნველყოფს: სკოლის საზოგადოების, მშობლების, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას ბავშვთა მიმართ ძალადობის თავიდან აცილებისა და პრევენციის მიზნით.
როგორც მშობელი მივესალმები ამგვარი ძალისხმევა მიმართული იყოს სხვა კერძო თუ საშუალო სკოლებში. რაც სამომავლოდ მნიშვნელოვნად შეამცირებს ქვეყანაში ძალადობის დონეს. აგრეთვე სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთობლივი აქტიურობა საკითხის მიმართ დადებით შედეგებს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და ხელს შეუწყობს მის სამომავლო განვითარებას.